აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩამოთვალა რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციები, რომლებიც მოსკოვის მხრიდან შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც სამხედრო თავდასხმის დაწყების მიზეზი, კერძოდ, რუსეთში ტერაქტის ორგანიზება.
„რუსეთი შეჭრის საბაბის ხელოვნურად შექმნას გეგმავს. ეს შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი ძალადობის აქტი ან უკრაინის ხელისუფლების მიმართ რაიმე აღმაშფოთებელი შორსგამიზნული ბრალდება. ზუსტად არ ვიცით ამ პროვოკაციის ფორმა. ეს შეიძლება იყოს ხელოვნურად ორგანიზებული ტერაქტი ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით სადღაც რუსეთში ან მათ შეუძლიათ ადამიანების მასობრივი სამარხის აღმოჩენა, შესაძლოა ეს იყოს უპილოტო თვითმფრინავის დადგმული შეტევა მშვიდობიან მოსახლეობაზე ან თუნდაც ნამდვილი თავდასხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით. რუსეთი ამ პროვოკაციებს, ალბათ, (უკრაინის მიერ მოწყობილ - რედ) "ეთნიკურ წმენდას" ან "გენოციდს" დაარქმევს“, - განაცხადა გაეროში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენმა განაცხადა, რომ არც აშშ-ის დაზვერვას და არც ნატო-ს მოკავშირეების დაზვერვას არ გააჩნიათ იმის მტკიცებულება, რომ რუსეთს მართლაც გაჰყავს ჯარი უკრაინის საზღვრებიდან, არამედ პირიქით, დაფიქსირდა, რომ რუსები აძლიერებენ სამხედრო კონტინგენტს. მისი თქმით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან სხვადასხვა ადგილში, 17 თებერვლის მონაცემებით, 150 ათასზე მეტ ჯარისკაცი ჰყავს კონცენტრირებული.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გამოსვლამდე გაეროში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ, მისი ვარაუდით, რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში „უახლოეს რამდენიმე დღეში მოხდება“.