Alaverdi Resort, საძირკველში დამარხული ლოცვა და კულტურის სამინისტროს დუმილი   

თუკი ერთხელ მაინც მიგიყურადებიათ უნაკლო სიჩუმისთვის ალაზნის გაშლილ ველზე ამოზრდილ ალავერდში, შეგიძლიათ დაივიწყოთ. საკათედრო ტაძრიდან ორასიოდე ნაბიჯში ახლა სამშენებლო ტექნიკა გუგუნებს. 2023 წლის სექტემბრის ბოლოსთვის იქ ფეშენებელური, 32 ნომრიანი პრემიუმ სასტუმრო, „ალავერდი რეზორტ“ უნდა გაიხსნას. სასტუმროს ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბადაგონი“ მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითის, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით აშენებს.

ახლა ალავერდის ტაძართან მიწის მოსამზადებელი სამუშაოები მიდის. ასე გვიხსნის გაბრიელ მიქაძე, სამუშაოთა მწარმოებელი: „დაახლოებით 5000 კვადრატზე აშენდება. შენობის მაქსიმალური სიმაღლე გამოვა 13-15 მეტრი. სექტემბერში უნდა დავასრულოთ მშენებლობა“.

მშენებლობა ლოცვა-კურთხევით

„უფალო, მინდობილნი ძლიერებისა შენისასა, აღმშენებლად სახლისა ამისა, მოქმედება ამისი ამაღლებულ ჰყავ და დაამტკიცე ესე კლდესა ზედა მტკიცესა, ღირსებით გამოაჩინე მემკვიდრეები საქმისა ამისა და ჩვენ შეგვიწყალენ, ამინ“, - ასე აკურთხა მიტროპოლიტმა სასტუმრო „ალავერდი რეზორტის“ საძირკველი 3 თებერვალს, „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა კი სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, სიმბოლური კაფსულაც ჩაუშვეს. კაფსულა, სადაც მიტროპოლიტის ლოცვის ტექსტი იყო დატანილი.

კაფსულის ჩაშვების ცერემონია, გიორგი სალაყაია და ლევან დავითაშვილი

როგორც კი პროექტს გავეცანი, „მაშინვე გარკვეული სიმპატია გამიჩნდა“ მის მიმართო, - თქვა პრეზენტაციაზე ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა:

ლევან დავითაშვილი

„ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ამ პროექტის განხორციელების, იმიტომ, რომ როგორც ყველა პროექტი, რომელიც მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით არის განხორციელებული, თავის თავში მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან ბალანსს. ბალანსს ბიზნესის ინტერესებსა და კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას შორის. ამ პროექტს ესთეტიკაც განსაკუთრებული აქვს და ეს იქნება ძალიან ჰარმონიულად შერწყმული იმ ღირებულ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასთან, რომელიც აქ გვაქვს და იმ განსაკუთრებული სულიერი ფასეულობის ძეგლთან, როგორიც არის ალავერდის მონასტერი და ვფიქრობ, რომ სწორი განვითარება, სწორად ღირებულებების შექმნა, ზუსტად ეს არის, რასაც „ალავერდი რეზორტის“ განვითარებაში ვხედავთ“.

„ალავერდი რეზორტ“ არ არის კომპანია „ბადაგონისა“ და ალავერდის ეპარქიის პირველი ერთობლივი პროექტი. როგორც კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი, გიორგი სალაყაია ამბობს, კომპანიას ეპარქიასთან 16-წლიანი ურთიერთობის გამოცდილება აქვს და მისი სიტყვებით, ამ ურთიერთობების შედეგად „ბევრი საქმე“ გაკეთდა:

„ეს არის მშენებლობა, ტრადიციაზე, კულტურის შენარჩუნებასა და მის გავრცელებაზე ერთობლივი მუშაობა. ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე მოხდა მეთერთმეტე საუკუნის ქვევრის მარნის რეკონსტრუქცია, აშენდა ჩვენს მიერ სიძველეთსაცავი მუზეუმი, მალე ფუნქციონირებას დაიწყებს იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია. ასევე წელს არის დაგეგმილი შუამთის ტურისტული კარიბჭის ამოქმედება. ალავერდის მიმდებარედ უკვე აშენებულია ქართული ღვინისა და კერძების კომპლექსი „მაწვნის სახლი“. და რაც ყველაზე მთავარია, რომ ამ ყველაფრის შუაგულში არის ჩვენი ქვეყნის უძველესი სიწმინდე, ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. ამ ყველაფერს კი დაამშვენებს ახალგაზრდა, ნიჭიერი არქიტექტორის, ჩემი მეგობრის, ზვიად სურგულაძის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური და ესთეტიკური თვალსაზრისით უნიკალური სასტუმროს პროექტი“.

გიორგი სალაყაიას თქმით, სასტუმრო განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს „პილიგრიმ-ტურისტებისთვის“.

სასტუმროს მაკეტი

პრემიუმ კლასის სასტუმრო ალავერდის ეპარქიის კუთვნილ მიწაზე შენდება. რა პირობით მიიღო კომპანიამ ეპარქიისგან ეკლესიის კუთვნილ მიწაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა, შევეცადეთ ეს კითხვა „ბადაგონის“ დამფუძნებლისთვის, გიორგი სალაყაიასთვის დაგვესვა. თუმცა, ის არც ჩვენს სატელეფონო ზარს პასუხობს და არც ტექსტურ შეტყობინებას.

ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ ვერც თავად მიტროპოლიტ აბბა ალავერდელისგან. თუმცა, მისი კეთილგანწყობა მშენებლობის მიმართ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციისას ისედაც ნათელი იყო. მეტიც, ალავერდის ეზოში მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ისიც თქვა, რომ მცდარია დამოკიდებულება, თითქოს ეკლესიასთან თანამშრომლობა არ შეიძლება და რომ იდეა მსგავსი ტიპის დასასვენებელი კომპლექსის აშენებისა ჯერ კიდევ წლების წინ გაუჩნდა მას:

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი

„ეს ფიქრი, დიდი ხანია გვქონდა, მაგრამ არც მეგონა, როგორ და ვისთან ერთად შეიძლებოდა განხორციელებულიყო... შეხედულება, რომ ეკლესიის კუთვნილ მიწაზე ან უძრავ ქონებაზე რაიმეს წამოწყება არ შეიძლება, ეს ამ მაგალითით ირღვევა და ამაში დიდი წვლილი ბატონ გოგი სალაყაიას და კომპანია „ბადაგონს“ ეკუთვნის. წარმოვიდგინოთ, ეს რჩება ამ ქვეყანას. მისი პატრონი იქნება ერი და ბერი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი... დაიდება მაგალითი, ჩვენ ამ ქვეყნის შვილებმა, ერმა და ბერმა, სახელმწიფომ, ბიზნესმა და ეკლესიამ როგორც უნდა ვფიქრობთ, ვიშრომოთ და ვაშენოთ ქვეყანა, რომელიც ყველასთვის იქნება საამაყო და ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი მაგალითი იქნება ამ სასტუმროს ამ ადგილზე მშენებლობა“.

სასტუმროს მაკეტი

რას ფიქრობენ ხელოვნებათმცოდნეები?

„დანაშაულია“, „ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა“, - ასე აფასებენ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მეთერთმეტე საუკუნის არქიტექტურულ ძეგლთან წამოწყებულ მშენებლობას ხელოვნებათმცოდნეები.

