ოკუპირებულ ცხინვალში მოახლოებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების წინ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. ის არჩევნებში ჩართულ სუბიექტებს აფრთხილებს, რომ დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.
„პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონისთვის საფრთხეები. NATO-ს ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოების მცდელობები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უარი 1997 წლის პოზიციებზე დაბრუნების შესახებ, აგრეთვე სსრკ-ს ყოფილი ქვეყნების, პირველ რიგში, საქართველოსა და უკრაინის, ამ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში ჩართვა იწვევს სერიოზულ სამხედრო რისკებს, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მიმართულებით”, - ნათქვამია გავრცელებულ ტექსტში.
დე ფაქტო „კაგებე"-ში აღნიშნეს, რომ ამ რთულ პირობებში იწყება ე.წ. საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია, რომელიც 10 აპრილის არჩევნებით დასრულდება.
„კაგებე" თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუშაობს იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და სტაბილურ გარემოში, მკაცრად მოქმედი კანონმდებლობისა და ზოგადად მიღებული დემოკრატიული პროცედურების ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია დასავლეთის ქვეყნების მიერ აქტიურად გამოყენებული ე.წ ფერადი რევოლუციის ტექნოლოგიები, რომლებიც მიზნად ისახავს შიდა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას.“
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მოუწოდებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლებს, ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატებს და მათ მხარდამჭერებს დაიცვან პოლიტიკური კორექტულობა და ხელი არ შეუწყონ საზოგადოებაში წინააღმდეგობების და დაძაბულობის ზრდას და ამით - გარე ძალების დესტრუქციულ პროვოკაციას.
„ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, რომელმაც გაუძლო მძიმე განსაცდელებს და შეძლო დამოუკიდებლობის დაცვა, კიდევ ერთხელ გამოიჩენს პოლიტიკურ სიბრძნეს და შეძლებს ადეკვატურად წარმართოს მომავალი საარჩევნო კამპანია ჩვენი რესპუბლიკის საკეთილდღეოდ. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევა, რომელიც უკავშირდება სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს, ცილისწამებასა და ურთიერთშეურაცხყოფას საჯარო სივრცეში, იწვევს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - აცხადებენ „კაგებე"-ში.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 10 აპრილს ჩატარდება. ამ დროისთვის ე.წ პრეზიდენტობის სურვილი 18 კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მათი რეგისტრაცია მოგვიანებით დაიწყება.