"ეს არის დასჯა" - მეცნიერები კვლევის უფლების გარეშე რჩებიან

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი

„შეურაცხყოფილები ვართ”, - ასე იწყებენ საუბარს ეროვნული მუზეუმის ის მეცნიერ-თანამშრომლები, რომელთა კვლევითმა პროექტებმაც რუსთაველის ეროვნული ფონდის კონკურსში 1 თვის წინ გაიმარჯვა.

საქმე ისაა, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორატის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა ახალბედაშვილმა 9 თებერვალს წერილით მიმართა რუსთაველის ფონდს და სთხოვა, არ მისცენ გრანტები გამაჯვებულებს. ის ამბობს, რომ მეცნიერებს დაფინანსების მოპოვება მის „ზურგს უკან” უნდათ.

თუკი ფონდი მისთვის წაყენებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ჯამში 130-მდე მეცნიერი დაფინანსების გარეშე დარჩება და მათი კვლევებიც შეჩერდება.

„ეს არის უპრეცედენტო თავდასხმა ქართულ მეცნიერებაზე, აკადემიურ თავისუფლებაზე, რომელიც ისეთივე მონაპოვარი და ისეთივე დასაცავი ფასეულობაა, როგორც სიტყვის თავისუფლება“, - უთხრა ჟურნალისტებს 11 თებერვალს ეროვნული გალერეის და ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა, ეკა კიკნაძემ. ეკა კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი მეცნიერია. ამ კონკურსისთვის მზადება მუზეუმის თანამშრომლებმა 2021 წლის დასაწყისში დაიწყეს, საკონკურსო პროექტები კი მარტში აარჩიეს. იმ დროს, როცა კონკურსის შედეგები გამოცხადდა, ანუ 2022 წლის 28 იანვარს, ეკაც და მისი გუნდის წევრებიც უკვე აღარ იყვნენ ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები. ფორმალურად ისინი სამსახურიდან რეორგანიზაციის პროცესში დაითხოვეს, თუმცა თავად თვლიან, რომ მინისტრს მათი სამოქალაქო აქტიურობა არ მოსწონდა.

ეკა კიკნაძეს ჯგუფთან ერთად ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობა უნდა ეკვლია.

რუსთაველის ფონდის მიერ გამარჯვებული პროექტების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში, 1 თებერვალს, კულტურის მინისტრმა მუზეუმის დებულება შეცვალა. ახალი რეგულაციით სამინისტრო აკონტროლებს როგორც მუზეუმებში მკვლევრების დაშვების, ასევე სამეცნიერო გრანტების მიღების პროცესსაც.

ასევე ნახეთ მუზეუმებში მკვლევრების დაშვების წესი იცვლება - პროცესს სამინისტრო გააკონტროლებს

ხელოვნებათმცოდნეების წრეში არაფორმალურად ითქვა, რომ გათავისუფლებული თანამშრომელბისთვის კვლევის უფლების შეზღუდვა „მინისტრის კიდევ ერთ შურისძიება იყო”. ეკა კიკნაძის გარდა, ამ ცვლილებით შეიძლებოდა მუზეუმის ფონდებში კვლევის უფლება შეზღუდვოდა გიორგი გაგოშიძესაც, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციისას გაათავისუფლეს თანამდებობიდან. კონკურსში გამარჯვების შემდეგ ის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კვლევას გეგმავდა.

სამუზეუმო ფონდებში მეცნიერების დაშვებაზე სამინისტროს თანხმობის აუცილებლობის შემოღება შეაფასა ICOM საქართველომ და თქვა, რომ ეს ცვლილებები არღვევს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) სამუზეუმო ეთიკის კოდექსის პრინციპებს. შინაარსით კი ეწინაღმდეგება მუზეუმის თანამედროვე განსაზღვრებასა და მისიას, იყოს ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

13 დაფინანსებულ, დამტკიცებულ სამეცნიერო პროექტზე უარის თქმის მოთხოვნა მეცნიერებისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. ახლა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები წერენ წერილებს რუსთაველის ფონდის, განათლების სამინისტროსა და უცხოელი კოლეგებისთვის გასაგზავნად.

„მსგავსი შემთხვევა არასოდეს არ ყოფილა. რუსთაველის ფონდის გრანტები ერთადერთი საშუალებაა, რომ აწარმოო კვლევა. ეს საკმაოდ ძვირი ჯდება და მუზეუმს ნამდვილად არ აქვს იმის საშუალება, რომ ეს დააფინანსოს”, - გვითხრა არქეოლოგმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნინო სულავამ.

მისი პროექტი, „ძველი კოლხეთი - სპილენძის მეტალურგია”, ერთ-ერთია 13 გამარჯვებულს შორს. ნინო ჰყვება, რომ ამ პროექტზე თითქმის ოცი წელია კოლეგებთან ერთად მუშაობს. გუნდი რუსთაველის ფონდთან 2016 წლიდან თანამშრომლობს და ამ პერიოდში მომზადდა ერთი მონოგრაფია, რამდენიმე სტატია და მოხსენება საერთაშორისო კონფერენციებისთვის. ნინოს პროექტში ჩართული იყო არქეომეტალურგი ოქსფორდის უნივერსტეტიდანაც.

„ჩვენ არქეომეტალურგები არ გვყავს. ეს ადამიანი არის ოქსფორდის პროფესორი და ძალიან დიდ საქმეს გვიკეთებს, იმ მხრივ, რომ ძალიან ძვირადღირებულ და მნიშვნელოვან ანალიზებს ფაქტობრივად უსასყიდლოდ გვიკეთებს ოქსფორდის ლაბორატორიებში. ახლა ეს გადასარევი მომენტი უნდა გავუშვათ ხელიდან”, - გვიხსნის ნინო სულავა. ის თვლის, რომ თუკი რუსთაველის ფონდი დათანხმდება დირექტორატის მოთხოვნას და უარს იტყვის გამარჯვებული პროექტების დაფინანსებაზე, ეს „მეცნიერების ღალატი” იქნება.

ეროვნული მუზეუმის მკვლევრების არქეოლოგიური ექსპედიცია

„თვითონ რუსთაველის ფონდი უნდა იყოს უხერხულ მდგომარეობაში. ეს პროექტები ჩვენ რომ შეგვაქვს, მერე იხილავს ევროპის კვლევების ცენტრის მეცნიერები. რუსთაველის ფონდი მათ ჩვენი პროექტების განხილვასა და შეფასებაში ფულს უხდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ახლა, როცა მეცნიერების ფულიც გადახდილია, პროექტებიც შერჩეულია და ამდენი შრომაა დახარჯული, ეუბნები, არა. უბრალოდ არა. არ მისცე ამათ ფული”, - გაკვირვებას ვერ მალავს ეროვნული მუზეუმის კიდევ ერთი თანამშრომელი, ნინო ჯაყელი. ისიც ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის გუნდის წევრია. ნინოს და მის კოლეგებს უცხოელ კონსულტანტთან ერთად საქართველოში პირველად უნდა ჩაეტარებინათ გეოარქეოლოგიური კვლევა. მეცნიერები სწავლობდნენ მდინარე ყვირილას აუზში კაჟის ბუნებრივ საბადოებს და იმას, თუ როგორ იყენებდა მას პალეოლითის ხანის ადამიანი.

გამოფენა ეროვნულ მუზეუმში "ქვის ხანა საქართველოში“, 2016 წელი

„ყველაფერს გვიზღუდავენ: სამეცნიერო საქმიანობას ზღუდავენ, ფონდებში შესვლა მაგათ უნდა შევუთანხმოთ, გათხრების ნებართვის გაცემის წესიც შეცვალეს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გარდა სამინისტროს ნებართვაც გახდა საჭირო, რაც საშუალებას მისცემს, არ დაუშვან ისეთი მეცნიერები ველზე, ვინც არ მოსწონთ. ეს არის მტრობა კულტურული მემკვიდრეობისაც და მთლიანად მეცნიერებისაც. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ბოლო ზღვარი”, - ამბობს არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე. ის, ორი გამარჯვებული პროექტის გუნდის წევრია და თვლის, რომ თუკი კვლევის საშუალება არ ექნებათ, ახალგაზრდა მეცნიერების უმეტესობა მხოლოდ მუზეუმის დაბალ ხელფასზე, თანაც შეზღუდული უფლებებით დიდხანს ვერ გაჩერდება. ამ საფრთხეზე ნიკოლოზის უფროსი კოლეგებიც საუბრობენ. ნინო ჯაყელი იხსენებს, რომ არც ისე შორეულ წარსულში, სანამ ეროვნული მუზეუმი შეიქმნებოდა, ახალგაზრდა თანამშრომლებად შუახნის ასაკის მეცნიერები ითვლებოდნენ.

ასევე ნახეთ ოროზმანის აღმოჩენა

„ახალგაზრდა მკვლევარი უნდა გაზარდო. მუზეუმი მარტო საგამოფენო დარბაზები ხომ არ არის. უმდიდრესი კოლექციები გვაქვს ნებისმიერი ტიპის კვლევისთვის, იქ თუ არავის შევუშვებთ, რად გვინდა. ორ საუკუნეზე მეტია ეს კოლექციები იქმნება და არის ნამდვილი ბიბლიოთეკა სამეცნიერო კვლევებისთვის. ბიბლიოთეკაში რომ შეხვიდე და გითხრან, იჯექი, მაგრამ წიგნი არ აიღოო, ეგეთი ვითარება გვაქვს. ეს არის დასჯა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, წარმატებული ინსტიტუციის დასჯა”, - ამბობს ნინო ჯაყელი. ის ვერ ხსნის, რატომ არ მოსწონთ კულტურის მინისტრს და მის გუნდს ეროვნული მუზეუმი, თუმცა იმაში დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯები გააზრებული და მიზანმიმართულია.

რის გამო დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ კვლევები

რუსთაველის ფონდი ფაქტობრივად ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც ფუნდამენტურ კვლევებს აფინანსებს. იმისათვის, რომ რუსთაველის ფონდის დაფინანსება მიიღოს მკვლევრების ჯგუფმა, რამდენიმესაფეხურიანი შესარჩევი კონკურსი უნდა გაიაროს.

კვლევების ხანგრძლივობა 2-3 წელია, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში პროექტის დაფინანსებისთვის ზედა ზღვარი წელიწადში 60 000 ლარია. ეროვნული მუზეუმი ყოველწლიურად მონაწილეობდა ფონდის საგრანტო კონკურსებში. საკონკურსო პროექტებს სამეცნიერო საბჭო განიხილავს და არჩევს. ასე მოხდა 2021 წლის გაზაფხულზეც.

2021 წლის მარტში განათლების სამინისტროს კულტურის სამინისტრო გამოეყო. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, ეროვნული მუზეუმის სამართავად დირექტორატი შექმნა. ეს სტრუქტურა ძირითადად მისთვის სანდო კადრებით დააკომპლექტა.

დღეს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის შემადგენლობა ასეთია:

  • დავით ლორთქიფანიძე [ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი];
  • ნიკა ახალბედაშვილი [ხელოვნების მუზეუმის დირექტორი];
  • ნინო ჭიპაშვილი [ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი];
  • ნინო სალუქვაძე [სპორტის მუზეუმის დირექტორი];
  • ზვიად კვიციანი [მესტიის მუზეუმის დირექტორი].

დირექტორატის შექმნის შემდეგ, შეიზღუდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის ავტონომია. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ადრე ეროვნული მუზეუმის დირექტორი იღებდა, ახლა დირექტორატი იღებს.

დირექტორატის 7 თებერვლის რიგგარეშე სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკა ახალბედაშვილმა რუსთაველის ფონდს გამარჯვებულ მეცნიერებზე გრანტის გაცემის შეჩერება იმიტომ მოსთხოვა, რომ მათ კონკურსში მონაწილეობა დირექტორატს არ შეუთანხმეს.

სხდომის ოქმის ის ნაწილი, რომელიც სამეცნიერო კვლევებს ეხება

„ოქმიდან ირკვევა, რომ დირექტორატის ხუთი წევრიდან, თეა წულუკიანის ხაზით, ეროვნულ მუზეუმში მინისტრის მთავარი „თვალი და ყური“, ნიკა ახალბედაშვილი საუბრობდა. მას ოპონირებას კი მხოლოდ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე უწევდა. დირექტორატის დანარჩენ 3 წევრს, ხმა არ ამოუღია. ჩუმად, მორჩილად და უსიტყვოდ დაუჭირეს მხარი 13 პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმას. არც კითხვა დაუსვამთ, არც მოსაზრება დაუფიქსირებიათ. ეს სამი ჩუმი დირექტორი მთავარი მონაწილეა იმ უკანონობის და უმსგავსობის, რაც მიმდინარე წლის 7 თებერვალს მოხდა”, - ასე აფასებს დირექტორატის მუშაობას იურისტი სულხან სალაძე. ის მიიჩნევს, რომ ნიკა ახალბედაშვილს არ ჰქონდა უფლება, დავით ლორთქიფანიძის ნაცვლად მიეწერა წერილი რუსთაველის ფონდისთვის გრანტების შეჩერების შესახებ. ამავდროულად, აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ 2021 წლის მარტში, როცა მუზეუმმა საკონკურსო პროექტები შეარჩია, დირექტორატი ამ ფორმით არ არსებობდა და არც მუზეუმის თანამშრომლებს ჰქონდათ მისთვის შეთანხმების ვალდებულება.

ნიკა ახალბედაშვილის წერილი ჯაბა სამუშიას

„ეროვნული მუზეუმის პროექტების რუსთაველის ფონდში ატვირთვა ტექნიკური საკითხია და გადაწყვეტილება, თუ რომელი პროექტი უნდა გასულიყო კონკურსზე, ჯერ კიდევ მარტის თვეში იყო მიღებული სამეცნიერო საბჭოს მიერ. ამდენად, დირექტორატის შექმნის შემდეგ, მაისში, რა პროცედურა გაირა პროექტებმა, ეს საერთოდ არ იყო დირექტორატის სამსჯელო თემა; სამწუხაროდ, რეალობა არის ის, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრების უმრავლესობა და პირადად მინისტრი წულუკიანი ებრძვიან მეცნიერებას და ცდილობენ, ყველა საშუალების გამოყენებით, სამუზეუმო სისტემაში ტოტალური კონტროლი დაამყარონ”, - ამბობს სულხან სალაძე.

რადიო თავისუფლება 10 თებერვლის შემდეგ ცდილობს დაუკავშირდეს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელს მისი პოზიციის გასაგებად. ჯაბა სამუშია სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს.

ასევე ნახეთ რაც მუზეუმში ხდება, მუზეუმში რჩება