ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. ის ეხმაურება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება სუსის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარსულში გაავრცელა ინფორმაცია უწყების ჩართულობის შესახებ ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუმცა ცხადია, რომ ცალკეული სუბიექტების მხრიდან კვლავ გრძელდება მიზანმიმართული, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაც მიზნად ისახავს ზოგადად ინსტიტუტისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციას", - აცხადებს სუსი.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ბრიფინგი 2021 წლის ოქტომბერში გამართა. როგორც ის აღნიშნავდა, გერმანული მხარის დახმარებით გახსნა ტრანსნაციონალური დანაშაული, რომლითაც გერმანიის მოქალაქეებს მოტყუებით მილიონობით ევრო გამოსძალეს.
ასევე ნახეთ ქართულ-გერმანულმა გამოძიებამ გახსნა დანაშაული, რომლითაც გერმანიის მოქალაქეებს მილიონები გამოსძალესსუსის განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურასთან აღნიშნული დანაშაულის გამოსავლენად და ამ მიზნით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, რიგ შემთხვევებში კი უფლებამოსილი პირის დავალების საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ატარებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, უშუალოდ რატომ არ აწარმოებს გამოძიებას ამ კატეგორიის საქმეებზე: „ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობა შეიცავს საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა), 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და 218-ე (გადასახადებისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რაც „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების თანახმად, არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებს, თუმცა საგამოძიებო დავალების ფარგლებში ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, რისი ნათელი მაგალითიცაა საქართველოს პროკურატურასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარებული ერთობლივი გამოძიება, რომლის ფარგლებშიც არაერთი პირი მიეცა პასუხისგებაში".
სუსი უარყოფს, რომ სახელმწიფოს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით აქვს ლოიალური მიდგომა და არ ტარდება სათანადო ქმედებები დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ. განცხადებაში ლაპარაკია „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებსა" და მათ მიერ გავრცელებულ „სუბიექტურ ინფორმაციაზე".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გეგმავს მიმართოს ყველა სამართლებრივ საშუალებას, იმისთვის, რომ „საზოგადოებას მიეწოდოს რეალური, შეულამაზებელი და იურიდიულ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია უწყების საქმიანობის შესახებ".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა 10 თებერვალს სასამართლოს მიმართა „მთავარი არხისა“ და „ფორმულის", ასევე პარტია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ.
ლილუაშვილის ადვოკატის, მამუკა ღვინიაშვილის განმარტებით, საქმე ეხება ტელეკომპანიების ეთერებში გასულ ინფორმაციას ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის, მათი შესაძლო ფიგურანტების და მონაწილეების შესახებ. ადვოკატის თქმით, სიუჟეტებში „ქოლ-ცენტრებთან“ შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად გრიგოლ ლილუაშვილი დასახელდა.
ასევე ნახეთ სუსის უფროსმა სარჩელი შეიტანა „მთავარი არხის“, „ფორმულისა“ და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ„მთავარი არხის“ იურისტი თამთა მურადაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ არხზე გასული სიუჟეტიდან დაახლოებით სამი თვის თავზე, გრიგოლ ლილუაშვილის ეს სარჩელი ტელევიზიის წინააღმდეგ ერთგვარი სასამართლო სარჩელების კამპანიის ნაწილად აღიქმება, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შეუძლებელია მაღალი თანამდებობის პირმა არ იცოდეს, რომ მას აქვს თმენის ვალდებულება.
„სიუჟეტი დაახლოებით სამი თვის წინ იყო და ახლა რატომ გადაწყვიტა საჩივრის შეტანა, გაუგებარია. თანაც სიუჟეტში ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და კანონი სრულად იყო დაცული. ყველაზე ნაკლებად ამ ადამიანს ეხებოდა, მაგრამ შეიტანა საჩივარი ორი არხის წინააღმდეგ და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ. ცოტა გაუგებარია, თუ მას საკუთარი უფლებების დაცვა უნდოდა, უარყოფა უნდოდა ინფორმაციის, შეეძლო სამი თვის წინაც გაეკეთებინა, მაგრამ სამი თვის შემდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ვფიქრობ, რომ ეს იმ ბევრი სარჩელების და იმ სასამართლო კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმდინარეობს "მთავარი არხის" წინააღმდეგ სასამართლოებში. მათ შორის სუსის კრებსებში მოხსენიებულმა მერობის კანდიდატებმა, ბევრმა ერთად შეიტანა სასამართლოში სარჩელი და ახლა სუსის ხელმძღვანელიც დაეწია მათ. ასე შეიძლება აიხსნას ეს, სხვა მხრივ წარმოუდგენელია ასეთი მაღალი თანამდებობის პირმა არ იცოდეს, რომ მას აქვს თმენის ვალდებულება მისდამი კრიტიკული თუ არასასიამოვნო ინფორმაციის შესახებ“, - ამბობს თამთა მურადაშვილი.
მისი სიტყვებით, 10-ზე მეტ პირს სარჩელი აქვს შეტანილი სასამართლოში და ითხოვს 55 555 ლარის ოდენობის თანხით მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც თითქოს მათ მიადგათ სატელევიზიო სიუჟეტის გამო.
საუბარია გასული წლის 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სუსის მიერ შედგენილი დიდი მოცულობის ფაილებზე, რომლებიც მეტწილად სასულიერო პირებს შეეხებოდათ. ფაილებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასულიერო პირებს, მედიას, პოლიტიკოსებს უსმენს, ინფორმაციას აგროვებს, ინახავს და ინტერპრეტაციებს უკეთებს. ჩანაწერებში მოხვედრილი ადამიანების ნაწილი ადასტურებს იქ აღწერილი ამბების ნამდვილობას. სასულიერო პირების მონაწილეობით სავარაუდო დანაშაულებზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.
რადიო თავისუფლება ტელეკომპანია "ფორმულასაც" დაუკავშირდა გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელის შესახებ პოზიციის გასარკვევად. პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.
გასული წლის ოქტომბერში კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესა და ტრანსნაციონალურ დანაშაულს დაუკავშირა.
"ამ ქოლ-ცენტრების უკან სავარაუდოდ დგას კეზერაშვილი, მას აღნიშნული ქოლ-ცენტრები ჰქონდა უკრაინაშიც, აქაც ჰქონდა მცდელობაც. რეალურად, გამოძიება, რომელიც თქვენ ნახეთ და ჩვენს პროკურატურასთან ერთად გერმანული მხარე, ძალიან მალე თქვენ საინტერესო დეტალებს გაიგებთ... ეს არ არის ჩემი სპეკულაცია ან ჭორი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც იყო ამ თემაზე მომზადებული", - თქვა ღარიბაშვილმა.
ტელეკომპანია "ფორმულა"-მ დავით კეზერაშვილის მიმართ პრემიერ-მინისტრის ბრალდება თავდასხმად აღიქვა.
"ბრძოლა მედიასთან არჩევნების წინ კრიტიკულ ფაზაში - არჩევნებამდე ორი დღით ადრე ირაკლი ღარიბაშვილი "ფორმულას" დამფუძნებლის წინააღმდეგ მართლმსაჯულებას კიდევ ერთ საჯარო დავალებას აძლევს. პრემიერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დამფინანსებელს ახალ ბრალდებას უყენებს - ამჯერადაც ჭორაობით", - თქვა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, ვახო სანაიამ.
პრემიერის ამ განცხადებასთან დაკავშირებით არხმა სიუჟეტიც მოამზადა და აღნიშნა, რომ რეალურად გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კეზერაშვილის ქოლ-ცენტრების საქმესთან კავშირი ვერ დაადგინეს. ჟურნალისტმა წაიკითხა სტატიის ის ნაწილი, სადაც ეწერა:
"OCCRP-მ ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ რომელიმე ყოფილი მინისტრი დაკავშირებული იყო „ქოლ-ცენტრების" საქმესთან. ელექტრონული წერილით კეზერაშვილი ამბობს, რომ არასდროს სმენია Milton Group-ის შესახებ და არ იცის მისი ქმედებების შესახებ".
ასევე ნახეთ "ფორმულა" კეზერაშვილზე პრემიერის ბრალდებას კრიტიკულ მედიაზე თავდასხმად აღიქვამს