კულტურის სექტორში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად, გაუქმდა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი და ამ პოსტზე მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, პირდაპირი წესით დაინიშნა რეჟისორი გიორგი სიხარულიძე.
ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილე დმანისის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა ჩხვიმიანი იყო. ის მინისტრის გადაწყვეტილებას „უსამართლოდ“ მიიჩნევს. მინისტრი წულუკიანი კი მიიჩნევს, რომ ჩხვიმიანმა „მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს, გამოცდილ რეჟისორს“ უნდა შესთავაზოს დახმარება.
ლაშა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვება მისი ჩანაცვლების წინაპირობებსა და თეატრში საქმიანობაზე.
- ლაშა, 2017 წელს, როდესაც გახდით დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რა დაგხვდათ?
თეატრის მთელი ქონება იყო ორი კომპიუტერი და ერთი საცხოვრებელი სახლი. სპექტაკლის ჩასატარებლად უნდა გეთხოვა აპარატურა კულტურის ცენტრისგან. არ არსებობდა საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა.
თეატრს ჰქონდა 30 000 ლარი დაფინანსება და წელიწადში 4 აქტივობა - პრემიერა, შემდეგ იგივე სპექტაკლი მიჰქონდათ რეგიონული თეატრების ფესტივალზე ფოთში და შემდეგ კიდევ ერთხელ თამაშობდნენ დმანისში.
თეატრის მთელი ქონება იყო ორი კომპიუტერი და ერთი საცხოვრებელი სახლი- ლაშა ჩხვიმიანი
პირველ თვეებში არაფერი მიკეთებია, გარდა დმანისის თეატრის არქივის შექმნისა, რომელიც არ არსებობდა. დღეს იმ ორი კომპიუტერიდან ერთ-ერთში 200 გიგაბაიტზე მეტი მეხსიერების, თეატრის 28-წლიანი არსებობის ამსახველი არქივი არსებობს. კარდაკარ დავდიოდი, ინტერვიუებს ვიწერდი, აფიშებს ვაგროვებდი.
დავიწყეთ საგანმანათლებლო აქტივობები - დავდიოდით სკოლებში, ვცდილობდით მასწავლებლების დაინტერესებას, რომ ბავშვები მოეყვანათ თეატრში.
ჩვენ ადგილობრივები გამოვკითხეთ. აღმოჩნდა, რომ ყველას აქვს განცდა, რომ ვერ მიაღწიეს ოცნებებს და ამიტომ ჩარჩნენ დმანისში. მე არ მინდა, რომ ბავშვებიც ასე „ჩარჩნენ“ დმანისში. მინდა, რომ ისინი დარჩნენ თავიანთი ნებით.
„იმედთან“ ინტერვიუში, თეა წულუკიანს ჰკითხეს, ლაშა ჩხვიმიანმა თქვა, ზურგით მოვიტანე ეს თეატრიო და მთელი ინტერვიუ ააწყეს ამ დამახინჯებულ შეკითხვაზე. არასდროს, არსად მითქვამს ასეთი სისულელე.
- წინა წლებში, ძირითადად, ვინ იყო თეატრის აუდიტორია?
მერიის და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. დავალება მიდიოდა, რომ დღეს სპექტაკლია და მივდივართო.
ჩვენ გვინდოდა ხალხი თავისი ნებით მოსულიყო. 3-4-ჯერ გავზარდეთ მაყურებლის რაოდენობა და ეს რიცხვი იზრდებოდა ყოველწლიურად, პანდემიის მიუხედავად.
- თქვენს სპექტაკლებზე აღარ დადიოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები?
სანამ ქართულ კლასიკას ვდგამდი, ვთანამშრომლობდით. ურთიერთობა აგვერია ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ. თურმე თეატრს შეუძლია პრობლემებზე ილაპარაკოს. ეს მათთვის იყო შოკი და მათ ვერ წარმოედგინათ, რომ თეატრს ეს ფუნქცია შეიძლება ჰქონოდა. თეატრის გარყვნა და ინტრიგნობა ეგონათ. სულ ეძებდნენ, რომ კონკრეტულად მე რაღაც ინტერესები მქონდა.
[2019 წელს] სპექტაკლი „ხალხის მტერი“ გახდა გარდამტეხი დმანისის თეატრსა და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთობებში. ამ სპექტაკლის შემდეგ, სახლში მოსულს დამხვდა მერის, გიორგი ტატუაშვილის მოწერილი: „აწი ასეთი იდიოტიზმი არ უნდა გამეორდეს და ყველა დეტალი უნდა ჩაგვაბარო“.
მე მასთან არასდროს მქონია პირადი ურთიერთობა და როგორც საჯარო მოხელის საქციელი, ფეისბუკზე გამოვაქვეყნე.
ამით დაიწყო ყველაფერი. მათ [ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს] ჰქონდათ შეგრძნება, რომ რადგან გვეხმარებოდნენ, მაგალითად, ტრანსპორტირებით, რასაც გვეტყოდნენ, როცა დაგვიწკაპუნებდნენ თითს, ანგარიში უნდა ჩაგვებარებინა. ამაზე ვთქვი უარი.
- ანუ შეწყვიტეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა?
ჩვენ მაინც ჯიუტად ვთხოვდით დახმარებას, რადგან ვთვლიდით, რომ ეს მათი ვალდებულება იყო. ვაგზავნიდით ვრცელ წერილებს, რატომ იყვნენ ვალდებულები დაგვხმარებოდნენ და ხანდახან გამოგვდიოდა.
აკრძალული ჰქონდა ყველა საჯარო მოხელეს სპექტაკლებზე დასწრება. ან კიდევ უარესი, თვითონვე ხვდებოდნენ, რომ არ უნდა მოსულიყვნენ, რადგან შეიძლება ხელმძღვანელს არ მოსწონებოდა.
