„რკინის სახკომი დაჰკარგე გმირი“

გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე

1937 წლის 18 თებერვალს, თავის სამუშაო ოთახში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე საქართველოს ოკუპაციის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (ბ) კავბიუროს ყოფილმა თავმჯდომარემ, 1921 წლის 25 თებერვალს ბაქოდან მოსკოვში გაგზავნილი ყველაზე ცნობილი დეპეშის ავტორმა და საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის მოქმედმა კომისარმა, გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძემ. საქართველოს დამოუკიდებლობის მსგავსად, „რკინის სახკომისთვისაც“ საბედისწერო გამოდგა თებერვლის თვე. სერგო ორჯონიკიძე ვერც საქართველოს გასაბჭოების მე-16 წლისთავს მოესწრო და ვერც თავის 51-ე დაბადების დღეს.

სერგო ორჯონიკის დეპეშის ტექსტი: „ლენინს, სტალინს, ბაქო. 25.II.21 წ. თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. ორჯონიკიძე“

„საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტი ღრმა მწუხარებით აუწყებს პარტიას, მსოფლიო მუშათა კლასსა და საბჭოთა კავშირის ყველა მშრომელს, რომ გუშინ, 18 თებერვალს 17 საათსა და 30 წუთზე, მოულოდნელად გარდაიცვალა პარტიის უდიდესი მოღვაწე, მხურვალე და უშიშარი ბოლშევიკ-ლენინელი, ჩვენი ქვეყნის სამეურნეო აღმშენებლობის უდიდესი მოღვაწე - პარტიის პოლიტბიუროს წევრი, მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი, ამხანაგი გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე“, - ამ ცნობით, რომელსაც დართული ჰქონდა სერგო ორჯონიკის შავ ჩარჩოში ჩასმული პორტრეტი, იხსნებოდა 1937 წლის 19 თებერვალს გამოსული ყველა საკავშირო თუ ადგილობრივი გაზეთი, თუმცა მასში არაფერი იყო ნათქვამი სახალხო კომისრისა და ერთგული ლენინელის გარდაცვალების მიზეზზე, მხოლოდ მომდევნო დღეს, დიდი ტირაჟით დაბეჭდილი და იოსებ სტალინის მიერ ხელმოწერილი ხსოვნის ფურცლიდან შეიტყვეს საბჭოთა მოქალაქეებმა, რომ სერგო ორჯონიკიძის სწრაფი და მოულოდნელი სიკვდილი გამოიწვია გულის დამბლამ, რაც, რბილად რომ ითქვას, არ იყო სიმართლე.

ცნობა სერგო ორჯონიკიძის გარდაცვალების შესახებ

„იწვა ტახტზე. საფეთქელზე ეცხო ძველი და გრძელი, უჯიათი ჯიშის მარად წითელი სისხლის წინწკალი. ტყვია ჰქონდა მიჭედილი იმ ყურში, რომელშიც არ ესმოდა“, - ასე აღწერა მწერალმა რეზო ჭეიშვილმა თვითმკვლელობის შემდგომი სცენა 1992 წელს გამოცემულ, „სერგო ორჯონიკის უკუღმართსა და ტრაგიკულ ცხოვრებაზე“ დაწერილ დოკუმენტურ წიგნში „რკინის სახკომი“.

სერგო ორჯონიკიძეს მართლაც ჰქონდა სმენასთან დაკავშირებული პრობლემები. ცნობილია ლენინის ხუმრობა პარტიის X ყრილობაზე (1921 წლის მარტი), სადაც სერგოს თანაპარტიელებმა შეურაცხყოფისა და უხეშობისათვის უჩივლეს.

„ორჯონიკიძე მარცხენა ყურით ყრუ ყოფილა და ამიტომ სჩვევია თურმე ყვირილიო“, - ასე დაიცვა ვლადიმირ ლენინმა ორჯონიკიძე და არ დაუშვა მისი გამოყვანა პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან.

ოფიციალურ დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერდნენ კრემლის სამკურნალო-სანიტარული სამმართველოს კონსულტანტი, პროფესორი ლევინი და კრემლის ამბულატორიის მორიგე ექიმი გეცი, არაფერი იყო ნათქვამი ყურში ნასროლ ტყვიაზე. ექიმები ამტკიცებდნენ, რომ სიკვდილი გამოიწვია ამხ. გ. კ. ორჯონიკიძის გულის კუნთისა და გულის მილების მძიმე სკლეროზულმა ცვლილებებმა. დასკვნის მიხედვით, გარდა გულისა, ორჯონიკიძეს ქრონიკულად დაზიანებული ჰქონდა ერთადერთი, მარჯვენა თირკმელი. ტუბერკულოზით დაავადებული მარცხენა თირკმელი მას 1929 წელს ამოჭრეს.

„ორი უკანასკნელი წლის განმავლობაში ამხ. ორჯონიკიძეს დროგამოშვებით ჰქონდა ხოლმე სტენოკარდიის (გულის ანგინის) და გულის ასთმის შეტევები. უკანასკნელი ასეთი შეტევა, რომელიც ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა, 1936 წლის ნოემბრის დამდეგს მოხდა. 18 თებერვალს დილიდან ამხ. ორჯონიკიძე არაფერს უჩიოდა, ხოლო 17 საათსა და 30 წუთზე, დღის დასვენების დროს, უეცრად თავი ცუდად იგრძნო და რამდენიმე წუთის შემდეგ გულის დამბლისგან გარდაიცვალა“, - ეწერა სამედიცინო დასკვნაში.

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სერგო ორჯონიკიძეს ამოკვეთილი ჰქონდა ორივე სათესლე ჯირკვალი. 1909 წელს, როცა ციხიდან დაბრუნებულმა, საცოლის, პეპესი წერეთლის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, გამწარებულმა იმ ღამესვე მოინდომა საყვარელი ქალის საფლავის ნახვა, მაგრამ პერევისკენ მიმავალი ცხენიანად ჩავარდნილა ნაჭურალში. ცხენი ადგილზე მომკვდარა, უნაგირის ტახტზე დამკვდარი მხედარი კი დილით უნახავთ მწყემსებს. ოპერაცია ერთ ჯირკვალზე ექიმ მაჭავარიანს გაუკეთებია. მეორე სათესლე ჯირკვლის ამოღების შესახებ კი ზუსტი ცნობები არ არსებობს. ცნობილია, რომ 1927 წელს, XV ყრილობის წინ, სერგო ორჯონიკიძეს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთებია, რაც ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც ახსენა, თუმცა რა ოპერაცია გაიკეთა, ეს არ უთქვამს. ცნობად არის მისაღები ის გარემოებაც, რომ, თავის დროზე, ექიმ მაჭავარიანს უთქვამს, ადრე თუ გვიან, მეორე სათესლე ჯირკვალიც ამოსაკვეთი გახდებაო. ("რკინის სახმკომი". რ. ჭეიშვილი)

სერგო ორჯონიკიძის ნეკროლოგი გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში"

სერგო ორჯონიკიძის „მოულოდნელი გარდაცვალება“ გულთან ახლოს მიიტანეს მის სამშობლოში, სადაც გარდაცვალებიდან ლამის მთელი ორი კვირის განმავლობაში იბეჭდებოდა როგორც მოგონებები „რკინის სახკომზე“, ასევე - ლექსები.

„ვნახე სამშობლო დუმილში მდგარი
ბრძოლის დროშებით შავს თალხებს იხვევს,
წავედი, ქარხნის შევაღე კარი,
სერგო მოკვდაო - ქვითინით მითხრეს
და თავს დამეცა მე გლოვის ზარი...
...კავკასიონიც ღვიძლ სერგოს სტირის,
შენც დაღვრემილხარ რუსეთო ვრცელო,
რკინის სახკომი დაჰკარგე გმირი
სამშობლოვ დიდო და საყვარელო!...“

ვრცელი წერილი („უკვდავია, უკვდავად დარჩება“) მიუძღვნა სერგო ორჯონიკიძის გარდაცვალებას პავლე მ. საყვარელიძემ, „ლიტერატურული საქართველოს“ 1937 წლის 1 მარტის ნომერში წერდა:

„50 წელი გაძლო სერგომ, 50 წელს გაუძლო მისმა ორგანიზმმა იმ დაუცხრომელი სულის ტარებას, სერგოს რომ არგუნა... მაგრამ ვინ? ბედმა, განგებამ, ვინ მისცა, ვინ მიამადლა მას ეს საგანძური? რასაკვირველია, პარტიამ! ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ბევრის რამის არ მცოდნე, ის შეხვდა დიდ სტალინს და ამ შეხვედრამ გადასწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ, უცვლელად და შეურყევლად სერგოს „ბედი და იღბალი...“

"სტალინის ვირი"

სერგოს ბედი მართლაც დიდწილად გადაწყვიტა სტალინთან შეხვედრამ. შემთხვევით არ იყო, რომ უკიდურესად გაღიზიანდა, როცა ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე, თანაპარტიელმა არი კობახიძემ (პარტ. ფსევდონომი „მირსკი“) სტალინის ვირი უწოდა მას. არი კობახიძისა და სერგო ორჯონიკიძის ჩხუბის ამბავმა პარტიის ხელმძღვანელობის ყურამდეც კი მიაღწია.

სერგო ორჯონიკიძე. 1920 წ.