როგორც გია ჭანიშვილი გვიხსნის, ალავერდის კათედრალს გარდა არქიტექტურული მნიშვნელობისა, უნიკალურობას სძენს თავად ის გარემო და ლანდშაფტი, სადაც ტაძარი დგას. ეს არის ალაზნის გაშლილი ველი. გაუმართლებელი და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება - სწორედ ასე მოიხსენიებს ის სასტუმროს მშენებლობის იდეას და ამბობს, რომ არ შეიძლება ეკონომიკურ, ბიზნეს სარგებელს ეწირებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები:

გია ჭანიშვილი

„ტაძარი ამოზრდილია გაშლილ ველზე. მისი ლანდშაფტი საუკუნეების მანძილზე ხელშეუხებელია. ის ღირებულია სწორედ იმით, რომ ამ გარემოშია ჩაწერილი. ტაძრის ტერიტორიაზე, მის სიახლოვეს ნაგებობების გაჩენა, დანაშაულია. ერთი სასტუმრო თუ აშენდება, მაშინ იქვე მეორეც მივუშენოთ, უფრო მეტი ხალხი მივა, არა? ეს იგივეა, რომ მცხეთაში, ჯვრის მონასტერს გვერდით სასტუმრო მიუშენო, რატომაც არა, სასტუმრო იქნება, ტურისტები დაიწყებენ სიარულს, ფული გაჩნდება. სრულიად გაუმართლებელი, არასწორი მიდგომაა“.

სწორედ ალავერდის გარშემო არსებულ განუმეორებელ ლანდშაფტსა და მის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კიდევ ერთი ხელოვნებათმცოდნე, თამარ ამაშუკელი.

„ალავერდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუხტი და გავლენა, რომელსაც ეს სრულიად უნიკალური ტაძარი ახდენს, ის გარემოა. ამ გარემოში ერთიანდება ალავერდი, მის უკან გადაშლილი უკიდეგანო სივრცე, ალაზნის ველი და თითქოს ამ ყველაფერში ჩახატული კავკასიონი“.

თამარ ამაშუკელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ალავერდის მახლობლად სასტუმროს მშენებლობით ირღვევა კანონი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“. უფრო კონკრეტულად კი ამ კანონის 36-ე მუხლი, რომლის თანახმადაც “ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს მის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას”.

თამარ ამაშუკელს აინტერესებს, რა რეაგირება აქვს ან ექნება ამ დარღვევაზე მაგალითად კულტურის სამინისტროს:

თამარ ამაშუკელი

„კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა. ტაძრის აღქმისთვის სწორედ ის ლანდშაფტი მნიშვნელოვანი, რომლის დაცვაც კანონით არის უზრუნველყოფილი. ამ მშენებლობით სწორედ კანონის აღსრულებას ექმნება საფრთხე და კულტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულაციებმა ყველას მიმართ თანაბრად იმუშაოს, იქნება ეს ჩვეულებრივი ადამიანი, საპატრიარქოს წარმომადგენელი თუ დიდი გავლენების და ფულის მქონე ადამიანები“.

ალავერდის კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა. ერთი წლის თავზე, 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კი ალავერდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ძეგლი იუნესკოს წარმომადგენელთა განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფება. იქ დაწყებული მშენებლობა კი ალავერდის სიიდან გაქრობის რეალურ საფრთხეს შეიცავს:

„იუნესკოს ძეგლებს აქვთ 1000 მეტრიანი დაცვის რადიუსი, ვიზუალური დაცვის არეალი, სადაც აბსოლუტურად ყველანაირი ქმედება შეთანხმებული უნდა იყოს სპეციალურ საბჭოსთან და თავად იუნესკოს წარმომადგენელთან. მაგრამ როგორც ჩანს, რაკი ალავერდი ჯერ არ არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საბოლოო სიაში, ამ ფაქტს დიდად არ აქცევენ ყურადღებას, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვაქვს კანონი, რომელიც ნამდვილად სრულად მოქმედებს ალავერდზე, სადაც წერია, რომ არ შეიძლება ვიზუალური დაცვის არეალში ისეთი ობიექტის მშენებლობა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ძეგლის აღქმას. ეს მშენებლობა იქნება გამოუსწორებელი შეცდომა“.

განცხადება გაავრცელა ალავერდში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით „საყდრისის კომიტეტის საზოგადოებამაც“. ისინი მოითხოვენ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გასაჯაროვდეს სასტუმრო „ალავერდი რეზორტის“ მშენებლობასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია.

