საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. ამასთან, პარლამენტში უკვე დაწყებულია პროცედურა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად.
დღეს, 10 თებერვალს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო:
„დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ, მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით".
როგორც ნათელაშვილმა თქვა, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ბოიკოტი ვერ შედგა და „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვით, „მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში დაბრუნება“, ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ „ეს რეალიები, აღნიშნული მოთხოვნები, ხალხის, ქვეყნის საჭიროება, ტკივილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია იმ დაგროვილი პრობლემებით, რისი გადაწყვეტაც სწორედ პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს“.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მზად არიან შეეჭიდონ "იმ ფრონტს, რასაც ჰქვია ანტისახალხო კოალიცია თანამედროვე საპარლამენტო უმრავლესობის სახით".
ასევე ნახეთ შალვა ნათელაშვილი გამოკითხვას ატარებს: "შევიდე თუ არა პარლამენტში?"შალვა ნათელაშვილი პარლამენტში მისვლას აპირებს მომავალ კვირაში, როცა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომები უნდა განახლდეს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ კი, უკვე მომზადებულია დასკვნა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. კომიტეტმა გადაწყვეტილება 7 თებერვალს მიიღო პარლამენტის რეგლამენტზე დაყრდნობით - არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. საკითხი საბოლოოდ გადაწყდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით.
ასევე ნახეთ პარლამენტს მოუწოდებენ უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს ოპოზიციონერ დეპუტატებსსხდომების გასაცდენად ერთ-ერთი "საპატიო მიზეზი" პოლიტიკური ბოიკოტია, რაც პარლამენტს დადგენილი წესით უნდა ეცნობოს. ეს შალვა ნათელაშვილს არ გაუკეთებია, მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით. ამ ოპოზიციური პარტიის წევრი დეპუტატები პოლიტიკური ბოიკოტით თვეების განმავლობაში სარგებლობდნენ და პარლამენტის სხდომათა დარბაზში თებერვლიდან დაბრუნდნენ.
შალვა ნათელაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში "ლეიბორისტული პარტიიდან" არჩეული ერთადერთი დეპუტატია. ამ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვეს და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად. 2021 წლის თებერვალში, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა 50-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ასევე ნახეთ საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზეოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო საქმიანობას 2021 წლის აპრილში დათანხმდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით პარტია "ქართულ ოცნებასთან" გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.