ორჯერ „ომიკრონი“ - შეიძლება თუ არა 2-3 კვირაში კვლავ „ომიკრონით“ რეინფიცირება?

„სამი კვირის წინ მქონდა ომიკრონი და ორი დღეა კვლავ ომიკრონისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მაქვს“.

„ჩემმა შვილმა იანვრის შუა რიცხვებში გადაიტანა ომიკრონი. ახლა ისევ ომიკრონი აქვს“.

„ერთი თვეც არაა, რაც ჩემი მეგობარი ომიკრონისგან გამოჯანმრთელდა და გუშინ ისევ ომიკრონი დაუდასტურდა“.

„4 დღის წინ დავასრულე ომიკრონი. ორი დღის წინ ომიკრონიანის კონტაქტი ვიყავი. დილას ყელის ტკივილით გავიღვიძე“...

ეს მხოლოდ უცმირესი ჩამონათვალია იმ პოსტებისა, რომლებიც ბოლო დღეებია ძალიან ხშირად შეიძლება შეგხვდეთ სოციალურ ქსელში. ინფიცირებულები ან მათი ახლობლები ამტკიცებენ, რომ „ომიკრონისგან“ გამოჯანმრთელების შემდეგ, ერთ თვეში, ან უფრო მოკლე პერიოდში, ისინი კვლავ „ომიკრონით“ დაინფიცირდნენ.

  • რა ხდება რეალურად?
  • რამდენად მაღალია რისკი იმისა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, მალევე, ორ-სამ კვირაში, ან ერთ თვეში, კვლავ „ომიკრონით“ დაინფიცირდე?
  • რას ეყრდნობიან ინფიცირებულები, როდესაც ამტკიცებენ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებიდან ორ კვირაში, კვლავ „ომიკრონით“ დაინფიცირდნენ?

დღეს, როცა ქვეყანაში ჩატარებული კოვიდ-ტესტებიდან ყოველი მესამე პასუხი დადებითია, ცხადია, ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

პირველ რიგში, გეტყვით, რომ მიუხედავად სოციალურ ქსელში გავრცელებული თუ რეალურ ცხოვრებაში მოსმენილი ფრაზებისა, რომ „ომიკრონისგან“ გამოჯანმრთელების შემდეგ, ორ-სამ კვირაში ადამიანი კვლავ „ომიკრონით“ დაინფიცირდა, საქართველოში ლაბორატორიულად არ დადასტურებულა.

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 15 თებერვლის მონაცემებით, მსგავსი შემთხვევა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

ანუ, ამ ეტაპზე, სოციალურ ქსელში გავრცელებული კონკრეტული ისტორიები, რომ „ომიკრონისგან“ გამოჯანმრთელებიდან მალევე, ადამიანები კვლავ „ომიკრონით“ ინფიცირდებიან, დადასტურებულ ფაქტებს არ ეფუძნება.

უმრავლესობას არ აქვს ზუსტი, ლაბორატორიულად დადასტურებული პასუხი იმისაც კი, რომ მაგალითად, იანვარში, მათ ან მათი ოჯახის წევრებმა ნამდვილად „ომიკრონი“ გადაიტანეს და არა COVID19-ის სხვა შტამი - დელტა ან ალფა. ისინი მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობიან და რაკიღა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მათემატიკური მოდელირების თანახმად, იანვრის შუა რიცხვებიდან, ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 50%, ხოლო იანვრის ბოლოდან უკვე 95% „ომიკრონზე“ მოდიოდა, ასკვნიან, რომ იანვარში მათ სწორედ „ომიკრონით“ იავადმყოფეს.

რეალურად, ისევ და ისევ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონის“ სულ 1151 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. ანუ, ლუგარის ლაბორატორიამ სულ 1151 ნიმუში შეისწავლა და დაადასტურა, რომ ამ 1151 ადამიანს ნამდვილად "ომიკრონი" ჰქონდა. დანარჩენი ათობით ათასი შემთხვევა კი მხოლოდ სიმპტომებითა და მათემატიკური მოდელირების საფუძველზე შეიძლება ჩავთვალოთ „ომიკრონად“.

რამდენად ხშირია „ომიკრონით“ ინფიცირების რისკი, თუკი მანამდე კოვიდის სხვა შტამი გადაიტანეთ?

კი, ხშირია. მაგალითად, საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იანვრის მონაცემებით, „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტების 14%-ს წარსულში უკვე გადატანილი ჰქონდათ COVID19-ის სხვა შტამი.

მეცნიერულად უკვე დადასტურდა, რომ „ომიკრონი“ ოსტატურად უვლის გვერდს COVID19-ის წინამორბედი შტამებისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს და შესაბამისად, „ომიკრონით“ მალევე (თუნდაც რამდენიმე კვირაში) ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ კოვიდის ძველი შტამებისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებსაც.

რა ვიცით „ომიკრონისგან“ გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ „ომიკრონით“ რეინფიცირების შესახებ?

ამ ეტაპზე, ვიცით, რომ საქართველოში მსგავსი შემთხვევა ოფიციალურად, ანუ ლაბორატორიულად, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.

ვიცით ისიც, რომ „ომიკრონს“ აქვს ორი სუბშტამი BA.1 და BA.2 და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „ომიკრონის“ ერთი სუბშტამის, BA.1-ის გადატანის შემდეგ, შესაძლოა, უიშვიათეს შემთხვევაში, ადამიანი დაინფიცირდეს მეორე, BA.2 სუბშტამით.

მაგალითად, ისრაელში ამის შესახებ პირველი ცნობები თებერვლის დასაწყისში გამოჩნდა. ისრაელში, ბარ-ილანის უნივერსიტეტის იმუნოთერაპიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი კოენი, 24NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს:

„ჩვენ მივიღეთ რამდენიმე... ცნობა, იმის შესახებ, რომ უიშვიათეს შემთვევაში, ადამიანები, რომლებმაც ადრე იავადმყოფეს „ომიკრონით“... ასევე შეიძლება იყვნენ ინფიცირებულნი „ომიკრონის“ ქვე შტამით, BA.2-ით“.

თუმცა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების ხელმძღვანელმა, შარონ ალროი-პრეისმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა „მსგავსი შემთხვევების“ შესახებ არაფერი იცის. მისი თქმით, უკიდურესად დაბალია მოლოდინი იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ახლახან გამოჯანმრთელდა „ომიკრონის“ ერთი ქვე შტამისგან, მალევე დაინფიცირდეს „ომიკრონის“ მეორე ქვე შტამით, რადგან „ანტისხეულები, რომლებიც პაციენტს გამოჯანმრთელებაში ეხმარება“, მას რეინფიცირებისგან დაიცავს.

​აშშ-ის მთავრობის მთავარი სპეციალისტი ინფექციური დაავადებების საკითხებში, ენტონი ფაუჩი იანვრის ბოლოს აცხადებდა:

ენტონი ფაუჩი

„რა თქმა უნდა, რეინფიცირების შემთხვევები არის. მაგრამ უკიდურესად დაბალია რისკი იმისა, რომ თუკი ადამიანები, რომლებმაც ომიკრონი გადაიტანეს და გამოიმუშავეს მაღალი იმუნური პასუხი, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, კვლავ იმავე ვარიანტით დაინფიცირდებიან“.

„კი, შენ შეიძლება დაგემართოს „ომიკრონი“ ორჯერ“, - თქვა სტენლი ვეისმა, ნიუ ჯერსის სამედიცინო სკოლის პროფესორმა და ეპიდემიოლოგმა, რომელიც დაეყრდნო სამხრეთ აფრიკის ვირუსოლოგის ცნობებს იმის თაობაზე, რომ სამხრეთ აფრიკაში, სადაც „ომიკრონი“ პირველად გავრცელდა, „ექიმებს უკვე ნანახი ჰყავთ ომიკრონით რეინფიცირებული რამდენიმე ადამიანი“:

„ომიკრონი ძალიან კონაგიოზურია (გადამდები) და როგორც ჩანს, ის ვერ გამოიმუშავებს ფანტასტიურ იმუნიტეტს“, - თქვა სტენლი ვეისმა Yahoo Life-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

COVID19-ის კლინიკური კვლევების საბჭოს წევრი, სანჯაი პუჯარი კი აცხადებს, რომ ინდოეთში, „ომიკრონის“ გადატანიდან მალევე კვლავ „ომიკრონით“ რეინფიცირების მხოლოდ დაუდასტურებელი შემთხვევები შეიძლება იყოს და ისიც უიშვიათეს შემთხვევებში. „ჩვენ უფრო სანდო და ღრმა მონაცემებს უნდა დავუცადოთ“, - ამბობს საბჭოს წევრი, რომელიც ამასთანავე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელების შემდეგ, PCR ტესტმა შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში კვლავ დადებითი პასუხი აჩვენოს, რამაც არ არის გამორიცხული, შეცდომაში შეიყვანოს პაციენტები და ექიმები და გაჩნდეს მოსაზრება „ომიკრონით“ რეინფიცირების შესახებ.

