კობახიძე: თუნდაც შიში რომ იყოს ჩვენი მამოძრავებელი, ამაშიც არაფერი იქნებოდა დამაკნინებელი

ირაკლი კობახიძე

უკრაინის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა „პალიტრანიუსის" ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა კონკრეტულად რეზოლუციაშიც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ასეთი საპარლამენტო რეზოლუცია მიიღო უკრაინის თემაზე და ერთ-ერთია მათ შორის საქართველო (თითზე არის ჩამოსათვლელი ასეთი ქვეყნები). ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რაც იყო ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი მთავარ ამოცანაზე, ჩვენი აზრით. მთავარი ამოცანა ყველასთვის, ჩვენთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უნდა იყოს ომის არდაშვება და აქეთკენ უნდა იყოს თითოეული ნაბიჯი მიმართული, მათ შორის რიტორიკაც“, - თქვა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულებასაც. „ჭარბად მძაფრი რიტორიკა, რასაც ხშირად ითხოვენ ხოლმე, მათ შორის, ჩვენი ოპონენტები, ჩვენ გვგონია, რომ უფრო მეტად დაასხამს წყალს იმ წისქვილზე, რასაც ჰქვია ომის პროვოცირება, ვიდრე იმაზე, რაც ჩვენ გვინდა - ომის არდაშვება“, - თქვა მან.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხშირად აქცენტი კეთდება რუსეთის მიმართ შიშზე, იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება დააკნინონ.

„გვეშინია თუ არ გვეშინია, ცალკე თემაა, მაგრამ, რომ იყოს აქ თუნდაც შიში ჩვენი მამოძრავებელი, ამაშიც არაფერი იქნებოდა, რა თქმა უნდა, დამაკნინებელი. ნეტავ მათაც [„ნაციონალურ მოძრაობას“] შეშინებოდათ 2008 წელს, როდესაც მათ მისცეს რუსეთს 20%-ის ოკუპაციის შესაძლებლობა, იქ ვიღაცამ იმიტომ გააკეთა ეს, რომ მოღალატე იყო და ვიღაცამ იმიტომ გააკეთა ეს, რომ არ შეეშინდა. თუმცა, მერე რომ შეეშინდათ, გარბოდნენ სადახლოდან ქვეყნის დასატოვებლად“, - თქვა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუცია 1 თებერვალს მიიღო. ოპოზიციის დიდი ნაწილი დოკუმენტის ამ სახით მიღების წინააღმდეგი იყო, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. „ქართული ოცნების" ოპონენტები მოითხოვდნენ ტექსტში რუსეთის ფედერაციის ხსენებას.

დოკუმენტს, რომელსაც პარლამენტმა უყარა კენჭი, პარლამენტის რეზოლუცია “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ ეწოდება. მასში ნახსენები არ არის რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი.

ასევე ნახეთ უკრაინის ელჩი: დღეს ომი არ არის, რადგან ყველანი ერთად ვართ

რამდენიმე დღის წინ, დასავლეთის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი უკრაინას, შესაძლოა, თავს დაესხას 16 თებერვალს. ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.