„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიას გააცნო გადაწყვეტილება, რომლითაც „ოცნება" იხელმძღვანელებს ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის კენჭისყრაზე. როგორც მდინარაძე აცხადებს, „ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის, „ლელო"-ს გენერალურ მდივან ბადრი ჯაფარიძისთვის და „დროა"-ს ლიდერ ელენე ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საფუძვლად სახელდება გაცდენები არასაპატიო მიზეზით, ხოლო დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს მანდატის დაკარგვა სასამართლოს 12 იანვრის ხმაურიანი და სადავო განაჩენის გამო ემუქრება.
არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ამ ორგანიზაციების მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხება სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
ასევე ნახეთ პარლამენტს მოუწოდებენ უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს ოპოზიციონერ დეპუტატებს