სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელთაც კრემლი უმაგრებს ზურგს და რომლებიც ზოგიერთ რეგიონს აკონტროლებენ, გამოაცხადეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების, სეპარატისტული "რესპუბლიკების" მოსახლეობის რუსეთში მოულოდნელი ევაკუაციის შესახებ.
ამის ფონზე დასავლეთი აცხადებს, რომ მოსკოვი საბაბს ეძებს თავის მეზობელ სახელმწიფოში შესაჭრელად.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 18 თებერვალს დაავალა საგანგებო საქმეთა სამინისტროს როსტოვში, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ქალაქში, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს - საცხოვრებლები მოეწყოთ ევაკუირებულთათვის.
ეს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა უკანასკნელ დღეებში სროლის გახშირების ფონზე აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები უკვე რვა წელია ებრძვიან სამთავრობო ძალებს. სროლის გახშირება ემთხვევა რუსეთის სამხედრო ძალების მოზღვავებას უკრაინის საზღვართან და მოსკოვის აგრესიულ რიტორიკას, რაც შეშფოთებას იწვევს ომის შესაძლო დაწყების შესახებ.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელმაც გასულ დღეებში გაფრთხილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობა "ძალიან მაღალია", სიტყვით მიმართავს ერს 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით 4 საათზე. (ღამის 1 საათი თბილისში).
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა განაცხადა იმის შესახებ, რომ თავის ძალებს უკან აბრუნებს გარნიზონში, ჩვენ ჯერ ამას ვერ ვხედავთ", - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, ვარშავაში, ნატოს ქვეყანაში ვიზიტისას, 18 თებერვალს.
ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, 18 თებერვალს მოსკოვში ჩავიდა პუტინთან მოსალაპარაკებლად იმის შესახებ, თუ რა მოხდება მანევრების შემდეგ, როცა დაახლოებითი შეფასებით, 30 000 რუსი სამხედრო ერთობლივ წვრთნებს ატარებს ბელარუსში. წვრთნის დასრულება 20 თებერვლისთვის არის დაგეგმილი.
მაიკლ კარპენტერმა, აშშ-ის ელჩმა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OSCE), ვენაში შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ჩვენი შეფასებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, თავი მოუყარა 169 000-დან 190 000-მდე სამხედროს უკრაინაში და უკრაინასთან ახლოს, მაშინ, როცა 30 იანვრისთვის მათი რიცხვი დაახლოებით 100 000-ს უდრიდა. კარპენტერმა სამხედროების განთავსებას უწოდა "ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მობილიზაცია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ".