რადიო თავისუფლებამ 2021-2022 წლებში ეროვნული მუზეუმის დირექტორატის სხდომების ოქმები მოიპოვა, სულ 6 დოკუმენტი. ამ ჩანაწერებში ჩანს დაძაბულობა, რომელიც ეროვნულ მუზეუმსა და კულტურის სამინისტროს შორის არსებობს და იკვეთება პრობლემები, რომლებზე შეთანხმებაც დირექტორატის წევრებს უჭირთ. მუზეუმის მართვაში პრობლემები გავლენას ახდენს იქ მომუშავე ადამიანებზე, დაგეგმილ პროექტებსა და დაცულ ფონდებზე.
2021 წლის 3 დეკემბერს კულტურის მინისტრმა ეროვნული მუზეუმი საბჭოთა კავშირს შეადარა და პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ „ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ არ გაამართლა“. მინისტრობის არასრული ერთი წლის განმავლობაში თეა წულუკიანმა ეროვნული მუზეუმის სისტემაში მყოფი 5 მუზეუმი და 1 გალერეა მათთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭების სახელით ახალ დირექტორებს დაუქვემდებარა, ეროვნული მუზეუმის სამართავად კი შექმნა დირექტორატი, სადაც უმრავლესობა მის მიერ დანიშნულ მუზეუმის დირექტორებს აქვთ.
ცვალებადია დირექტორატის დებულებაც, რომელიც სამუზეუმო სივრცის სულ უფრო მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს კულტურის სამინისტროს, ან ახალ წევრს ამატებს დირექტორატში. დებულებაში 2022 წლის თებერვალში შეტანილი ცვლილებების შემდეგ სამინისტროს შეუძლია აკონტროლოს ფონდებში მეცნიერების დაშვების პროცესი და ასევე სამეცნიერო გრანტები, რომლებსაც მუზეუმების თანამშრომლები სამეცნიერო კვლევებისთვის იღებენ. მუზეუმის ფრაგმენტაციის პროცესი სინამდვილეში არა ცალკეული მუზეუმის ავტონომიურობის ზრდას, არამედ ეროვნულ მუზეუმში შიდა კონფლიქტების გაღვივებას და მუზეუმის დასუსტებას ემსახურება, ფიქრობენ ხელოვნებათმცოდნეები.
ეროვნული მუზეუმის დირექტორატს 2 თვეში ერთხელ აქვს შეკრების ვალდებულება. დირექტორატი გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებს.
19 ივლისი, 2021 წელი. I სხდომა
ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი დავით ლორთქიფანიძეს კულტურის მინისტრის მიერ დამტკიცებული ევაკუაციის გეგმის შესრულებაში სთხოვს დახმარებას. მას სურს რომ ხელოვნების მუზეუმის შენობაში დაცული ფონდები ეროვნულმა მუზეუმმა თავის საცავში გადაიტანოს. დასაცლელია ხელოვნების მუზეუმის უკან მდებარე შენობა, რომელსაც ნიკა ახალბედაშვილი და მისი გუნდი ხელოვნების მუზეუმის დროებით გადასატანად განიხილავს და არემონტებს. ამ შენობის ზედა სამ სართულზე ეროვნული გალერეის კოლექციები ინახება.
ოქმიდან ირკვევა, რომ დავით ლორთქიფანიძე არ თანხმდება ფონდების წაღებაზე. მას არასწორად მიაჩნია კოლექციების გაყოფა, განთავსების საკითხები კი სამეცნიერო დისკუსიის თემაა და ევაკუაციის გეგმა, რომელიც ხელოვნების მუზეუმის დაცლისთვის არის შედგენილი, ახალი საცავების შექმნასაც უნდა ითვალისწინებდეს.
ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის პროცესზე საუბრისას ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნინო ჭიპაშვილი ინტერესდება, რატომ ინახება მისი მუზუემის ძვირფასი ლითონების ფონდის ექსპონატები დღემდე სიმონ ჯანაშიას მუზეუმის ყუთებში.
ამავე შეხვედრაზე განიხილება ხელოვნების მუზეუმში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებიც. ნიკა ახალბედაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, გაათვისუფლოს სოფიო გაგოშიძე, რომელსაც საზღვარგარეთ სწავლის გამო რამდენიმე წელია შეჩერებული აქვს შრომითი ხელშეკრულება, და ჩამოაქვეითოს ეკატერინე კიკნაძე, დარეჯან გოგაშვილი და მარინა გველესიანი. დავით ლორთქიფანიძე მას აფრთხილებს, შეაფასოს რისკები და გაითვალისწინოს, რომ ჩამოქვეითებულ თანამშრომლებს შეუძლიათ სასამართლოში ჩივილი.
პასუხად ნიკა ახალბედაშვილი განმარტავს, რომ „იგი მოქმედებს მაკონტროლებლის, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც მუზეუმთა ჯგუფის დირექტორს ავალდებულებდა ყველა თანამშრომლის გადანიშვნას“.
საბოლოოდ, ნიკა ახალბედაშვილმა ხელოვნების მუზეუმის რეორგანიზაციის პროცესში 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. მათმა ნაწილმა, მათ შორის ეკა კიკნაძემ, მართლაც იჩივლა სასამართლოში.
19 ივლისის სხდომის ოქმიდან ვიგებთ, რომ კულტურის სამინისტრო 320 000 ლარს აძლევს ხელოვნების მუზეუმს თანამედროვე ქართველი მხატვრების ნახატების შესაძენად, და თითქმის 26 000 ლარს - კომპიუტერული ტექნიკისთვის. ეროვნულმა გალერეამ მართლაც შეისყიდა თანამედროვე ხელოვანებისგან ათობით ახალი ნამუშევარი. პროცესი არ ყოფილა საჯარო, საზოგადოებისთვის არც გალერეას და არც სამინისტროს არ უთქვამს, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს შესასყიდი ნამუშევრები. ხელოვნების მუზეუმის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოალბომების მიხედვით, ახლად შეძენილი ნამუშევრების ავტორების სია გრძელია.
30 ნოემბერი, 2021 წელი. II სხდომა
დირექტორატის ამ სხდომას ესწრება სპორტის მუზეუმის ახლად დანიშნული დირექტორი, ნინო სალუქვაძე. ოლიმპიური ჩემპიონი მიზანში სროლაში, თეა წულუკიანმა სპორტის მუზეუმის დირექტორად 2021 წლის 29 სექტემბერს დანიშნა. მუზეუმს არ აქვს შენობა, მისი ფონდები, რომელიც ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული თასებისგან, მედლებისგან, სპორტული აფიშების, ფოტოებისა და ალბომებისგან შედგება, ეროვნული მუზეუმის ერთ ოთახში, ყუთებშია ჩაწყობილი.
სპორტის მუზეუმის დირექტორის და მისი 5 თანამშრომლის შრომით ანაზღაურებაზე წელიწადში 78 000 ლარი იხარჯება. მუზეუმის 2022 წლის ბიუჯეტში სხვა არანაირი ხარჯი და აქტივობა გათვალისწინებული არ არის, გარდა 6 თანამშრომლის ხელფასებისა. ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ოფისის ფუნქციონირების, დასუფთავების, კომუნალური გადასახადების თანხებსაც კი.
სპორტის მუზეუმი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. ის რამდენჯერმე გაუქმდა და ხელახლა შეიქმნა. რამდენიმე წლის განმავლობაში სპორტის სამინისტროს შენობაში იყო, ბოლოს კი, 2018 წლიდან, ეროვნული მუზეუმის ნაწილი გახდა.
სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ სპორტის მუზეუმის შინაგანაწესის დამტკიცება, მოწვეული სპეციალისტების დამატება და მათთვის ფართის გამოყოფაა. ნინო სალუქვაძე კოლეგებს უხსნის, რომ „ქართული სპორტის მუზეუმი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და ფაქტიურად, ნულიდან იწყებს ფუნქციონირებას“. მისი აზრით, მუზეუმს სჭირდება 10 შტატგარეშე თანამშრომელი და ახალი შენობა.
სალუქვაძე ამბობს, რომ სამინისტრომ სპორტის მუზეუმისთვის ორი შენობა შეარჩია - კალათბურთის სასახლე და ნახევარსარდაფი აღმაშენებლის გამზირზე, მაგრამ ვერც ერთი ეს შენობა ვერ აკმაყოფილებს მუზეუმის მოთხოვნებს.
ნიკა ახალბედაშვილი დირექტორატის წევრებს სთხოვს, ეროვნულმა მუზეუმმა „თავის თავზე აიღოს აღნიშნული საკითხის მოგვარება“. დავით ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ ფართის გამოყოფა აღემატება ეროვნული მუზეუმის ინფრასტრუქტურის სამსახურის შესაძლებლობებს. საბოლოოდ, 2022 წლის იანვრის ბოლოს სპორტის მუზეუმს 900 კვადრატული მეტრის ფართი დიღომში, ოლიმპიური აუზის ტერიტორიაზე სამინისტრომ მოუძებნა და გადასცა. რა დაუჯდება მისი რემონტი და იქ მუზეუმის მოწყობა სახელმწიფო ბიუჯეტს, ოქმებიდან არ ჩანს.
16 დეკემბერი, 2021 წელი. რიგგარეშე სხდომა
დირექტორატი ამ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტებს, პროექტებსა და საშტატო ნუსხებს განიხილავს. ამ სხდომაზე ეთნოგრაფიული მუზეუმის ახლად დანიშნული დირექტორი, ნინო ჭიპაშვილი აქტიურობს. მუზეუმის დირექტორობამდე ის პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა, იყო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი. ჭიპაშვილი კოლეგებს უზიარებს გადაწყვეტილებას, კადრების შემცირების ხარჯზე გაეზარდა დარჩენილი თანამშრომლების ხელფასი. მუზეუმებში დასაქმებულების უმეტესობის ხელფასი 1 000 ლარზე ნაკლებია.
შტატებსა და ხელფასებზე საუბრისას ნინო ჭიპაშვილი კითხულობს, „რატომ არის ეროვნულ მუზეუმში ერთგვარი პრაქტიკა, სანათესაო წრის დასაქმების“. მას „გულწრფელად აინტერესებდა აღნიშნულზე პასუხი…“
დავით ლორთქიფანიძე კოლეგას უხსნის, რომ არის შემთხვევები, როცა ოჯახის ყველა წევრი მეცნიერების გზას ირჩევს და შეიძლება ყველა მათგანის სამუშაო ადგილი მუზეუმი იყოს. საუბარია, სავარაუდოდ, „გაგოშიძეების ოჯახზე“, რომელიც მინისტრმა წულუკიანმა, როგორც ნეპოტიზმის მაგალითი, ისე განიხილა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში. ოჯახის ორი წევრი, სოფო გაგოშიძე ხელოვნების მუზეუმიდან და გიორგი გაგოშიძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, უკვე გაათავისუფლეს. მუზეუმში რჩება კონსულტანტის სტატუსით არქეოლოგი იულონ გაგოშიძე. მის მსგავსად, მინიმალური ხელფასით (თვეში 200 ლარი, ხელზე იღებენ 160 ლარს), ეროვნულ მუზეუმს 33 ღვაწლმოსილი მეცნიერი ჰყავს დასაქმებული და წელიწადში მათ ანაზღაურებაზე 20 ათას ლარამდე იხარჯება.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ნინო ჭიპაშვილმა დასძინა, რომ მას არ ჰქონდა ახალ საშტატო ნუსხაში დირექტორის მოადგილის შტატი გათვალისწინებული, მაშინ, როდესაც მართავდა 49 ჰა ტერიტორიას. იგი დაინტერესდა, კონკრეტულად რას საქმიანობდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დასაქმებული პირები. გარდა ამისა, ნინო ჭიპაშვილმა კითხვით მიმართა ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობას, მათაც ხომ არ ჰყავდათ ისეთი თანამშრომლები, რომლებიც სისტემატურად არ დადიოდნენ სამსახურში“.
