თეონა აქუბარდია: საქართველოში უკრაინის კრიზისის შესაბამისი აღქმის პრობლემაა

თეონა აქუბარდია

პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრი თეონა აქუბარდია გადაცემა „დილის საუბრებში" ამბობს, რომ საქართველოში უკრაინის კრიზისის არასათანადოდ აღქმის პრობლემაა. მისი თქმით, შესაბამისად არ არის აღქმული, რომ საქმე ეხება საქართველოს არა მხოლოდ ნატოში წევრობის, არამედ სუვერენიტეტის საკითხს:

"დღეს არის საუბარი არა მხოლოდ ნატოში წევრობაზე, არამედ ჩვენს თავისუფლებაზე და ჩვენს სუვერენიტეტზე და აქ გვაქვს აღქმის პრობლემა, სამწუხაროდ, რომ ეს კარგად არ იგრძნობა. აქ არის კითხვები, რა უნდა გავაკეთოთ როგორც ქვეყანამ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები...

დღეს [საქართველო] რომ იყოს ის ქვეყანა, სადაც აღქმა არის შესაბამისი, რა თქმა უნდა, ვიხილავდით მთავრობის შიგნით განხილვებს უსაფრთხოების გარემოსთან მიმართებაში ... მეორე ასევე ვიხილავდით აქტიურად პარლამენტში მთავრობის წევრებს კომიტეტებზე მოსასმენად იმისა, თუ რას აკეთებენ ისინი იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული. ამ კონტექსტში ორჯერ იყო შეხვედრა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, მით უფრო იმ ფონზე, რომ ყოველდღიურად დინამიურად იცვლება ვითარება და უარესდება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. მისი თქმით, უკრაინის გარშემო ვითარების დაძაბვის ფონზე, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ადეკვატურად იმოქმედოს როგორც რისკების შემცირებაზე, ისე პრევენციაზე:

„მე მაკლია პოლიტიკა. ასეთი ვითარებაა, რას აკეთებს საქართველო და რა ნაბიჯებს დგამს?.. მაგალითად, თუ უკრაინაში მოხდება ის, რაც რუსეთს სურს და რუსეთი დაიწყებს აგრესიას, ეკონომიკა, არაფერს არ ვლაპარაკობ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ეკონომიკა ამ შემთხვევაში რამდენად დაზარალდება საქართველოსი და რა გეგმა აქვს საქართველოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამციროს ეს ზიანი?!

რა თქმა უნდა, ოკუპირებული რეგიონები და რუსი სამხედროები ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. ამ კუთხით ხომ არ არის საფრთხე, რომ პარალელურად საქართველოსაც შეექმნას სამხედრო აგრესიის რისკი?!

ამასთან ერთად, ჰიბრიდულ ომზე რომ ვლაპარაკობთ, ძალიან საინტერესოა ჩემთვის, როგორც უსაფრთხოების სპეციალისტისთვის, დაკვირვება, სინქრონიზებულად როგორ ხდება, უკრაინაში გამწვავების ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლა პოლიტიკური მოტივებით და პოლიტიკური ბერკეტებით: ეს არის ბორდერიზაციის გახშირებული ფაქტები, რომელსაც ვაკვირდებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში რისკის მაღალი ხარისხი შეინიშნება, ეს არის ადამიანების გატაცება, რომელიც შედარებით ინტენსიურია, ვიდრე ეს აქამდე იყო და ეს არის განცხადებები, მათ შორის, დე ფაქტო ლიდერის ცხინვალის რეგიონის, რომელიც ისევ და ისევ ანექსიაზე საუბრობს და ცხინვალის შეერთებაზე რუსეთთან. და ბელარუსის პრეზიდენტის განცხადება, რომელსაც გამოეხმაურნენ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები“, - ამბობს თეონა აქუბარდია, რომელიც აღნიშნავს, რომ უკრაინის გარშემო ვითარების დაძაბვისას საფრთხეები იზრდება საქართველოს მიმართაც.

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.