ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტმა გამოძიება დაიწყო, ოკუპაციის ხაზთან, სოფელ ორჭოსანთან განთავსებული ე.წ. სასაზღვრო ბანერის შეღებვის გამო.
დე ფაქტო რესპუბლიკის „კაგებე" საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს რევანშისტული განწყობების ზრდასა და უკრაინის მხარდაჭერაში დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაში. „კაგებეს“ ცნობით, ამ ფაქტმა შესაძლოა ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვიოს.
„14 თებერვალს, ლენინგორის რაიონის სოფელ ორჭოსნის მიმდებარედ, საქართველოს უცნობმა მოქალაქეებმა დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი და ვანდალიზმი ჩაიდინეს სამხრეთ ოსეთის კაგებეს სასაზღვრო სამსახურის ინფრასტრუქტურის მიმართ. საღებავით მოხატეს საზღვრის აღმნიშვნელი საინფორმაციო აბრა. აღნიშნულ ფაქტზე რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეს საკითხი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე“, - წერია „კაგებეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ საოკუპაციო ბანერზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერის გამო დე ფაქტო „კაგებე"-მ გამოძიება დაიწყოდე ფაქტო უშიშროების კომიტეტი განმარტავს, რომ ეს ინციდენტი სისხლის სამართლის დანაშაულია და ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე შეღწევის ყველა შესაძლო მიმართულება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ძალების კონტროლისა და გავლენის ზონებშია.
14 თებერვალს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებულ ერთ-ერთ ე.წ. სასაზღვრო ბანერს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი ტექსტი „დიდება უკრაინას“ დააწერეს. ორგანიზაციის აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ეს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად გააკეთეს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სამხედრო აგრესიით ემუქრება. მაქარაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ „კაგებეს“ გამოძიება მისთვის არაფერს ნიშნავს და მსგავს აქტივობას მომავალშიც გააგრძელებს.
„მე საშიშს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ სეპარატისტების კაგებემ საქმე აღძრა. არაერთხელ გადამიღებავს ეს და სხვა ბანერები და ვფიქრობ, რომ რაც უფრო დაიძაბება სიტუაცია, უფრო მეტად გამაღიზიანებელი გახდება სეპარატისტებისთვის. მათ შეუძლიათ აღძრან საქმე. ჩვენ არც მათ კაგებეს ვცნობთ, არც მათ ხელისუფლებას, არც მათ სამართალდამცავებს და არც სასამართლოს. მე იმას უფრო ველოდები, რომ ქართული მხარე დაიწყებს პრევენციულ ღონისძიებებს, რომ აქეთა მხრიდან ჩვენ ვერ მოვახერხოთ გადასვლა. კიდევ ერთი სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით. ჩვენ თუ ასე დღისით-მზისით შეგვიძლია გადავიდეთ და გადმოვიდეთ, ესე იგი იქიდანაც უამრავ კრიმინალს უპრობლემოდ შეუძლია შემოსვლა. კაგებეს მიერ აღძრული საქმე კი აქტივისტისთვის არ არის საშიში და სამარცხვინო. პირიქით, ღირსების ამაღლება უფროა“.
ე.წ. სასაზღვრო ბანერის უკრაინის დროშის ფერებად შეღებვა სამაგალითო აღმოჩნდა სხვა სამოქალაქო აქტივისტისთვისაც. ლუდა სალია სოფელ ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელია, ის მუდმივად აპროტესტებს მცოცავ ოკუპაციას და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზთან მუდმივი საფრთხე ემუქრებათ. სალია აპირებს, მსგავსი აქცია ხურვალეთის მიმართულებითაც მოაწყოს.
„რაც იქ წერია - "დიდება უკრაინას", ყველგან უნდა მივაწერო. ეს თუ პროვოკაციად და კანონდარღვევად მიაჩნიათ, რომ მოქალაქეები უკრაინის სოლიდარობას გამოვხატავთ, მე პირადად დღეიდან ყველგან დავაწერ. ჩვენ სასაფლაოზე ვერ ავდივართ, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიცვალებული რომ იმარხება, პოლიცია იცავს და ისე ვმარხავთ. მე არ მეშინია რუსეთის“.
მარტის დასაწყისში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრაა დანიშნული, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები კი, ამავე სხდომაზე ე.წ. სასაზღვრო ბანერის ლურჯ-ყვითელ ფერებად გადაღებვას გააპროტესტებენ.