საჯარო უწყებების მუდმივი რეორგანიზაციებისა თუ სხვა მიზეზების გამო ადამიანები საქართველოში ხშირად კარგავენ სამსახურს. მათი მხოლოდ მცირე ნაწილი თუ მიდის საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში. როგორ შეიძლება ვიდავოთ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში?
რადიო თავისუფლებამ ამ საკითხში გარკვევა სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტს ლადო ქუთათელაძეს სთხოვა.
- რა მიზეზით შეიძლება გაგათავისუფლონ სამსახურიდან?
- რას ნიშნავს დისციპლინური გადაცდომა?
- დისციპლინური გადაცდომა განაჩენია?
- როგორ დგინდება, რომ ადამიანმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა?
- სამსახურის ლიკვიდაცია გათავისუფლებისთვის საკმარისი მიზეზია?
- ძირითადად რის გამო უშვებენ სამსახურიდან?
- თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ გაათავისუფლეს, მაშინ?
- როგორ უნდა მიხვდე, მზად ხარ თუ არა სასამართლოში წასასვლელად?
- ახობაძის საქმე
- რა როლს თამაშობენ ასეთი დავებისას მოწმეები?
- რა შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა სასამართლოს მეშვეობით?
- რას ნიშნავს სამსახურში აღდგენა?
- შესაძლოა თუ არა მოლაპარაკება?
- რით განსხვავდება სიტუაცია კერძო სექტორში?
- კომპენსაცია როგორ იანგარიშება?
- დაახლოებით რა ვადაში შეიძლება გადაწყდეს საკითხი?
- რამდენად ადვილია შრომითი დავების მოგება?
- რამდენად ადვილია შრომითი დავების მოგება?
რა მიზეზით შეიძლება გაგათავისუფლონ სამსახურიდან?
რა თქმა უნდა, ადამიანი სამსახურიდან მაშინაც შეიძლება გაათავისუფლონ, თუ ის სამუშაოს ქრონიკული ავადმყოფობის გამო ვერ ასრულებს, ან პასუხისგებაშია მიცემული, მაგრამ ძირითადად სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
რას ნიშნავს დისციპლინური გადაცდომა?
როგორც წესი, აქ იგულისხმება შემთხვევები, როდესაც თანამშრომელი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს ან არღვევს ეთიკურ ნორმებს მუშაობის პერიოდში, მაგალითად, მუდმივად შეურაცხყოფს სხვა თანამშრომელს ან მოქალაქეს, განსაკუთრებით, თუ საუბარია ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.
დისციპლინური გადაცდომა განაჩენია?
მძიმე დარღვევის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება პირდაპირ გაათავისუფლონ, ნაკლებად მძიმე დარღვევის შემთხვევაში კი, ერთზე მეტი დისციპლინური დარღვევაა „საჭირო“.
როგორ დგინდება, რომ ადამიანმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა?
ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, ამიტომ ერთ შაბლონს მათთან მიმართებაში ვერ გამოიყენებ. ყველა საჯარო სამსახურს აქვს შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც ამ საკითხს გამოიკვლევს და გადაწყვეტილებასაც გამოიტანს.
სამსახურის ლიკვიდაცია გათავისუფლებისთვის საკმარისი მიზეზია?
არა, სამსახურის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაშიც ადამიანი მხოლოდ მაშინ უნდა გაათავისუფლონ, თუ მისი სხვა სტრუქტურაში გადაყვანა შეუძლებელია.
ძირითადად რის გამო უშვებენ სამსახურიდან?
იურისტი ლადო ქუთათელაძე ამბობს, რომ საქართველოში ყველა სახის დისკრიმინაციის მაგალითი შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ ბოლო პერიოდში სამსახურიდან უფრო მეტად პოლიტიკური შეხედულებების გამო ათავისუფლებენ.
თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ გაათავისუფლეს, მაშინ?
მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს. საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც უფასო ადვოკატირებას სთავაზობს მათ, ვისი უფლებებიც სახელმწიფომ დაარღვია.
როგორ უნდა მიხვდე, მზად ხარ თუ არა სასამართლოში წასასვლელად?
ეს ჯობს იურისტმა გადაწყვიტოს. ადამიანმა, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, იურისტს უნდა მიაწოდოს გათავისუფლების ბრძანება, დოკუმენტები დისციპლინური წარმოების შესახებ, ასევე ადმინისტრაციული კუთხით ამ საქმეზე შედგენილი ყველა საბუთი. იურისტი შეაფასებს, რამდენად აქვს დაზარალებულს შანსი, საქმე მოიგოს.
ახობაძის საქმე
თამაზ ახობაძე, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან გაათავისუფლეს სასამართლოს 2014 წელს მიმართა, 5 წლის შემდეგ ის ისევ აღადგინეს სამინისტროში, თუმცა მან დანაშაულის პრევენციის ცენტრი დატოვა. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ თამაზ ახობაძე ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროსთან დავის პირველივე დღიდან მისი მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა იმისთვის, რომ მომავალში საჯარო სამსახურებში ვერავინ შელახოს თანამშრომლის, საჯარო მოხელის ღირსება.
Your browser doesn’t support HTML5
რა როლს თამაშობენ ასეთი დავებისას მოწმეები?
