ევროპარლამენტმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს და უკრაინის ევროპული პერსპექტივის მიმართ

ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე 15-17 თებერვალს კენჭი უყარა ევროკავშირის ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CSDP) და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის (CFSP) შესახებ წლიურ ანგარიშებს.

ევროპარლამენტარებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების მიმართ.

დოკუმენტში ცვლილება შევიდა ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას ინიციატივით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანგარიშებში დაგმობილია რუსეთის არალეგიტიმური მოთხოვნა შეჩერდეს NATO-ს შემდგომი გაფართოება და შეიცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა „გავლენის სფეროების“ იდეის შესაბამისად. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ თითოეული დემოკრატიული ქვეყანა თავისუფალია ალიანსების არჩევაში - ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებებს, მათ შორის, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრებას და მოუწოდებს ევროკავშირს, ასევე მის წევრ ქვეყნებს, მათი მხრიდანაც გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინისთვის.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობას, მიიწვიოს უკრაინა და საქართველო ევროკავშირის მომავალ თავდაცვის სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, წინა ანგარიშებთან შედარებით, 2021 წლის დოკუმენტები საქართველოსთან მიმართებაში მხარდაჭერის მკაფიო და თამამ გზავნილებს/მოწოდებებს შეიცავს. მას საგულისხმოდ მიაჩნია, რომ ორივე დოკუმენტს მნიშვნელოვანი ახალი ელემენტები დაემატა, რომლებიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმების ქმედებების შეფასებასა და რუსეთის მისამართით ევროკავშირის მოწოდებებს.

ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს უკრაინისა და საქართველოს ნაწილის ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით.