ბულდოზერი მივა აფრიკაში თუ მერი?

„წუხელ თვალი არ მომიხუჭავს. ფანჯარასთან ვიჯექი და ველოდები, როდის მოადგებოდა ბულდოზერი ჩვენ სახლს“, - 25 წლის სტეფანე დარახჩევი ბლოკით ნაშენებ, შეულესავ სახლთან დგას. ცოლი და 2 წლის შვილი კარის ღრიჭოდან იყურებიან. შეშის ღუმელი ხრჩოლავს. სახლი ერთი თვის წინ გადახურა. ერთი თვეა, რაც ცოლ-შვილთან ერთად აფრიკის დასახლებაში, ყოფილ ნაგავსაყრელზე, საკუთარი ხელით ნაშენებ 40 კვადრატულ მეტრ სახლში ცხოვრობს.

სტეფანე დარახჩევი

სტეფანეს და მის სამ მეზობელს, 11 თებერვალს, თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციამ ფანჯრებსა და კარებზე განცხადებები გაუკრა და მათ სამ კალენდარულ დღეში სახლების დემონტაჟი მოსთხოვა. მოთხოვნის საფუძველი უკანონო მშენებლობაა. 14 თებერვალს მოქალაქეები, რომელთა სახლებსაც დემონტაჟი ემუქრებათ, სამგორის რაიონის გამგეობაში შეიკრიბნენ. ისინი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას და მიწების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ.

როგორ აღმოჩნდნენ სტეფანე, ალექსანდრე და მალხაზი აფრიკის დასახლებაში

წერილში, რომელიც მუნიციპალიტეტის ინსპექციამ ყოფილ ნაგავსაყრელზე მცხოვრებ ოთხ ოჯახს 11 თებერვალს დაუტოვა, ვკითხულობთ:

„დასახლება ქვემო ალექსეევკა, ნავთისხევი... სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიმდინარეობს მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების მშენებლობა. მშენებლობის მწარმოებელ პირს გევალებათ სამი კალენდარული დღის ვადაში განახორციელოთ უნებართვოდ შენებული ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს კანონის, საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე, სამსახური მიიღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ“.

სტეფანე დარახჩევმა, ყოფილ ნაგავსაყრელზე სახლის შენება რომ წამოიწყო, იცოდა, რომ მშენებლობა უკანონო იყო, თუმცა, რაკი წლებია, მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ბარაკული ტიპის სახლებს აშენებენ და ამ ტერიტორიაზე დასახლებაც გაჩნდა, იმედი ჰქონდა, რომ სხვა მოსახლეების მსგავსად, სახლის შენარჩუნებას ისიც შეძლებდა.

აქ მოსვლამდე, სტეფანე ხუთი წლის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. თუმცა, ქირის გადახდა ვეღარ შეძლო. ამიტომ იძულებული გახდა, ცოლთან და შვილთან ერთად აფრიკის დასახლებაში, უფრო ზუსტად კი ნავთისხევში ამოსულიყო და ყოფილ ნაგავსაყრელზე პატარა სახლი აეშენებინა. სახლის ასაშენებლად ბანკიდან სესხი გამოიტანა:

„ტერიტორიის მოსუფთავება რომ დავიწყეთ, არავინ მოსულა, არავის უთქვამს, ნუ აშენებთ, თორემ დაგინგრევთო. 7000 ლარი მომცა ბანკმა. ტრაქტორის ფული რომ არ მქონდა, სახლის საძირკველი მეგობრების დახმარებით, საკუთარი ხელით გავთხარე. სახლიც საკუთარი ხელით ავაშენე. მშენებლობაზე ვმუშაობ და მაქვს გამოცდილება. ერთი თვეა ცოლ-შვილთან ერთად აქ ვცხოვრობ. ვიცი, განა არ ვიცი, რომ უკანონოდ მაქვს სახლი აშენებული. სხვა გზა აღარ დამრჩა, თორე, აბა, გაიხედ-გამოიხედეთ, სხვა საშუალება, რომ მქონდეს, აქ ამოვიდოდი? აქ ამოვიყვანდი შვილს? იმედია, გამოიჩენენ ადამიანობას, გაითვალისწინებენ ჩვენს მდგომარეობას. ნუ დაგვტოვებენ ამ შუა ზამთარში ქუჩაში. თვითონაც ხომ უნდა ხვდებოდნენ, რომ ამ პირობებში ყოფნა არ მეხალისება. არც დახმარებას ვითხოვ, არც არაფერს. ვიმუშავებ და საკუთარი ხელებით შევინახავ ოჯახს. თვითონ თუ არ მეხმარებიან, მე მაინც მაცადონ, რომ მივხედო საკუთარ თავსაც და ოჯახსაც. შენ თუ არ მეხმარები, მე მომეცი ამის საშუალება. ჩემი სახელმწიფო ხარ. სხვა ქვეყნის სახელმწიფოს ხომ ვერ მივმართავ დასახმარებლად, არა?“

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დეკემბერში, სტეფანეს სახლიდან მაქსიმუმ ერთ კილომეტრში, მუნიციპალიტეტის ინსპექციამ უკანონოდ ნაშენები რამდენიმე სახლი დაანგრია, აფრიკის დასახლებაში, ბარაკული ტიპის სახლების მშენებლობა ისევ გრძელდება.

სტეფანეს მეზობლად ააშენა სახლი ალექსანდრე აგაბაბიანმაც. სახლს არც იატაკი აქვს და არც კედლებია გალესილი. ალექსანდრე აქ ერთ თვეზე მეტია ცხოვრობს. დღე-დღეზე სამშობიაროდან და და დისშვილი უნდა გამოიყვანოს. ისინიც ამ სახლში უნდა მოიყვანოს. ალექსანდრეს დის და ახლად დაბადებული დის შვილის მეტი არავინ ჰყავს. ამბობს, რომ არც წასასვლელი აქვს სადმე:

ალექსანდრე აგაბაბიანი

„მშობლები არ გვყავს. მარტო მე და ჩემი და ვართ. 90-იანი წლებში სახლი დავკარგეთ. მშობლებიც გარდაიცვალნენ. მეგობრები დამიდგნენ გვერდში. ცოტა თანხა ჩვენც გვქონდა და ავაშენეთ პატარა სახლი, დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი. ნაგავი რომ გაგვქონდა, ერთი კვირის განმავლობაში აქ ტრაქტორი მუშაობდა. მაშინ არავინ მოსულა. მერე ორი თვე სახლს ვაშენებდი და არც მაშინ მოსულა ვინმე. პარასკევს მოვიდნენ და გაგვიკრეს წერილები. შემოვიდნენ, დარწმუნდნენ, რომ შიგნით ვცხოვრობთ, მაგრამ ეს წერილი მაინც დატოვეს“.

15 კვადრატული მეტრის ფიცრული შეკრა ექვსი თვის წინ მალხაზ სიბაშვილმა. ამ ფიცრულში საცხოვრებლად კი ერთი თვის წინ გადმოვიდა. ორი საწოლი და ერთი შეშის ღუმელი უდგას. ავადმყოფი მამა ჰყავს. ბოლო ოთხი თვეა ქირის გადახდას ვეღარ ახერხებს:

მალხაზ სიბაშვილი

„19 წელია ქირით ვცხოვრობ მშობლებთან ერთად. ეს ფიცრული რამდენიმე თვის წინ შევკარი, მაგრამ გადახურვა მხოლოდ ერთი თვის წინ მოვახერხე. ვფიქრობდი, რომ ცოტას მოვაწესრიგებდი აქაურობას და მერე მშობლებსაც გადმოვიყვანდი. არსად გვაქვს წასასვლელი. რომ ამბობენ, სხვა სახლები აქვთ მაგათ და მაინც აფრიკის დასახლებაში იშენებენ სახლებსო. გვანახონ, რა საკუთრება გვაქვს. იქნებ გვაქვს და არ ვიცით?“.

აფრიკის დასახლების ოცამდე მკვიდრი გამგეობის შენობასთან რჩება

მალხაზი, ალექსანდრე, სტეფანე და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე მოქალაქე, 14 თებერვლის საღამოს სამგორის რაიონის გამგეობაში მივიდნენ. ისინი სახლების დაკანონებას და იმ პირობის შესრულებას ითხოვენ, რომელიც მათი თქმით, ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა აფრიკის დასახლებაში მცხოვრებთ „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა - „ის მიწების რეგისტრაციას დაგვპირდა“, - ამბობენ აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები.

აფრიკის დასახლების მკვიდრნი სამგორის რაიონის გამგეობის ფოიეში

სოზარ სუბარის ეს დაპირება 2020 წლის დეკემბერში განმარტა თბილისის მერმა კახა კალაძემ და თქვა, რომ სუბარი ლაპარაკობდა არა იმგვარი მიწების დაკანონების შესაძლებლობაზე, რომელიც უკანონოდ არის მიტაცებული, არამედ იმ სახლების დაკანონებაზე, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მათ საკუთრებაში არ არის. განცხადება დედაქალაქის მერმა მაშინ გააკეთა, როდესაც აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების პირველი დემონტაჟი განხორციელდა.

სოზარ სუბარის დაპირება შეახსენებს მოქალაქეებმა 14 თებერვალს სამგორი რაიონის გამგებელს, კახა სამხარაძეს. ის აფრიკის დასახლების მკვიდრებს გამგეობის ფოიეში შეხვდა. გამგებელი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მოქალაქეებს, რომლებიც უკანონოდ იშენებენ სახლებს, დედაქალაქის მერია რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობს, თუმცა, მიტაცებულ მიწებს ვერ დაუკანონებს:

„მე ორი წელია აქ ვარ. რომელმა მოგვმართა დასახმარებლად და რომელს ვუთხარით უარი, რომ არ დავეხმარებოდით მათ ან ქირით ან იმ საბუთების შეგროვებაში, რომელიც მათ სჭირდებათ უსახლკარობის სტატუსის მინიჭებისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. ზუსტად ანალოგიური დავაფიქსირეთ ჩვენ არჩევნების წინ. ჩვენ მათ მიწების დაკანონებას კი არ დავპირდით, არამედ მათ დავპირდით, რომ ადამიანებს დავეხმარებით კანონიერი გზით და ადამიანებს ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სოციალური პაკეტი. გვაქვს, როგორც ქირით დაკმაყოფილების პაკეტი, გვაქვს ასევე უსახლკარობის სტატუსის მინიჭების პროგრამა, რომლის მიხედვითაც ჩვენ უკვე დავიწყეთ უსახლკარო სტატუსის მატარებელი ადამიანებისთვის სახლების შეძენა. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ ყველა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანს გვერდში დაუდგეს და ღია ცის ქვეშ არ დატოვოს, მაგრამ ჩვენი მკაცრი პოზიციაა, რომ უკანონობას არასდროს მხარს არ დავუჭერთ და უკანონო მშენებლობები და მიტაცება სახელმწიფო ქონების არის იგივე ქურდობა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. აქედან გამომდინარე, კანონიერი გზები არსებობს ძალიან ბევრი“.

კახა სამხარაძის თქმით, თებერვალში სამ ოჯახს, რომლებსაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, ბინები გადაეცემათ.

ჯამში, დედაქალაქის მერის განცხადებით, 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, დედაქალაქში 400-მდე ოჯახს აქვს მინიჭებული უსახლკაროს სტატუსი. როგორც კახა კალაძემ გასული წლის მიწურულს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველა ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით. პროცესი კი 2022 წლიდან დაიწყება:

„ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება, რომ არც ერთი უსახლკარო თბილისელი ოჯახი არ გვეყოლებოდა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გადაეცემათ მუნიციპალური საცხოვრისი და ეს პრობლემა მოიხსნება, მაგრამ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია“.

სამგორის რაიონის გამგეობის ფოიეში შეკრებილი მოქალაქეები დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. პაატა მაცაბერიძე, „პრობლემურ მსესხებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა, რომ ისინი იმ დრომდე არ დატოვებდნენ გამგეობის შენობას, სანამ დედაქალაქის მერი არ გადასცემდა მოქალაქეებს იურიდიულ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მათ დაუკანონდებათ ის მიწები, სადაც სახლები აქვთ აშენებული. თუმცა, ამ განცხადებიდან მალევე, სამართალდამცავებმა მოქალაქეებს გამგეობის შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

11 თებერვლის მონაცემებით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გარდა აფრიკის დასახლებისა, ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართალდართვევის კიდევ რვა ფაქტი გამოავლინა და ამ ეტაპზე, მშენებლობის შემსრულებლები გააფრთხილა.

მანამდე, 28 იანვარს, ორხევის დასახლებაში, მუნიციპალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე, შვიდი სახლის დემონტაჟი განხორციელდა. იქ ჯამში, მუნიციპალურმა ინსპექციამ 16 უკანონო ნაგებობა აღმოაჩინა.