რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ხელმძღვანელობით 19 თებერვალს ბირთვული წვრთნები ჩატარდება.
წინასწარი მონაცემებით, წვრთნის დროს მოხდება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება. წვრთნებში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქი, ასევე ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტების გემები ჩაერთვებიან.
ბირთვული წვრთნის დაწყების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ნატოს ხელმძღვანელობა, რომელმაც, ბელარუსში მიმდინარე მასშტაბური წვრთნებისა და რუსეთის დიდი ძალების უკრაინის საზღვართან თავმოყრის ფონზე, ასეთ სამხედრო აქტიურობას ცივი ომის შემდეგ რუსეთის ძალების უდიდესი გაშლა უწოდა.
"ასე რომ, ჩვენ ვლაპარაკობთ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობების ფართო სპექტრზე, რასაც ემატება რუსეთის ბირთვული ძალების ყოველწლიური მეცადინეობა, რომელიც ამ თვეში გაიმართება“, - განაცხადა 3 თებერვალს ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ დიმიტარ კოვაჩევსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბირთვული წვრთნების ფარგლებში დაგეგმილია სამხედრო სარდლობის, საბრძოლო ეკიპაჟების მზადყოფნის და ასევე სტრატეგიული ბირთვული და არაბირთვული ძალების იარაღის საიმედოობის შემოწმება.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასს-ი იტყობინება, რომ მანევრების დროს ჩრდილოეთის ფლოტის სტრატეგიული რაკეტმზიდი წყალქვეშა ნავიდან გაუშვებენ საკონტინენტშორისო ბალისტიკურ რაკეტას კამჩატკაზე მდებარე, კურას პოლიგონის მიმართულებით. წყნარ ოკეანეში განთავსებული ატომური წყალქვეშა ნავი ანალოგიურ რაკეტას გაუშვებს ჩრდილოეთი რუსეთისკენ, ჩიჟას პოლიგონის მიმართულებით.
მანამდე გაზეთი Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოსკოვმა ბირთვული წვრთნები შემოდგომიდან თებერვლამდე გადადო. გამოცემის თანამოსაუბრეებმა ეს ნატოს გაფრთხილებად მიიჩნიეს და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სავარაუდო შეჭრას დაუკავშირეს.