ვირზე მეტად სერგო ორჯონიკიძე იყო სტალინის თვალი, ყური და ხელები საქართველოს დაპყრობის დღეებსა და ანექსიის პირველ წლებში. სწორედ სტალინმა და ორჯონიკიძემ დაარწმუნეს ლენინი საქართველოში შეჭრის აუცილებლობაში.

საბჭოთა ისტორიოგრაფია სერგო ორჯონიკიძეს, ისევე როგორც ე.წ. ლენინური გაწვევის სხვა კომუნისტებს, ერთგვარ იდეალისტ რევოლუციონერად, კრისტალურად სუფთა ადამიანად წარმოაჩენდა:

„მას გულწრფელად სწამდა მოვლენათა შეუქცევადი სვლისა, ლენინური იდეების სწრაფი და გარდაუვალი ზეიმისა. სწამდა, რომ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე და რომ არ არის სიკეთისაკენ სავალი სხვა გზა, სხვა საშუალება“ (1989 წ. 3 დეკემბერი, გაზეთი „ტრუდი“).

არადა, სერგო ორჯონიკიძის მიერ დამყარებული საბჭოთა ხელისუფლება ანადგურებდა გეგმაზომიერად საქართველოს მოსახლეობას. სწორედ სერგო ორჯონიკიძე იყო უკმაყოფილო მოსახლეობაში თავადაზნაურობის მაღალი წილით, რასაც მოჰყვა კიდეც ცნობილი სტატია 1924 წლის 21 მაისის გაზეთ „კომუნისტში“, რომლის მიხედვითაც დაისახა თავადაზნაურობის 6 %-იანი წილის შემცირება 4 და უფრო დაბალ პროცენტამდე.

„რკინის სერგო“ ასეთივე განსაკუთრებული სისასტიკით ებრძოდა მენშევიკებს.

„მენშევიკებზე უფრო გახრწნილი, ზნედაცემული და წყალწაღებული პარტია მე არ მინახავს... ხალხი შეიარაღებულ აჯანყებას იწყებს, მოუწოდებენ „სახალხო აჯანყებისკენ“, წერენ ყოველგვარ ჭორს და როცა ორი დღის შემდეგ ხედავენ, რომ ეს ყველაფერი ზღაპარია და ბუტაფორია, ამ ადამიანებს გამბედაობა არ ყოფნით, რათა ღირსეულად შეეგებონ სიკვდილს!“, - წერს სერგო ორჯონიკიძე 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ და ნიშნის მოგებით ამბობს, „უხერხემლო მენშევიკებმა ერთი კომუნისტის დახვრეტაც კი ვერ გაბედეს, ჩვენ კი ათასობით მენშევიკი დავხვრიტეთო“.

იოსებ სტალინი. 1932 წ.

სწორედ „პატიოსანმა ბოლშევიკმა სერგომ“ დახვრიტა ვაჟა-ფშაველას შვილი, ლევან რაზიკაშვილი, კიტა აბაშიძის შვილი, 24 წლის გია აბაშიძე და ბევრი სხვა. გარდა ამისა, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომით, რომლის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელიც იყო სერგო ორჯონიკიძე, საქართველომ დაკარგა არა მარტო დამოუკიდებლობა, არამედ - ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც.

მოსკოვში 16 მარტს დადებული ხელშეკრულებით, რუსეთმა თურქეთს გადასცა:

  • ართვინის ოლქი 3,3 ათასი კვ.კმ;
  • ფოცხოვის თემი - 590 კვ.კმ;
  • არტაანის ოლქი - 5,1 ათასი კვ.კმ; ოლთისის ოლქი - 3 ათასი კვ.კმ
  • სულ 12,1 ათასი კვ. კმ, 164 ათასი მოსახლით.

საქართველომ მოგვიანებით ასევე დაკარგა:

  • ბორჩალოს მაზრის ნაწილი - 3,8 ათასი კვ.კმ
  • ზაქათალის ოლქი - 3,5 ათასი კვ.კმ (ალ. მანველიშვილი, საქართველოს საზღვრები, 1938 წ. პარიზი).

სერგო ორჯონიკიძის კისერზეა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის როგორც შექმნა, ასევე მისი ტერიტორიის საზღვრებში ბევრი დასახლებული პუნქტის „აუხსნელი“ მოქცევა.

„ოსების მიერ დასახლებული რაიონები მოკლებული არიან გეოგრაფიულ მთლიანობას და შეადგენენ გეოგრაფიულად და ეკონომიურად სხვადასხვა პროვინციების ნაწილებს. ასეთი ჩამონაჭრებიდან ხელოვნურად შემდგარი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა განუხორციელებლად უნდა ჩაითვალოს ტოპოგრაფიული პირობების გამო“, - წერდა საქართველოს ცკ-ის მაშინდელი მდივანი ბესარიონ კვირკველია, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა კავბიუროსა და სერგო ორჯონიკიძის პოზიცია.