„დავით ლორთქიფანიძემ ხაზი გაუსვა მოსაზრებას, რომლის მიხედვით რეორგანიზაცია უნდა განხორციელდეს მაშინ, როცა ამისთვის არის მზაობა. ასევე, მან დასძინა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შეფასების კრიტერიუმი ვერ იქნება 50 ჰა, რომელიც უკავია ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რადგან, მეორე მხრივ, არის მთელ საქართველოში გაბნეული მუზეუმები, რომლის შეფასებაც ხდება მეცნიერული მიღწევების საფუძველზე. ასევე, მან განმარტა, რომ საქართველოს მუზეუმში ადგილი არ ჰქონია ნეპოტიზმს, ხოლო სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე მეცნიერები ამუშავებენ მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის უძველესი ღვინის დაყენების, უძველესი მეტალურგიის განვითარების და აღნიშნული თემების მნიშვნელობა არ განისაზღვრება 9:00-დან 18:00 საათამდე სამსახურში სიარულით და ის სხვანაირად ფასდება. ამასთან, დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქმნის ღირებულ ლიტერატურას, სამეცნიერო პროდუქტს, დროის მოკლე მონაკვეთში მან გახსნა ევროპული დონის 2 მუზეუმი, ბოლნისსა და ვანში, რომლებიც წარდგენილნი არიან ევროპის საუკეთესო მუზეუმების ჯილდოზე. მისი აზრით, ეროვნული მუზეუმის ამოცანა იყო, მაქსიმალურად შეენარჩუნებინა ის მეცნიერები, რომლებიც მონაწილეობდნენ სამეცნიერო კვლევებში, ხოლო რაც შეეხება მოადგილეებს, ისინი არიან ძალიან კომპეტენტური პირები თავისი მიმართულებით“.
ამ სხდომაზე დირექტორატი შეთანხმდა, რომელ მუზეუმში რამდენი შტატიანი თანამშრომელი ეყოლებოდათ 2022 წელს. განხილვის თემა იყო ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესიც.
„ნიკა ახალბედაშვილმა დირექტორატის წევრებს გააცნო თავისი მოსაზრება მინისტრისა და გენერალური დირექტორის მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული საკითხების თაობაზე. მისი აზრით, ერთ-ერთი ნაწილი, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა სათანადოდ ვერ წარმოაჩინა თავი, ეხებოდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს. მისი აზრით, დირექტორს უნდა ჰქონოდა გარკვეული ხედვა, ასევე, კარგი ნაბიჯი და პოზიცია იქნებოდა, რათა გარკვეული თანხა, რომელსაც დაერქმეოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების წილობრივი მონაწილეობა, მიმართულიყო ხელოვნების მუზეუმის აღდგენის საქმეში“.
„დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ იგი მომხრეა, დირექტორატის სხდომაზე მოხდეს განხილვა, თუ რა იყო აქამდე და ეხლა რა კეთდება განსხვავებული. მისი აზრით, ბევრი რამ გაკეთდა და მისი დუბლირება არ არის საჭირო. ასევე, მან აღნიშნა, რომ ყველას სურვილია, ხელოვნების მუზეუმი იყოს უმაღლესი დონის. დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ის პროექტი, რომელიც თავის დროზე მომზადდა ევროკავშირის დახმარებით, არ არის გვერდზე გასაწევი. ამასთან, მისი აზრით, თუკი რაიმე ინფორმაცია არის გამოსადეგი, უნდა მოხდეს მისი გამოყენება“.
ნიკა ახალბედაშვილმა განაცხადა, რომ უარს არ ამბობდა და ასევე შეგნებულად არ პასუხობდა იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერზე აცხადებენ, - „ეს ხომ უკვე გაკეთებულია“.
ასევე ნახეთ რაც მუზეუმში ხდება, მუზეუმში რჩებახელოვნების მუზეუმზე მსჯელობა მომდევნო სხდომებზეც გრძელდება. ამ მსჯელობებში ძირითადად მოთხოვნებს ნიკა ახალბედაშვილი აყენებს და მას არავინ სთხოვს გააცნოს კოლეგებს, რა გაკეთდა უკვე ხელოვნების მუზეუმისთვის, რა ეტაპზეა დროებითი სივრცის სარემონტო სამუშაოები ან როგორ მიმდინარეობს მინისტრის მიერ დამტკიცებული ევაკუაციის გეგმა.
22 დეკემბერი, 2021 წელი. ონლაინ რიგგარეშე სხდომა.
განსახილველი თემები ამ სხდომაზეც 2022 წლის ბიუჯეტები და პროექტებია. ნიკა ახალბედაშვილი დავით ლორთქიფანიძეს კვლავ სთხოვს თანხების „გამოთავისუფლებას“ სიმონ ჯანაშიას მუზეუმის ბიუჯეტიდან ხელოვნების მუზეუმის შენობის „აღდგენისა და მისთვის იმ სახელის და დიდების დასაბრუნებლად, რომელსაც იმსახურებს“. ამჯერად ნიკა ახალბედაშვილი კონკრეტულ თანხას ასახელებს: მისი თქმით, ხელოვნების მუზეუმის აღდგენაში მონაწილეობისთვის საჭიროა 430 000 ლარი. თანხას ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ითხოვს ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორიც.
„ნიკა ახალბედაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლებელი იქნებოდა პატარა თანხის დატოვება, რათა სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი არ მისულიყო კოლაფსამდე. ასევე, მისი აზრით, თუკი არსებობდა შეთანხმება დირექტორატის წევრებს შორის ხელოვნების მუზეუმის პრიორიტეტულობის თაობაზე, მაშინ უნდა გამონახულიყო გარკვეული თანხა ხელოვნების მუზეუმისთვის გადასაცემად“.
„ნინო ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ისევე როგორც ხელოვნების მუზეუმში, იყო აქტუალური საკითხები, რომელთა მოგვარება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა და ვერ მოხდებოდა მათი გადადება ბოლო კვარტლებისთვის“.
„დავით ლორთქიფანიძემ მიმართა ნიკა ახალბედაშვილს, თუ როგორ წარმოედგინა და რა მიმართულებით სჭირდებოდა თანხა ყველაზე მეტად ხელოვნების მუზეუმს - ტრანსპორტირებითვის, რაიმე შიდა მოქმედებისთვის და სხვა. აგრეთვე, აღნიშნა, რომ იქნებ გამოძებნილიყო რაიმე გზა. მისი აზრით, ერთი იყო ევაკუაციის თემა, რომ მომხდარიყო შენობის მომზადება და მეორე ნაწილი, პროექტირება, რომელთაგან ორივე სერიოზულ თანხებს საჭიროებდა.
ნიკა ახალბედაშვილის განმარტებით, რამდენიმე მიმართულება არსებობდა: შენობა ფაქტიურად იყო აღსადგენი და იქ ისეთი კოლოსალური სამუშაოები იყო გასაწევი, რომლებიც მოითხოვდა კომპლექტურ მიდგომას. მის მიზანს და მოტივაციას წარმოადგენდა ამ პროცესში ეროვნული მუზეუმის მხრიდან მცირე წილობრივი კონტრიბუციის განხორციელება ხელოვნების მუზეუმის აღდგენის მიმართულებით, თუნდაც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების კუთხით.
დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უცნობი იყო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მასშტაბი. მისი აზრით, უნდა გაკეთებულიყო ხარჯთაღრიცხვა, გამოცხადებულიყო ტენდერი და კონკრეტულ კომპანიას განეხორციელებინა სამუშაოები. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სივრცეების მომზადება არც ისე პატარა კონტრიბუციას წარმოადგენდა და საუბარი იმაზე, რომ ეროვნული მუზეუმი არ იღებდა მონაწილეობას ხელოვნების მუზეუმის აღდგენაში, მისი აზრით, მთლად ზუსტი არ იყო“.
2021 წლის 22 დეკემბრისთვის, როცა სხდომა ტარდება, ხელოვნების მუზეუმის ალტერნატიული ფართის მოსაწყობად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე დახარჯულია 2 მილიონ ლარზე მეტი. შესყიდვების ნაწილი ეროვნულმა მუზეუმმა გამოაცხადა, ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისთვის 2021 წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული შესყიდვები
შემსყიდველი |
შესყიდვის საგანი |
თანხის ოდენობა |
შესყიდვის თარიღი |
ეროვნული მუზეუმი |
1 058 700 ლარი |
18.11.2021 | |
ეროვნული მუზეუმი |
საოფისე ავეჯი 100 თანამშრომლისთვის, სტელაჟები და ინვენტარი ექსპონატებისთვის |
630 700 ლარი |
3.09.2021 |
ეროვნული მუზეუმი |
გუდიაშვილის ქ. 1-ში მდებარე შენობის, რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრის პირველი და მეორე სართულის პროექტირება და შემდეგი სამუშაოები |
57 000 ლარი |
14.09.2021 |
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო |
2 უცხოელი ექსპერტის 5-დღიანი ვიზიტი, ადგილობრივი სპეციალისტების გადამზადებისა და ხატების უსაფრთხო ევაკუაციის გეგმის შედგენა |
11 171 ევრო |
10.11.2021 |
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო |
100 000 ლარი |
10.11.2021 | |
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო |
პუშკინის 2/4-ში მდებარე ხელოვნების მუზეუმის შენობის კვლევითი და რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება |
170 000 ლარი |
29.04.2021 |
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო |
6 200 ევრო |
22.04.2021 |
ეროვნული მუზეუმის წლიური ბიუჯეტი 10 მილიონ ლარზე ნაკლებია. ამ თანხის ნახევარზე მეტი თანამშრომლების ხელფასებს ხმარდება. 2022 წლის ხელოვნების მუზეუმის ბიუჯეტში, რომელიც მცირედით აღემატება 2 მილიონ ლარს, ახალი ფართის მოწყობისთვის საჭირო თანხები გაწერილი არ არის.
