ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება

ბადრი ჯაფარიძე

„ლელო"-ს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილი წევრი ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.

„მე მინდა მივმართო რუსთაველებს, ეს არის პრინციპული ბრძოლა! მინდა მივმართო ყველა ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორს და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მათ, ვინც მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძეს, სამართლიანობის მხარეს დადგა. ეს იქნება პრინციპული ბრძოლა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!“ - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელო"-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

„დავაკვირდეთ, დაუჭერს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" მხარს ბადრი ჯაფარიძეს. მე მგონია, რომ დაუჭერს, რადგან ეს ერთი ორგანიზმია და აქედან გამომდინარე მაქვს ეს ვარაუდი. ამ შემთხვევაში მისი წარმატება ნულის ტოლი იქნება, რადგან ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და თუკი სხვა ოპოზიციური პარტიებიც დააყენებენ კანდიდატს, ნულს ქვევით იქნება მისი წარმატების შანსი. ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება და საბოლოო განაჩენი, მათ შორის, პოლიტიკური იქნება რუსთავის მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ", - თქვა დეპუტატმა.

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება.

2022 წლის 2 აპრილს რუსთავში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ, ბათუმში კი - საკრებულოს მაჟორიტარს.

შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

საქართველოს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 15 თებერვალს, გაიმართა.

ასევე ნახეთ ჯაფარიძე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. ამ ორგანიზაციების მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხებოდა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.