სერგეი კიროვი და სერგო ორჯონიკიძე

სერგო ორჯონიკიძის ძალისხმევით საქართველომ ასევე ცნო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელსაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ავტონომიის სტატუსი ჰქონდა. ორჯონიკიძემ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის ცნობის“ ფაქტი ასე ახსნა:

„როცა აფხაზეთმა დამოუკიდებლობა მოითხოვა, ჩვენ აფხაზეთის კომუნისტებს მივუთითებდით, რომ ასეთ პატარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა შეუძლებელია, მაგრამ დავთანხმდით ამაზე. ჩვენ ვამბობდით: თუ აფხაზი ხალხისთვის მიყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოშუშებულა, დაე, აფხაზეთი დამოუკიდებელი იყოს. დაე, მოიშუშოს მენშევიკებისაგან მიყენებული ჭრილობები, მაგრამ შემდგომში აფხაზები თვითონ დარწმუნდებიან საბჭოთა მეზობელთან - საქართველოსთან მჭიდრო გაერთიანების აუცილებლობაში“.

1932 წლიდან სერგო ორჯონიკიძე საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარია.

„სერგომ შეასხა ფოლადის აბჯარი ჩვენს გმირულ წითელ ლაშქარს, დაუმზადა და მიაგება საკმაო და საკადრისი, ჩვენ მტრებს რომ ეკადრება, ისეთი იარაღი და საჭურველი. და როცა სასიკვდილო ბედისწერით გაბოროტებული მტერი ჩვენზე თავდასხმას მოინდომებს, სერგოს ქარხნებში, სერგოს უძილო ღამეებში მოფიქრებული და მომზადებული საქმეებით გამოჭედილი იარაღი გადაუღობავს ჩვენს მტრებს ჩვენსკენ მომავალ გზას“, - წერდა საბჭოთა პრესა „რკინის სახალხო კომისარზე“, თუმცა სერგო ორჯონიკიძის დამსახურებამ რუსეთის კომუნისტური პარტიის, საბჭოთა მრეწველობის, თავდაცვისა და პირადად სტალინის წინაშე, ვერ დაიცვა ვერც სერგოს მრავალრიცხოვანი ნათესავები და ვერც, საბოლოო ჯამში, თვითონ სერგოც.

1936 წელს დააპატიმრეს და 1937 წელს დახვრიტეს სერგოს უფროსი ძმა პაპულია, პაპულიას ცოლი ნინო მაჭავარიანი (ოთხი შვილის დედა) და 15-მდე სხვა ახლო ნათესავი. სწორედ პაპულიას დაპატიმრებით მიხვდა სერგო, რა ბედიც ელოდა...

მის ძეგლს სიკვდილი როგორ დაათოვს

დაასაფლავეს გარდაცვალებიდან მესამე დღეს, 21 თებერვალს, ცივ, თოვლიან დღეს. სამგლოვიარო მიტინგზე სიტვა წარმოთქვეს მოლოტოვმა, ვოროშილოვმა, ხრუშჩოვმა და ბერიამ. ფერფლით სავსე ურნა კრემლის კედელში თვითონ სტალინმა შედგა.

სერგო ორჯონიკიძის საფლავი

ბედის ირონიით, ორჯონიკიძეს, მეგობრისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დასამარებაში არანაკლები წილის მქონე სერგეი კიროვის გვერდითა ბუჯერი ერგო, თუმცა ეს მაინც არ იყო რკინის სახკომის ნამდვილი სიკვდილი. სერგო ორჯონიკიძის სახელი ეწოდა ათასობით ქარხანასა და ასობით დასახლებულ პუნქტს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით; თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, დაიდგა სერგო ორჯონიკიძის ძეგლი.

სერგო ორჯონიკიძის მეორე, პოლიტიკური სიკვდილი გაფორმდა 1989 წელს, როცა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე 1977 წელს აღმართული მისი ბრინჯაოს ძეგლი ქართველმა ხალხმა დაამხო. ამავე წელს აიღეს ორჯონიკიძის სიცოცხლეშივე (1935 წ.) მუშტაიდის პარკში დადგმული ძეგლი. შესაბამისად, არ ახდა პოეტის წინასწარმეტყველება:

„მართლაც, რა მოკლავს, ფერფლად რა აქცევს,
სულს რომ შრომისა ცეცხლი დაანთო,
ვინ დაივიწყებს, ან რა წააქცევს
სტახანოველთა რაზმების მნათობს,
მის ძეგლს სიკვდილი როგორ დაათოვს“.