როგორ ხსნის „ომიკრონით“ „რეინფიცირების“ თაობაზე ხმაურს ინფექციონისტი?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ყურადღებით ადევნებს თვალს სოციალურ ქსელში ატეხილ ხმაურს იმის შესახებ, რომ კოვიდისგან ახლად გამოჯანმრთელებული ადამიანები, უფრო ზუსტად კი „ომიკრონისგან“ ახლად გამოჯანმრთელებული ადამიანები, 3-4 კვირაში კვლავ „ომიკრონით“ ინფიცირდებიან.

ის აღწერს რამდენიმე მიზეზს, რის გამოც შესაძლოა გაჩნდა განცდა და გაუგებრობა, რომ ადამიანები გამოჯანმრთელებიდან ძალიან მალევე კვლავ ინფიცირდებიან. ინფექციონისტის თქმით, მართალია, ჯერჯერობით, არ არსებობს ზუსტი მონაცემები, რამდენი ხნის განმავლობაშია ადამიანი დაცული „ომიკრონით“ ხელახლა ინფიცირებისგან, მაგრამ ის თვლის, რომ ასეთ მოკლე პერიოდში „ომიკრონის“ ვარიანტით ხელახლა ინფიცირება ძნელად წარმოსადგენია და უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს:

მაია ბუწაშვილი

„ზოგიერთს, კოვიდის გადატანის შემდეგ, ხელახლა დაეწყო სიმპტომები და აქტიურად ისმის აზრი, რომ ამ ადამიანებს 3-4 კვირაში და ზოგჯერ უფრო ადრეც, ხელახლა დაემართა „ომიკრონის“ შტამით გამოწვეული კოვიდი. ზოგიერთებს განმეორებითი ტესტირებით PCR-იც დადებითი აქვს და ეს კიდევ უფრო უმყარებთ აზრს იმის შესახებ, რომ ამ მოკლე ხანში ხელახლა დაინფიცირდნენ. რეალურად, სავარაუდოდ, ადამიანებს სხვა რომელიმე რესპირატორული ინფექცია ემართებათ (და ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სეზონზე უამრავი სხვა ინფექცია არსებობს, მათ შორის გრიპიც) და ეს ინფექციები სიმპტომებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ბევრ ვირუსს ახასიათებს ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი და სხვა“.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ ადამიანებს PCR ტესტი კვლავ დადებით პასუხს აძლევს, მაია ბუწაშვილის თქმით, ეს შესაძლოა „კოვიდის წინა ეპიზოდის ნარჩენები იყოს“:

„როგორც ვიცით, კოვიდის გადატანის შემდეგ, PCR ტესტი შეიძლება რამდენიმე კვირა და თვეებიც დადებითი დარჩეს და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ისევ გადამდებია და ისევ კოვიდი აქვს“.

„ვაქცინა არ მუშაობს“ - პრემიერ-მინისტრის ეს ფრაზა დაივიწყეთ

"ომიკრონის" შემთხვევაში ძალიან ბევრ შემთხვევაში კი არა, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს“ - ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება "ომიკრონი". მე ვარ აგერ მაგალითი, მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის" ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი"... აი, ასე ახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 14 თებერვალს „მწვანე პასპორტების“ გაუქმების მიზეზი.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის ნათქვამის გამოსწორება ჯანდაცვის მინისტრმა სცადა. ირაკლი ღარიბაშვილის გამართლებას შეეცადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც და თქვა, რომ მისი ფრაზა „კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ იყო, თუმცა, პრემიერის ამ განცხადებას დარგის სპეციალისტებმა მაინც უწოდეს უპასუხისმგებლო და ანტივაქსერული.

დადასტურებული ფაქტია, რომ „ომიკრონი“ წინა შტამებისგან განსხვავებით, გვერდს უვლის ვაქცინაციით თუ გადატანილი ინფექციით მიღებულ იმუნიტეტს, თუმცა, ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ სრული ვაქცინაცია და მასთან ერთად „ბუსტერ“ დოზა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ინფიცირების შემთხვევაში გართულებების თავიდან ასაცილებლად. ხაზგასასმელია, რომ "ბუსტერ" დოზა "ომიკრონით" ინფიცირების მაღალ დაცვასაც უზრუნველყოფს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, "ომიკრონით" ინფიცირებისგან დაცვას სრული ვაქცინაციის პირობებში, 86,9 %-ია. ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა 90.6%. 94 %-ზე მეტია დაცვა ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრისგან, ხოლო სიკვდილისგან დაცვა 94,3%-ს შეადგენს. "ბუსტერ" დოზის გაკეთების შემთხვევაში, ეს დაცვა იზრდება 99%-მდე.

პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, უპასუხისმგებლო განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც ქვეყანა ინფიცირების პიკში იმყოფება, ხოლო ვაქცინაციის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია.

14 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 31%. ინფიცირების დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი კი 31-33%-ში მერყეობს.