კობახიძე: გვჭირდება მტკიცებულებები, რომ სასამართლოში სისტემური პრობლემებია

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათი ოპონენტები, რომლებიც სასამართლოში სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ, კონკრეტულ მაგალითებს ვერ ასახელებენ. მან "პალიტრანიუსის" ეთერში თქვა, რომ სასამართლოს მიმართ უნდობლობა "წინა რეჟიმის" შემქმნელებსა და მათთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ.

"რა თქმა უნდა, ხარვეზები იქნება სასამართლოში, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა ტიპის ხარვეზები და ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ რეფორმაზე. ჩვენ გვჭირდება მტკიცებულება იმისა, რომ არის სისტემური პრობლემები სასამართლოში, რაც არავის წარმოუდგენია დღემდე. არის ზეპირი საუბარი, "კლანი", "რაღაც ხდება", საბჭოური მეთოდებით კლიშეების მიკერება, ეს არის სუფთა საბჭოური, ბოლშევიკური მეთოდები, რაც "ნაცმოძრაობისთვის" და მასთან აფილირებული ორგანიზაციებისთვის არის დამახასიათებელი. ამის იქით არის სიცარიელე, არავითარი ფაქტები და მტკიცებულებები", - თქვა კობახიძემ.

სასამართლო კლანის არსებობაზე არა მხოლოდ "ქართული ოცნების" ოპონენტები, არამედ საქართველოში მოქმედი ავტორიტეტული ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ.

ტერმინი "კლანი" არაერთხელ არის ნახსენები, მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის მარტის ანგარიშში.