"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს, 13 თებერვალს, განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს არ აპირებს და ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე მოვლენებს. მან შემაშფოთებელი უწოდა არსებულ მდგომარეობას და იმ ტენდენციას, რაც უკრაინაშია.
„მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი თუ განცხადება. ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
ასევე ნახეთ პარლამენტმა მიიღო უკრაინის შესახებ რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.
რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. როგორც ცნობილია, რუსეთმა უარი მიიღო ალიანსის გაფართოების შეწყვეტაზე და დასავლეთი აქტიურად ეხმარება უკრაინას შესაძლო თავდასხმისთვის მოსამზადებლად.
რაც შეეხება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, კობახიძე აღნიშნავს: "რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. აქაც დავაკვირდებით ყოველდღიურად მოვლენებს და ამის მიხედვით გადაიდგმება ნაბიჯი“.
ქვეყნები მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა სიტუაციის შესაძლო ესკალაციის გამო.
უკრაინის პრეზიდენტი მიმართავს საზოგადოებას არ აჰყვეს პანიკას, რადგან ეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია.