მოსკოვში მიმდინარეობს ვლადიმირ პუტინისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა

ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ოლაფ შოლცი.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოსკოვში ხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მოლაპარაკებები დასავლეთის ერთ-ერთი უკანასკნელი მცდელობაა, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების კონცენტრაციით გამოწვეული მზარდი კრიზისის შესასუსტებლად.

გერმანიის ლიდერის მოსკოვში ვიზიტი დაემთხვა რუსეთის მიერ 15 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას, რომ უკრაინის საზღვრებიდან გაიყვანა თავისი ჯარების ნაწილი და ისინი თავთავიანთ ბაზებში დაბრუნდებიან.

არ არის ნათელი, ბაზებში რამდენი ჯარისკაცის დაბრუნებაზეა ლაპარაკი. ჯერჯერობით რუსეთის ეს განცხადება არ დასტურდება დამოუკიდებელი წყაროების მიერ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ რუსეთმა ჯარები გაიყვანა უკრაინის საზღვრიდან.

„სამწუხაროდ, ჩვენი დროის მნიშვნელოვან ნაწილს დავუთმობთ ევროპასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს," მათ შორის უკრაინას, - თქვა პუტინმა თავის შესავალ სიტყვაში შოლცთან შეხვედრის დაწყების წინ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის პრიორიტეტია რუსეთ-გერმანიის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. რუსეთი გერმანიას ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად მიიჩნევს, განსაკუთრებით „ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან“ დაკავშირებით. ამ გაზსადენით რუსეთი პირდაპირ გერმანიას აწვდის ბუნებრივ აირს ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით. გაზსადენი მუშაობის დაწყებამდე გერმანიის მხრიდან ნებართვის მიღების მოლოდინშია.

რუსეთში შოლცის მოგზაურობამდე მოსკოვში სტუმრობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.