„იმედი“ ბოდიშს იხდის „მაცუნის“ შესახებ სიუჟეტის წარდგენისას დაშვებული შეცდომის გამო

ტელეკომპანია „იმედი“ ბოდიშს იხდის შეცდომის გამო, რომელიც სიუჟეტის - „ქართული მაწონი „მაცუნის“ წინააღმდეგ“ წარდგენისას 9 თებერვალს „ქრონიკის“ 20 საათიან გამოშვებაში დაუშვა და განმარტავს, რომ „ეს იყო ტექნიკური შეცდომა და გამოყენებულ ფოტოზე წარწერა არ ასახავს ორიგინალს“.

სიუჟეტის წარდგენისას, ეკრანზე გამოჩნდა ფოტო სომხური წარმოების რძის პროდუქტის, „მაცუნის“ ბოთლით, რომლის ეტიკეტზეც ქართულად აწერია „მაცუნი“, ხოლო სომხურად „ყარაბაღი აზერბაიჯანია, ტოლმაც აზერბაიჯანულია“.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ტელეკომპანია „იმედში“, სიუჟეტის წარდგენისას გამოყენებული იყო საძიებო სისტემიდან, „გუგლიდან“ ამოღებული ფოტო და შეცდომა ტექნიკურმა პერსონალმა დაუშვა.

ტელეკომპანია „იმედი“ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „სიუჟეტის ეს ნაწილი, ამოღებული იქნება ჰოლდინგის ყველა სოციალური პლატფორმიდან, წუხილს გამოთქვამს და ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომის გამო“.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველომ აკრძალა სომხური წარმოების რძის პროდუქტის „მაცუნის“ ტრანზიტი. როგორც „არმენპრესი“ იტყობინებოდა, საქართველომ უარი თქვა პროდუქტის სომხეთიდან რუსეთში საქართველოს გავლით ექსპორტზე. აკრძალვა კი დაწესდა იმ მიზეზით, რომ საქართველომ რძის პროდუქტი „მაწონი“ ინტელექტუალური საკუთრების პროდუქტად ჯერ კიდევ 2012 წელს დააპატენტა.

ასევე ნახეთ „მაწონი“ და „მაწუნი“ ჯერ (ვერ) დაძმობილდნენ

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ მის ტერიტორიას და მოსაზღვრე შვიდ რაიონს სომხეთის ძალები აკონტროლებდნენ 1990-იანი წლების პირველი ნახევრიდან.

ამ ხნის განმავლობაში მხარეებს შორის დროდადრო ყოველთვის იყო მცირე შეტაკებები, მაგრამ 2020 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ფართო მასშტაბის სამხედრო იერიში წამოიწყო და ხელში ჩაიგდო მთიანი ყარაბაღის მოზრდილი ტერიტორია და მისი მოსაზღვრე რაიონები.

10 ნოემბერს მხარეებმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი საზავო შეთანხმებას, რის შედეგადაც კონფლიქტის ზონაში რუსეთის 2000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა.