მოახერხებს თუ არა სომხური „მაწუნი“ ქართული „მაწონის“ მსგავსად სახელწოდების დარეგისტრირებას და პროდუქციის სწორედ ამ სახელით წარმოებას და გატანას საზღვარგარეთ, ეს, სავარაუდოდ, მალე გახდება ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქართული და სომხური მხარეები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და იგეგმება სამუშაო ჯგუფის შეხვედრაც.
სომხური „მაწუნი“ ქართული მედიის ყურადღების ცენტრში ორი დღის წინ, მაშინ მოექცა, როდესაც სომხურმა საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ აკრძალა სომხური წარმოების რძის პროდუქტის „მაცუნის“ ტრანზიტი. მათი ცნობით, საქართველომ უარი თქვა პროდუქტის სომხეთიდან რუსეთში საქართველოს გავლით ექსპორტზე.
რატომ აუკრძალა საქართველომ სომხურ „მაწუნს“ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა?
საქართველომ „მაწონი“ ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის იანვრის ბოლოს დაარეგისტრირა გეოგრაფიულ აღნიშვნად. ანუ უფრო მარტივად თუ ვიტყვით, სახელწოდება „მაწონი“ დააპატენტა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ სხვა ქვეყანა იდენტური ან მიმსგავსებული სახელით პროდუქტის ექსპორტს ვერ შეძლებს იმ ქვეყნების ტერიტორიებზე, სადაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებია (დაპატენტებული სახელებია) დაცული. ასეთი შეთანხმება კი საქართველოს ჯერჯერობით გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, უკრაინასთან, დიდ ბრიტანეთთან და შვეიცარიასთან.
გეოგრაფიული აღნიშვნების ნუსხაში მაწვნის გარდა კიდევ რამდენი ათეული დასახელებაა აღრიცხული. მათ შორის, მაგალითად, ჭაჭა, ჩურჩხელა, ტენილი, სულგუნი, გუდა, იმერული ყველი, ქუთაისის მწვანილი, ნინოწმინდის თაფლი, ქვევრი, ხეთის მანდარინი, ხვანჭკარა, მუკუზანი, თუშური გუდა, ქინძმარაული და ა.შ.
ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველომ „მაწუნი“ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვა, რეალურად, ეხებოდა არა ორი დღის წინ მომხდარ ფაქტს, არამედ 2021 წლის ზაფხულში მომხდარ შემთხვევას, როდესაც რძის პროდუქტით, „მაწუნით“ დატვირთული სომხეთიდან მომავალი ტრაილერი, რომელსაც პროდუქტი საქართველოს გავლით რუსეთში უნდა გადაეტანა, ქართველმა მებაჟეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.
თენგიზ კალანდაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი რადიო თავისუფლებას უხსნის, თუ რატომ აუკრძალა ქართულმა მხარემ სომხეთიდან მომავალ ტრაილერს საქართველოში შემოსვლა:
„საბაჟომ გვაცნობა, რომ საზღვარზე დგას ტრაილერი, რომელიც დატვირთულია საქართველოში დაპატენტებული სახელის მსგავსი პროდუქციით. „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“ კანონით ნათქვამია, რომ დაპატენტებული პროდუქტის მიმსგავსებული სახელის გამოყენება არ შეიძლება და რაკიღა სომხური სიტყვა „მაწუნ“ ძალიან ჰგავდა ქართულ „მაწონს“, ჩვენ ეს ტრაილერი გავაბრუნეთ უკან“.
თენგიზ კალანდაძის თქმით, იმავე პერიოდში, სომხეთი საქართველოს გავლით ცდილობდა გაეტანა რუსეთში „ჩურჩხელაც“, რომელიც ასევე აქვს საქართველოს დაპატენტებული, თუმცა, „მაწუნის“ მსგავსად ქართულმა მხარემ ამ პროდუქტით დატვირთული ტრაილერიც საბაჟოდან უკან გააბრუნა.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრის პრესმდივნის, გაიანე ანტონიანის თქმით, სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე უფლებამოსილმა ორგანომ, საქართველოს მიერ „მაწონის“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, პროტესტი ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს ჯერ კიდევ 2011 წელს წარუდგინა. სომხეთმა თავისი მიმართვა იმით ახსნა, რომ სახელწოდება „მაწონი“ ძალიან ჰგავდა სომხეთში წარმოებულ რძის პროდუქტს „მაწუნს“, მაგრამ უწყების მიმართვა მაშინ არ იქნა გათვალისწინებული.
ამჯერად კი როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების, ანუ სახელწოდების დაპატენტების საკითხების შესახებ:
„სომხეთთან გვაქვს მოლაპარაკებები და შეიძლება ჩვენ ჩავიდეთ სომხეთში. დაგვიკავშირდა მინისტრის მოადგილე, შესაძლოა შედგეს სამუშაო ჯგუფი. სომხები აპირებენ, რომ დაადასტურონ, რომ მათაც აქვთ ტრადიციული პროდუქტი და ამ პროდუქტს ათწლეულების განმავლობაში ერქვა „მაწუნი“ და თუკი ისინი მოახერხებენ, რომ დაარეგისტრირონ, დააპატენტონ ეს პროდუქტი, დაუმტკიცონ ევროკავშირს, რომ ეს მათი ტრადიციული პროდუქტია, შესაძლოა, მათ მიეცეს უფლება, რომ თავიანთი პროდუქტიც დაიცვან. ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც ევროკავშირთან, ისე ჩვენთანაც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თენგიზ კალანდაძე.