18 იანვარი. 2022 წლის I სხდომა
ამ სხდომას, უკვე ნაცნობი პირების გარდა, ესწრება სვანეთის მუზეუმის ახლად დანიშნული დირექტორი, ზვიად კვიციანი. ის მესტიის მუზეუმის დირექტორის პოსტზე თეა წულუკიანმა 2021 წლის დეკემბრის ბოლოს დანიშნა. ზვიად კვიციანი არქეოლოგია, თსუ-ში ლექციებს კითხულობს.
„მას აქვს გეგმა, მესტიის მუზეუმი კვლავ გახდეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო სივრცე“, - თქვა თეა წულუკიანმა მესტიაში მისი წარდგენისას და დაამატა ისიც, რომ მესტიის მუზეუმს უახლოეს მომავალში ეგნატე გაბლიანის სახელი მიენიჭება.
ზვიად კვიციანი მისთვის პირველ სხდომაზე, დირექტორატის წევრებს უყვება, რომ სვანეთში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგალითად, არქეოლოგიის ფონდი ცალკეა გასაკეთებელი, დასაწყებია ინვენტარიზაცია/პასპორტიზაციის პროცესი, არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემები და საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, ვინაიდან ადგილობრივები სკოლას ისე ამთავრებენ, მუზეუმს ვერ ნახულობენ. ზვიად კვიციანი თვლის, რომ დამატებითი კადრები, ფინანსები და მანქანა სჭირდება, რომლითაც სოფლებში ივლის. ირაკლი ღვალაძე, დავით ლორთქიფანიძის მოადგილე, მას ეუბნება, რომ სვანეთის მუზეუმს ადგილზე ჰყავს ტრანსპორტი.
2022 წლის პირველ სხდომაზე განსახილველად მხოლოდ ერთი თემა იყო გამოტანილი: ბიუჯეტი, საშტატო განრიგები და ავტომობილების, ტელეფონებისა და საწვავის ლიმიტები.
7 თებერვალი, 2022 წელი. რიგგარეშე სხდომა
ამ სხდომაზე განხილული ერთ-ერთ საკითხი, ეროვნული მუზეუმის კვლევების შეჩერება ნიკა ახალბედაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, საზოგადოების განხილვის საგნად უკვე იქცა. საუბარია ეროვნულ მუზეუმში დაგეგმილ 13 კვლევაზე, რომლებმაც რუსთაველის ფონდის დაფინანსება მოიპოვა და რომელთა შეჩერებასაც ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ითხოვს არგუმენტით, რომ დასაფინანსებლად მეცნიერებმა „მის ზურგს უკან“ შეიტანეს პროექტები ღია კონკურსში.
ასევე ნახეთ "ეს არის დასჯა" - მეცნიერები კვლევის უფლების გარეშე რჩებიან7 თებერვლის სხდომაზე სულ 6 საკითხი განიხილებოდა.
ამ სხდომაზე ნიკა ახალბედაშვილმა ითხოვა, მანქანა და მძღოლი გამოეყოთ ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორისთვის, რომელიც სამსახურში სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც რჩებოდა, ანუ მაშინ, როდესაც ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებისთვის გამოყოფილი ავტობუსი ტოვებდა მუზეუმს. ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე, რომელიც კუს ტბის ფერდზეა შეფენილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ნინო ჭიპაშვილისთვის მანქანისა და მძღოლის გამოყოფის გადაწყვეტილება დირექტორატმა ერთსულოვნად მიიღო.