საკმაოდ დიდს, მათ შეუძლიათ დაამტკიცონ ანუ უარყონ მომხდარი.
რა შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა სასამართლოს მეშვეობით?
ეს თავად მომჩივრის გადასაწყვეტია. თუ საჯარო სამსახურში მუშაობდა, მას შეუძლია მოითხოვოს სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. განაცდურში იმ პერიოდში დაკარგული თანხა იგულისხმება, როდესაც გათავისუფლების გამო ადამიანი ვერ მუშაობდა და, შესაბამისად, ხელფასსაც ვერ იღებდა.
რას ნიშნავს სამსახურში აღდგენა?
სამსახურში ადამიანი უნდა აღადგინონ იმავე ან მის ტოლფას თანამდებობაზე.
შესაძლოა თუ არა მოლაპარაკება?
მხარეებს შორის მოლაპარაკება ნებისმიერ დროს შეიძლება.
რით განსხვავდება სიტუაცია კერძო სექტორში?
კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის ხშირად პრობლემა ხდება მოკლევადიანი ხელშეკრულებები. ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა დაიდოს, მაგალითად, სეზონური სამუშაოებისთვის, მაგრამ:
„მიუხედავად ამისა, ხშირად ერთწლიან ხელშეკრულებას უდებენ და მერე ათავისუფლებენ ადამიანს, რომელიც 5-6 წელი მუშაობდა ამ სამსახურში“, - ამბობს ლადო ქუთათელაძე.
კომპენსაცია როგორ იანგარიშება?
სამოქალაქო კანონმდებლობა არეგულირებს როგორც კერძო სექტორში, ასევე არასამთავრობო სექტორსა და სიპ-ებში დასაქმებული პირების უფლება-მოვალეობებს. დაზარალებულმა შესაძლოა მოითხოვოს სამსახურში აღდგენა, მაგრამ შესაძლოა უარი თქვას აღდგენაზე და კომპენსაცია არჩიოს. კომპენსაციის გამოთვლის შაბლონი არ არსებობს. როგორც წესი, აქ იგულისხმება განაცდური და პლუს თანხა პიროვნების ასაკისა და პროფესიის გათვალისწინებით, რადგან თუ ადამიანი უკვე ასაკოვანია, მას შეიძლება ახალი სამსახურის შოვნა გაუჭირდეს. ასევე მოსამართლე ითვალისწინებს, რამდენად მოთხოვნადია ამ ადამიანის პროფესია შრომის ბაზარზე.
კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანის სამსახურში აღდგენა ვეღარ ხერხდება, თუნდაც იმ მიზეზით, რომ სამსახური უკვე გაუქმდა.
დაახლოებით რა ვადაში შეიძლება გადაწყდეს საკითხი?
შეიძლება მალევე და შეიძლება წლებიც გაიწელოს, ეს დამოკიდებულია, გაასაჩივრებს თუ არა მეორე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ერთი საქმე 2 წელი გაიწელა, მომჩივრის საშუალო ხელფასი დაახლოებით 1000 ლარი იყო და, საბოლოოდ, როდესაც საქმე მოვიგეთ, განაცდურის თანხა 20 ათასამდე ლარი გადაიხადეს“, - ამბობს ლადო ქუთათელაძე.
რამდენად ადვილია შრომითი დავების მოგება?
შრომითი დავები ერთ-ერთ ყველაზე ადვილად მოსაგებ დავებად მიიჩნევა, რადგან დღევანდელი მიდგომით, დამსაქმებელმა დასაქმებული მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გაათავისუფლოს.
რა მაგალითები გვაქვს შრომით დავებთან დაკავშირებით?
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი გვიყვება ორი შემთხვევის შესახებ, როდესაც საჯარო უწყებიდან უსამართლოდ დათხოვნილმა პირებმა სასამართლოს მიმართეს და საქმე მოიგეს.
შემთხვევა N1 - მუშაობა უფროსის საყვარლის მაგივრად
საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანი მიიჩნევდა, რომ უფროსთან დაპირისპირების მსხვერპლი გახდა. მას აიძულებდნენ ემუშავა შესვენებაზე, არ აძლევდნენ სასადილოდ გასვლის საშუალებას. აიძულებდნენ შეესრულებინა ის სამუშაო, რომელიც არ ევალებოდა, მათ შორის ის საქმეებიც, რომელიც უფროსის ფავორიტი თანამშრომლისა და საყვარლის მოვალეობაში შედიოდა. როდესაც ამ თანამშრომელმა პროტესტი გამოთქვა, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სასამართლოში დავა სამი წელი გრძელდებოდა. საბოლოოდ, მომჩივარი სამსახურში აღადგინეს. გადაუხადეს განაცდურიც, რომელმაც ამ პერიოდის განმავლობაში 40 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
შემთხვევა N2 - ნეპოტიზმის წინააღმდეგ
საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც ამ სტრუქტურაში გამეფებულ ნეპოტიზმსა და კორუფციას აპროტესტებდა. საქმე სასამართლოში 5 წლის განმავლობაში განიხილებოდა. სასამართლომ დავა მომჩივრის სასარგებლოდ გადაწყვიტა. გარდა სამსახურში აღდგენისა, სასამართლომ სახელმწიფო სტრუქტურას დაზარალებულის სასარგებლოდ 60 ათასამდე ლარის გადახდა დააკისრა.