გარდა ამისა, ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ დაიწყოს პროექტის განხილვა პროფესიულ წრეებში, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს დაკარგვის შესაძლო საფრთხეები.

შეთანხმდა თუ არა სასტუმროს მშენებლობის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ მიმართა როგორც კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელს, ისე კულტურის სამინისტროს. თუმცა, მათგან პასუხი არ არის.

როგორც კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურში გვითხრეს, „საკითხს მოიკითხავდნენ“ და დაგვიკავშირდებოდნენ. თუმცა, პრეს-სამსახურის წარმომადგენელი აღარც თავად დაგვიკავშირდა და აღარც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა.

ალავერდელების მოლოდინები

სასტუმროს მშენებლობისთვის კომპანია „ბადაგონი“ 14 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, სასტუმროს ტერიტორიაზე დასაქმდება 80 თანამშრომელი. მათი 70% ადგილობრივები იქნებიან. დასასვენებელმა კომპლექსმა წლის განმავლობაში 8-დან 10 ათასამდე სტუმარი უნდა მიიღოს.

„სოფლისთვის ცუდი რატო უნდა იყოს“, - ამბობს სოფელ ალავერდის მკვიდრი დანელაშვილი მარინა. „ყველას თავისი აზრი აქვს. იქნებ დასაქმების პერსპექტივა გაჩნდეს. იქნებ ხალხისთვის კარგიც იყოს. აქ არანაირი სამუშაო არ არის. ახალგაზრდები სხვაგან რატომ უნდა წავიდნენ სამუშაოდ, როცა სოფელში შეიძლება რაღაც იყოს“.

გალინა დავიდოვა, სოფელ ალავერდის კიდევ ერთი მკვიდრი კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ადგილობრივები არასდროს არიან საქმის კურსში, მათ მუნიციპალიტეტში რა იგეგმება და როგორ:

„თუკი რამე შენდება, თუკი მიწის ჩამორთმევა თუ სადმე გადანაცვლება ხდება, სოფელი საქმის კურსში არასდროს არ არის. არც არაფერს ეკითხებიან სოფელს. თუ სადმე რამის აშენება უნდათ ან თუ რაიმე გეგმები აქვთ, საქმის კურსში არასდროს ვართ. არავინ არაფერს გვეკითხება. თავის დროზე, მონასტრის წინ ვაჭრობასაც გვიკრძალავდნენ. პირდაპირ მიტროპოლიტმა შემომითვალა ადრე, რომ არასწორია, რომ მონასტრის წინ ვაჭრობთო. მაგრამ ახლა ალბათ ყველაფერი მიზანშეწონილია. ახლაც მშენებლობა რომ დაიწყო, სულ ჩამოყვანილი ხალხი ჰყავთ, დასავლეთიდან. აქაურები არ არიან“.

სოფელ ალავერდის კიდევ ერთი მკვიდრი, დოდო შარმაზანაშვილი კი თვლის, რომ სასტუმროს მშენებლობით იქაურობა კიდევ უფრო გალამაზდება:

„რა ვიცი, მრევლისთვის უნდა იყოსო ეგ სასტუმრო და ისე ხალხისთვისაცო. რატო უნდა ვიყო სასტუმროს აშენების წინააღმდეგი. თუ ვისმე უშლის არ ვიცი, ვერ გეტყვი“.

ვალოდია პეპინაშვილი ფიქრობს, რომ ალავერდის ტაძრის მახლობლად სასტუმროს ადგილი არ არის:

„კაცო, სასტუმროს რა უნდა მანდა. მე ვეღარ გავიგე, ეკლესიაა, სალოცავია თუ... წინა აქვთ ადგილი და გააკეთონ იქ, ვინ უშლით. არ მამწონს. იმაზე არ მამწონს, რომ თუ სალოცავია და გწამს, უნდა ილოცო. განა იქ რია-რია იდგეს“.