უკრაინა ამ ეტაპზე ვერ ხედავს რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ნიშნებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი

უკრაინა ამ ეტაპზე ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ნიშნებს. ამის შესახებ 17 თებერვალს, ღამით, ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა.

მისი შეფასებით, რუსეთი ადრინდელივით ახორციელებს პროვოკაციას, რომელსაც 17 თებერვალს მასირებული და თავხედური სახე ჰქონდა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული რაიონებიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს სულ მცირე 47-ჯერ, მათგან 38 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღების გამოყენებით. ერთ-ერთი საარტილერიო ჭურვი მოხვდა კიევის მიერ კონტროლირებულ რაიონში მდებარე სტანიცა ლუგანსკას საბავშვო ბაღს. დაიჭრნენ ბაღის თანამშრომლები. თავის მხრივ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა სეპარატისტებმა ცეცხლის გახსნაში უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულეს.

ასევე ნახეთ კიევის კონტროლირებად ლუგანსკის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთის პროვოკაციების მიზანია უკრაინის მხრიდან გამოიწვიოს ძლიერი სამხედრო პასუხი, რათა შემდეგ კიევი დაადანაშაულოს. ამიტომ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განცხადებით, თავშეკავება უნდა გამოიჩინონ და პროვოკაციებს არ აჰყვნენ. ამასთან, ოლექსი დანილოვმა თქვა, რომ უკრაინის არმია მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის და მის შეიარაღებაში არსებული ამერიკული „სტინგერები“ და „ჯაველინები“ გაანელებს რუსების სურვილს, ფართომასშტაბიანი ომი გააჩაღონ.

ასევე ნახეთ ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე: „ჩემი ვარაუდით, ეს მომდევნო რამდენიმე დღეში მოხდება“

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობებს, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ, ყირიმიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე ბრუნდებიან სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები. მოსკოვის მტკიცებით, დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილებიც. უკრაინა, აშშ და ნატო დეესკალაციის ნიშნებს ვერ ხედავენ. პირიქით, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის მახლობლად განათავსა დამატებითი შეიარაღება და კიდევ 7 ათასამდე ჯარისკაცი. არსებული ინფორმაციით, ამჟამად უკრაინის საზღვრებთან 150 ათასზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება.

ასევე ნახეთ ბლინკენმა ჩამოთვალა, რა პროვოკაციებს შეიძლება მიმართოს რუსეთმა უკრაინაზე შეტევის დაწყების მიზნით

წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა, 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.