ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნა დრონების გამოყენებით გაიმართა

ძარწემის პოლიგონი

რუსეთის საოკუპაციო მეოთხე ბაზის შეიარაღებული დაჯგუფებები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნას მართავენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება. ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე წვრთნა უპილოტო საფრენი აპარატებით მოეწყო, რუსულმა დრონებმა პირობითი მოწინააღმდეგე აღმოაჩინეს და არტილერიის და ნაღმტყორცნების საშუალებით გაანადგურეს.

ძარწემის პოლიგონი

წვრთნის მეორე ეტაპი კი ქალაქ ცხინვალში ჩატარდა, სადაც პირობითმა მტერმა, დივერსანტების ჯგუფმა ჰოსპიტლის აღება სცადა, რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონმა უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით დივერსანტების ადგილმდებარეობა დაადგინა, რომლის შემდეგაც ბატალიონმა პირობითი მტრის ბლოკირება და ლიკვიდაცია მოახდინა. - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსი ვადიმ ასტაფიევი იუწყება. მისი განმარტებით, სამხედრო სწავლების დროს სპეცდანიშნულების ბატალიონმა ბრძოლის ველიდან წარმატებით გაიყვანა დაჭრილი თანამებრძოლები და გააუვნებელყო ფეთქებადსაშიში მოწყობილობები.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სპეცრაზმმა ცხინვალში სპეციალურ-ტაქტიკურ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა.

ბოლო წლების განმავლობაში ქალაქის პირობებში ეს იყო ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა ცხინვალის რეგიონში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული მეოთხე რუსული ბაზის ჯარისკაცები ძირითადად ოკუპირებულ ძარწემის პოლიგონზე ვარჯიშობენ. ამჯერად კი ცხინვალის თავზე დრონები დიდი ხნის განმავლობაში დაფრინავდნენ.

საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ რეგიონში თითქმის ყოველთვიურად მართავენ სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო სწავლებებს. ამჯერად აქცენტი უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტიან გამოყენებას დაეთმო.