უკრაინის სეპარატისტული „დონეცკის რესპუბლიკის“ მმართველმა გამოაცხადა, რომ იწყება რეგიონის მოსახლეობის  მასობრივი ევაკუაცია რუსეთში

ქუჩა დონეცკში. 2022 წლის 7 თებერვალი.

www.rbc.ru იტყობინება, რომ უკრაინის აღმოსავლეთის სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მმართველის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი სულ მალე გასცემს სამხედრო ბრძანებას დონბასზე იერიშის შესახებ, ამიტომ იწყება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და რუსეთში ჩასულებს განათავსებენ როსტოვის ოლქში. ცნობის თანახმად, პუშილინის სიტყვებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები „საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან და მზად არიან დონბასის ძალით ასაღებად“.

„დონეცკის ახალი ამბების სააგენტო“-ზე დაყრდნობით https://www.rbc.ru იტყობინება, რომ „რესპუბლიკის“ ხელისუფლება ახორციელებს მოსახლეობის მასობრივ, ცენტრალიზებულ გაყვანას რუსეთში", რის თაობაზეც განცხადება გააკეთა სეპარატისტული "რესპუბლიკის" მეთაურმა.

კერძოდ, პუშილინის თქმით, „პირველ რიგში მოხდება ბავშვების, ქალების დ ასაკოვანი ხალხის გაყვანა“. მან ხაზი გაუსვა, რომ ევაკუირებულები უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭიროებით და ხალხს მიმართა, რომ დროული გამგზავრება მათ და მათ ახლობლებს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუნარჩუნებს. ტერიტორიული დაცვის შტაბებს დაევალათ მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა. რეგიონის მოსახლეობა 2020 წლისთვის 2,2 მილიონს უდრიდა.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარის მოზღვავების ფონზე დასავლეთში შიშობენ, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას ამზადებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის ძალები ემზადებიან უკრაინაზე თავდასხმისთვის „უახლოეს დღეებში“, შეჭრის წინ კი მოხდება ყალბი თუ ნამდვილი თავდასხმები და დაიწყება დეზინფორმაციის კამპანია, რომელმაც უნდა გაამართლოს შეჭრა.