რუსეთმა უკრაინას უპასუხა, რომ მის საზღვრებთან არ "ეწევა უჩვეულო სამხედრო საქმიანობას"

რუსეთის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები სამხედრო სწავლებისას ბელარუსის ტერიტორიაზე. 9 თებერვალი.

რუსეთი აცხადებს, რომ არ ეწევა „უჩვეულო სამხედრო საქმიანობას“ საკუთარ ტერიტორიაზე და პირიქით, უკრაინას ადანაშაულებს დონბასში სამხედრო ოპერაციისთვის მზადებაში. ამის შესახებ ლაპარაკია რუსეთის პასუხში, რომელიც მან უკრაინას გაუგზავნა მის მოთხოვნაზე. კიევმა ეუთოს მექანიზმების მეშვეობით მოსთხოვა მოსკოვს ინფორმაცია უკრაინისა და ანექსირებული ყირიმის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის შესახებ.

ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთისგან პასუხი არ მიუღიათ, ამიტომ უკრაინამ ე.წ. ვენის დოკუმენტის ფარგლებში, რომელიც ნდობისა და უსაფრთხოების გამყარებისკენაა მიმართული, რუსეთთან ეუთოს პლატფორმაზე სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც რუსეთმა უკრაინას უარყოფითი პასუხი გასცა:

1. რუსეთის ფედერაციას სრული საფუძველი აქვს, არ დააკმაყოფილოს უკრაინის მოთხოვნა, რომელიც შეიცავს პროვოკაციულ განცხადებას რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილის, ყირიმის რესპუბლიკის შესახებ.

2. ამასთან, რჩება რა ვენის 2011 წლის დოკუმენტის შესრულების ერთგული, რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ არ აწარმოებს არავითარ უჩვეულო სამხედრო საქმიანობას საკუთარ ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით ვენის 2011 წლის დოკუმენტის III განყოფილების დებულებათა გამოყენება მიუღებელია.

3. ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეულ რაიონებში, რომლებსაც კიევი აკონტროლებს, თავმოყრილია უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება 120 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის ოდენობით, რომელიც სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვისაა გამიზნული.
ამასთან დაკავშირებით უკრაინის მოთხოვნას განვიხილავთ, როგორც მცდელობას, შიდა უკრაინული კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტისთვის მზადებიდან ყურადღების გადატანად, რისთვისაც პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დაეკისრება."
- ნათქვამია დოკუმენტში.

ვენის დოკუმენტი 2011 წელს მიიღო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო). დოკუმენტის მიხედვით, წევრი სახელმწიფო ვალდებულია გაასაჯაროოს მეზობელი ქვეყნის საზღვრებთან მიმდინარე სამხედრო წვრთნის დანიშნულება, მასში მონაწილე პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის რაოდენობა, მანევრების ზუსტი ადგილი, ზუსტად მიუთითოს მისი დაწყებისა და დამთავრების თარიღი.

კიევმა 11 თებერვალს საღამოს განაცხადა, რომ რუსეთს ინფორმაცია მოსთხოვა უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების საქმიანობის შესახებ.

13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური მოთხოვნა ბალტიის ქვეყნებმა გაუგზავნეს მინსკს.

კიევმა არაერთხელ განაცხადა მის საზღვრებთან რუსული სამხედრო დაჯგუფების მნიშვნელოვანი გაძლიერების შესახებ. დასავლეთის ქვეყნები ამბობენ, რომ მოსკოვი უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება. კრემლი ამას უარყოფს და ჯარების გადაადგილებას თავის შიდა საქმეს უწოდებს.