შესაძლოა, რომ კონსენსუსი შედგეს და ბაზარზე „მაწონთან“ ერთად გაჩნდეს „მაწუნიც“? - ვკითხეთ თენგიზ კალანდაძეს, რაზეც ის გვპასუხობს: „მიმდინარეობს მოლაპარაკება“.
გარკვეული შეთანხმების იმედი აქვს სომხურ მხარესთან ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მანანა ფრუიძეს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, სომხეთში უკვე გაგზავნილია შეთავაზების ტექსტი, რათა გაფორმდეს ორმხრივი ხელშეკრულება გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ. სწორედ ისეთი ხელშეკრულებები, როგორიც უკვე არსებობს ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან:
„სომხეთში ასევე გაგზავნილია ჩვენი გეოგრაფიული აღნიშვნების ნუსხაც. გასულ წელს ჩატარდა უწყებათაშორისი სამთავრობო ეკონომიკური კომისიის სხდომა, სადაც მხარეები შევთანხმდით, რომ მიმდინარე წელს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაიწყება ტექსტზე მუშაობა გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებაზე. შესაბამისად, ველოდებით, რომ წლის პირველ ნახევარში უნდა მოხდეს იმ სიის განხილვა, რომლის ურთიერთაღიარებაც მოხდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მაწონთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება და აღიარებული იქნება ის, რომ მაწონი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნაა და შესაბამისად, „მაწვნის“ დაცვა სომხეთის ტერიტორიაზეც მოხდება“.
„მაწონი“ და „მაწუნი“ - ქართული თუ სომხური?
საიდან იღებს სათავეს ეს ორი სიტყვა? ჯერ ქართული „მაწონი“ იყო თუ ჯერ სომხური „მაწუნი“? რომელმა რომლისგან ისესხა ეს სიტყვა? ენათმეცნიერები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ფიქრობენ, რომ ამ საკითხს შესაძლოა, მეტი სიღრმისეული კვლევა სჭირდებოდეს, თუმცა, სხვადასხვა ლექსიკონზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ის სომხური წარმომავლობის სიტყვა უნდა იყოს.
არმენოლოგი ნათია ჩანტლაძე, 1926 წელს გამოცემულ სომხურ ფუძეთა ეტიმოლოგიურ ლექსიკონზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ ამ სიტყვის ძირი „მაწ“ სომხურია:
„ცხადია, ლექსიკონი სახარება არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვერ დავიჩემებთ, რომ მაწონი მაინც და მაინც ქართული წარმოშობის სიტყვაა. ამ სიტყვის ძირი სომხურია. ქართული წარმოება ამ სიტყვაში არ იკითხება. თუმცა, ეს სიტყვა საქართველოში ძალიან დიდი ხანია, რაც შემოსულია. სომხურ ძირს, „მაწ“, საკმაოდ ფართო ვარიაციები აქვს სომხურ ენაში. ძველი სომხურის ლექსიკონში, სიტყვა მაწუნი უკვე მოხსენიებულია, როგორც შემჟავებული რძის აღმნიშვნელი სიტყვა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სიტყვა დაახლოებით შუა საუკუნეებიდან გვხდება სომხურ ენაში. ძირი „მაწ“ ნიშნავს შეკვრას, შეკავშირებას, შედედებას, ამჟავებას, შესქელებას. ეს არის ძირეული სომხური სიტყვა“.
თითქმის იგივე მოსაზრება აქვს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კიდევ ერთი არმენოლოგს, ივა შილაკაძეს: „ზუსტად ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ ალბათ სიტყვა სომხურია. მათ ზმნაც აქვთ, მაწნელ, რაც ნიშნავს ქართულად შედედებას. ეს არის პრინციპული განსხვავება“.
„მაწვნის“, როგორც საქონლის დასახელების რეგისტრაციის განაცხადში, რომლის წარმდგენიც „საქპატენტში“ 2011 წელს საქართველოს სოფლოს მეურნეობის სამინისტრო იყო, ვკითხულობთ:
”ი. ჯავახიშვილის გადმოცემით, კარგი ხარისხის კარაქი ძროხის მაწვნის შედედებით მიიღება. კარაქის მისაღებად ქართველები იყენებდნენ თიხისა და ხის სადღვებლებს. მთლიანი თიხის სადღვებლები აღმოჩენილია მცხეთაში, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის XI-IX საუკუნეებით თარიღდება. ამ მონაცემების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ძველი მოსახლეობა იცნობდა რძის პროდუქტების დამზადება-გამოყენების მნიშვნელოვან ხერხებს.
საქართველოს კუთხეებში მაწონი სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიება: ქიზიყში მაწონს წველას ეძახიან, სვანეთში - მარწვენ, საინგილოში - წოლას და ამზადებდნენ ცხვრის მაწვნიდან გაწურულ მაწონს, რომელსაც ცხვრის გუდაში ალაგებდნენ.
ქართველი ხალხი უძველესი დროიდან რძის შესადედებლად იყენებდა მაწვნის დედოს, ძევალს. სვანეთში მაწონი გამოიყენება ყველაზე უფრო თიბვის პერიოდში, რადგანაც იგი წყალს ნაკლებ აწყურებდა მთიბავებს და ამავე დროს კვებითი ღირებულებითაც გამოირჩევა. მოხევეები მაწვნის გასაკეთებლად ადუღებულ გაგრილებულ რძეში ამატებენ მაწვნის დედოს ანდა მაწვნის დედოს მაგიერ ცოტა ღილას უმატებენ“.
ასევე ნახეთ „იმედი“ ბოდიშს იხდის „მაცუნის“ შესახებ სიუჟეტის წარდგენისას დაშვებული შეცდომის გამო