ამ დღესვე განიხილებოდა სვანეთის მუზეუმთან დაკავშირებული საკითხები.
„ზვიად კვიციანმა დირექტორატის წევრებს მიმართა და ითხოვა, რომ სასწრაფო და გადაუდებელი საკითხი იყო უშგულის კოშკების, მათ შორის უშგულის მუზეუმის კოშკის გადახურვა“.
სვანეთის მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძემ აუხსნა, რომ უშგულის კოშკები იყო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი და მათი გადახურვის საკითხიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრეროგატივას წარმოადგენდა. პასუხად, ზვიად კვიციანმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ეს ინფორმაცია და მიიღო ცნობად.
„ზვიად კვიციანმა განაცხადა, რომ …პირველ რიგში, მისახედია მწყობრიდან გამოსული კამერები, სიგნალიზაცია, კვების ბლოკები და გარე განათება. ასევე, მისი განცხადებით, სვანეთში არის 9 უბანი, სადაც ინახება სიწმინდეები და ძვირფასეულობა, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებათ დაცვა, რის არქონის შემთხვევაშიც, იქმნება სერიოზული საფრთხე“.
„ზვიად კვიციანის განცხადებით, დამთვალიერებელი შედის მუზეუმში ბილეთის ყიდვის გარეშე, ვინაიდან სალარო დგას არა შენობის შესასვლელში, არამედ მეორე სართულზე“.
„დავით ლორთქიფანიძემ განმარტა, რომ სალაროს მეორე სართულზე განთავსება მიზანმიმართულად მოხდა, რადგან დამთვალიერებელს შეძლებოდა უფასოდ ესარგებლა მესტიის მუზეუმის არასაგამოფენო, საერთო მოხმარების სივრცეებით, დაელია ყავა, ეყიდა წიგნი, ან ესარგებლა ინტერნეტით, მით უმეტეს მაშინ, როცა მესტიაში მუზეუმის გახსნისას დასახლებულ პუნქტში ინტერნეტის მიწოდების სიხშირე იყო დაბალი. თუმცა, თუ ახლა კონცეფციის შეცვალაზე იყო საუბარი, არ იქნებოდა წინააღმდეგი, სალარო შენობის შესასვლელში დადგმულიყო“.
ამ სხდომაზე გადაწყდა მესტიის მუზეუმის ბილეთის ფასის გაზრდის საკითხიც - 1 ლარის ნაცვლად ბილეთის ფასი 5 ლარი გახდა.
7 თებერვალს ნიკა ახალბედაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის საკითხს და დავით ლორთქიფანიძეს მოსთხოვა დროებით სარგებლობაში გადაეცა ხელოვნების მუზეუმისთვის ყოფილი ხალხთა მეგობრობის მუზეუმის შენობის კორპუსის ოთხი სართული, სადაც ახლა ზოოლოგიის გამოფენა და ზოოლოგიური ფონდებია განთავსებული. ამ მსჯელობიდან ირკვევა, რომ ნიკა ახალბედაშვილს იმედი აქვს, რომ დროებითი სივრცის ყველა სართულის გარემონტება წლის ბოლომდე დამთავრდება.
დავით ლორთქიფანიძე წინააღმდეგია, დაუთმოს ზოოლოგიური ფონდებისა და გამოფენის სივრცე ხელოვნების მუზეუმს და ითხოვს დეტალურ გაანგარიშებას, კონკრეტულად რა ფართი სჭირდება ნიკა ახალბედაშვილს კოლექციების გადასატანად და რატომ არ ჰყოფნის ამისთვის ე.წ. სასტუმროს შენობა. ნიკა ახალბედაშვილმა კენჭისყრაზე დააყენა საკითხი, რომ 1 მაისამდე დაცლილიყო ჯანაშიას მუზეუმში სივრცე ხელოვნების მუზეუმის ფონდებისთვის. დავით ლორთქიფანიძის გარდა, დირექტორატის ყველა წევრმა ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს 14 თებერვალს ეროვნულ მუზეუმში, ამ მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ და იმედს იტოვებენ, რომ დირექტორატის წევრებს დაარწმუნებენ მის სიმცდარეში.
რას მოუტანს ეროვნულ მუზეუმს დირექტორატი?
15 თებერვალს, ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს ვკითხეთ, კიდევ როდემდე შეძლებს თავისი პოზიციებისა და ეროვნული მუზეუმის ინტერესების დაცვას დირექტორატში, სადაც უმცირესობაშია.
„სადამდეც შესაძლებელია, შევეცდები, ლოგიკით და არგუმენტებით გავაგრძელო… შეიძლება, მოხდეს პოზიციების დაახლოება, შეიძლება - ვერ მოხდეს. უნდა შევეცადოთ“, - ასეთი იყო მისი პასუხი. მიუხედავად მზარდი დაძაბულობისა სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს შორის, ლორთქიფანიძე ერიდება მკვეთრ განცხადებებს, თუმცა თვლის, რომ „მუზეუმი არ იმსახურებს შეურაცხყოფებს“, რომელსაც ბოლო პერიოდში იღებს.
15 თებერვალს საზოგადოებამ ნახა ის კონფრონტაციული ურთიერთობა, რაც მუზეუმის დირექტორატში შეიქმნა. დავით ლორთქიფანიძის პრესკონფერენციაზე დასასწრებად ჟურნალისტებთან ერთად დირექტორატის ორი წევრი, ნიკა ახალბედაშვილი და ნინო ჭიპაშვილიც მივიდნენ „გამოშიგნულ მუზეუმსა“ და „დაკარგულ ნამუშევრებზე“ კითხვების დასასმელად. ნიკა ახალბედაშვილი დავით ლორთქიფანიძის ბრიფინგზე ამობეჭდილი სიით იჯდა ჟურნალისტების უკან. სია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ირანსა და თურქეთში, საქართველოს საელჩოებში გატანილ და უკანარდაბრუნებულ ნამუშევრებს აერთიანებდა. ნიკა ახალბედაშვილი ცდილობდა, ამ სიით დაერწმუნებინა ჟურნალისტები და საზოგადოებაც, რომ „მუზეუმი გამოშიგნულია“ და ამაში დამნაშავე დავით ლორთქიფანიძეა.
ასევე ნახეთ ვინ როგორ გამოიყენა მითი “გამოშიგნულ მუზეუმზე”ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ცხადი გახდა, რომ დირექტორატის წევრებს შორის საერთო ენის გამონახვა მარტივი საქმე არ იქნება. ნიკა ახალბედაშვილმა დავით ლორთქიფანიძეს ისიც კი უთხრა, ბრიფინგის დრო დაგვიმალე და ჩუმად გინდოდა ჟურნალისტებთან შეხვედრაო. დავით ლორთქიფანიძის პრესკონფერენციას არაერთი მედია, მათ შორის, რადიო თავისუფლება პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
Your browser doesn’t support HTML5
ინფორმაცია გაუჩინარებულ ნამუშევრებზე 2022 წლის იანვარში თავად ეროვნულმა მუზეუმმა გაავრცელა. დაკარგული ფერწერული ტილოები ირანში საელჩოს 1995 წელს გადაეცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1994 წელს გავიდა, თურქეთის საელჩოში კი 2005 წელს მოხვდა. ამ წლებში არც ეროვნული მუზეუმი არსებობდა დღევანდელი ფორმით და არც დავით ლორთქიფანიძე იყო ეროვნულ გალერეაში დაცულ ნამუშევრებზე პასუხისმგებელი პირი.
ასევე ნახეთ ეროვნული მუზეუმი "დაკარგულ ექსპონატებზე" განცხადებას ავრცელებს და საელჩოებში გატანილი ნამუშევრების სიას აქვეყნებს„თავისთავად, კოლეგიალური მართვის ორგანოს არსებობა მისასალმებელია, მაგრამ იმის შესაფასებლად, რისთვის არსებობს კოლეგიალური მართვის ორგანო, მნიშვნელოვანია მისი შემადგენლობა და მიზნები. პირადად ისინი [დირექტორატის წევრები] გადაწყვეტილების მიმღებები არ არიან. გადაწყვეტილების მისაღებად არც ხედვა აქვთ და არც კომპეტენცია. ისინი მხოლოდ მინისტრის ინტერესების გამტარები არიან“, - ამბობს სალომე ცისკარიშვილი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მუზეუმმცოდნე.