აკრძალული ჰქონდა ყველა საჯარო მოხელეს სპექტაკლებზე დასწრება. ან კიდევ უარესი, თვითონვე ხვდებოდნენ, რომ არ უნდა მოსულიყვნენ, რადგან შეიძლება ხელმძღვანელს არ მოსწონებოდა.- ლაშა ჩხვიმიანი
რეგიონებში ღონისძიებებზე, ძირითადად, საჯარო მოხელეები დადიან. ჩვენ ვეძებდით სხვა მაყურებელს, რომელიც შეიყვარებდა თეატრს თავისი იდეით.
- გამოგივიდათ?
გამოგვივიდა. აპრილში, როცა [ლოკდაუნის შემდეგ] პირველად გაიხსნა თეატრები, რეგულაციების პირობებში მოვხსენით რეკორდი… ბოლო წარმოდგენაზე, „პატარა უფლისწულზე“ 166 ბილეთი გავყიდეთ. ეს იყო ყველაფრის პასუხი.
რადიო თავისუფლების არქივიდან:
Your browser doesn’t support HTML5
- როდესაც დაინიშნა კულტურის ახალი მინისტრი, თეა წულუკიანი, რა მოლოდინი გქონდათ მისგან?
რომ ის მოაწესრიგებდა თეატრებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას - დაფინანსების, მართვის პრინციპებს.
ერთი შეხვედრა მომიწია მინისტრთან, სხვა სამხატვრო ხელმძღვანელებთან ერთად. თქვა, რომ ჩამოვიდოდა ყველასთან და ადგილზე მოისმენდა პრობლემებს. ძალიან ბევრ თეატრს ეწვია. მე მქონდა იმედი, რომ რეგიონებში ვიზიტს დაიწყებდა ყველაზე გაჭირვებული და მიტოვებული თეატრით და ჩამოვიდოდა დმანისში, თუმცა არ ჩამოსულა. ახლა კი აქეთ დაგვდო ბრალი, რომ თურმე ჩვენ უნდა აგვეტალახებინა მისი კარი.
- ერთადერთი კანდიდატი იყავით დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კონკურსში. თქვენ რითი ხსნით კონკურსის ჩაშლას და პირდაპირი წესით სხვა ადამიანის დანიშვნას ამ პოზიციაზე?
ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაიშალა კონკურსი და იმ დღესვე სხვა ადამიანი, რომელსაც არც კი დასიზმრებია ოდესმე დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა, ძალით დაინიშნა და დაევალა, რომ ორი თვე დაჯდეს და გეგმა შეიმუშაოს. ეს თავისთავად არის უსამართლო.
მე პირადად მივწერე მინისტრს, სანამ საჯაროს გავხდიდი ამ ამბავს. მან მითხრა, რომ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის პირობებში თეატრის შენობას ჩაუტარდება რეკონსტრუქცია. ამას ვეხვეწებოდით წლები.
მეორე არგუმენტი აქვს, რომ გაჩნდება დასი. ეს იქნება ფულის ფლანგვა. ამით ჩაიკეტება კარი თავისუფალი არტისტებისთვის, რომლებთანაც ვთანამშრომლობდით აქამდე.
მინისტრი ამბობს, რომ დმანისის თეატრს უნდა გაეზარდოს ბიუჯეტი და ამისთვის უფრო მაღალბიუჯეტიანი თეატრების მართვაში გამოცდილი ადამიანია საჭირო. ბოლო 4 წლის განმავლობაში ბატონი გიორგი სიხარულიძე იყო თუმანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი და ამ პერიოდში, 5-მილიონიანი ბიუჯეტით მათ შეძლეს 10-მდე პრემიერის გამართვა. დმანისის თეატრის 128 000-ლარიანი ბიუჯეტით ჩვენ გვქონდა 7 პრემიერა და ძალიან ბევრი აქტივობა.
ალბათ, ფეისბუკით უნდა მიგველოცა დაბადების დღეები, თორემ იცის, რომ კარგად ვმუშაობდი, იცის ჩემი ანგარიში და იცის ჩემი გეგმების შესახებ.- ლაშა ჩხვიმიანი
პირადად ჩემზე თავადვე ამბობს მინისტრო, რომ კარგად ვმუშაობდი, მაგრამ არ მიცნობდა. ალბათ, ფეისბუკით უნდა მიგველოცა დაბადების დღეები, თორემ იცის, რომ კარგად ვმუშაობდი, იცის ჩემი ანგარიში და იცის ჩემი გეგმების შესახებ.
შენობის მოწესრიგება, აპარატურის ყიდვა, მინიმალური ტექნიკური პერსონალის დასაქმება - სულ 12 ადამიანის. ოთხი ახალი სპექტაკლი წელიწადში, ერთი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, მეორე - სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. მესამე საზაფხულო პროექტი, რომლითაც ჯამბაზები მოივლიდნენ სოფლებს და მეოთხე ექსპერიმენტული დადგმა, სადაც აქცენტი გაკეთდებოდა თანამედროვე დრამატურგიაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე და პრობლემური თემების გაჟღერებაზე.
- დარჩებით დმანისში?
აუცილებლად. ყველა კუთხით ვაპირებ დავას. ვრჩები დმანისის თეატრის ერთგულ და მომთხოვნ მაყურებლად და მოვუწოდებ ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს, გაასაჯაროოს ოთხწლიანი განვითარების გეგმა და ხალხმა გადაწყვიტოს.
- გაქვთ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი?
დმანისში, ძირითადად, მხოლოდ საჯარო სამსახურებია. ხალხს ეშინია სამსახურის დაკარგვის. ამიტომ, არ ვიცი, ადგილობრივები რა დამოკიდებულებას გამოავლენენ.