ბორჯღალოსნებმა სტუმრად დაამარცხეს ნიდერლანდის ნაკრები

ამსტერდამში დღეს გამართულ მატჩში საქართველოს სარაგბო ნაკრებმა მეტოქეს თორმეტი ლელო გაუტანა

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩიდან (25:25) ერთ კვირაში, ხასიათი ნიდერლანდის ნაკრების ძლევით გამოიკეთა.

ამსტერდამში დღეს გამართული მატჩში ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს თორმეტი ლელო გაუტანა, მოუგო ანგარიშით 72:10 და საერთო საშეჯიბრო მონაგარს ხუთი ქულა შემატეს.

ბორჯღალოსნები მიმდინარე ტურნირზე, ორი ტურის შემდეგ მეორე ადგილს იკავებენ, შვიდი ქულით და ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს, რომელთანაც ჯერ არ უთამაშიათ.

ქართველი მორაგბეები მესამე ტურში რუსეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი 27 თებერვალს, თბილისის „დინამოარენაზე“ გაიმართება.