საოკუპაციო ბანერზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერის გამო დე ფაქტო „კაგებე"-მ გამოძიება დაიწყო

სამოქალაქო მოძრაობა „სორცხვილია"-ს აქტივისტებმა საოკუპაციო ბანერზე უკრაინის მხარდამჭერი ტექსტი დააწერეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ორჭოსანთან ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკრაინის დროშის ფერებში შეღებვას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

დე ფაქტო „კაგებე" საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს რევანშისტული განწყობების ზრდაში და უკრაინის მხარდაჭერაში დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაში. „კაგებე"-ს ცნობით, ამ ფაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება.

„14 თებერვალს, ლენინგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარედ, საქართველოს უცნობმა მოქალაქეებმა დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი და ვანდალიზმი ჩაიდინეს სამხრეთ ოსეთის კაგებეს სასაზღვრო სამსახურის ინფრასტრუქტურის მიმართ. საღებავით მოხატეს საზღვრის აღმნიშვნელი საინფორმაციო აბრა. აღნიშნულ ფაქტზე რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეს საკითხი განიხილება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე.“ - წერია „კაგებე"-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი განმარტავს, რომ ეს ინციდენტი სისხლის სამართლის დანაშაულია და ე.წ სახელმწიფო საზღვარზე შეღწევის ყველა შესაძლო მიმართულება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ძალების კონტროლისა და გავლენის ზონებშია.

14 თებერვალს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებული ერთ-ერთ ე.წ სასაზღვრო ბანერს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი ტექსტი დააწერეს. ორგანიზაციის აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ეს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად გააკეთეს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სამხედრო აგრესიით ემუქრება.

მსგავსი ბანერები საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მრავალ ადგილზეა დამონტაჟებული.