თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ახალ ხედვას, რომელიც ოპოზიციის გადაჯგუფებას უკავშირდება, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. უგულავა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს.
გიგი უგულავა მიზანშეწონილად მიიჩნევს კიდევ ერთი ოპოზიციური ბლოკის ჩამოყალიბებას, რომელშიც გაერთიანდებიან „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, გიორგი მარგველაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ალასანია, დავით ბაქრაძე და გიორგი ვაშაძე. „ეს იქნებოდა „თეთრსაყელოიანთა" უფრო ზუსტად კი „ჰალსტუხიანთა პარტია", - შენიშნავს უგულავა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხედვას მისი ყოფილი თანაპარტიელი, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამ სიტყვებით აფასებს:
„პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებსა და შეხედულებებს. ნებისმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობასა და კატასტროფას, ამის მაგალითია „ქართული ოცნება“, ამიტომ ამ იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ ჩვენ „ევროპულ საქართველოში“.
უგულავას წინადადებას დადებითად არც მის მიერ ნახსენები გიორგი ვაშაძე შეხვდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანების იდეებმა დრო მოჭამა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციურ პარტიებს დაფიქრებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოება მათთვის მომგებიანი არ იქნება.
„ფრთიანი ფრაზა არსებობდა - შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, ახლა ეს ფანჩატური შეიცვალა ქოლგით. პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, რადგან "ნაცმოძრაობის სატელიტებად" იწოდება ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს“, - თქვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში,“ გიგი უგულავას ხედვის შესახებ არ უმსჯელიათ. როგორც პარტიის წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ თქვა, „ეს არის ერთ-ერთი მოსაზრება, რომელსაც შეიძლება დაეთანხმო ან არა“. დეპუტატს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ოპოზიციური კოალიცია შეცვლის, თუმცა, მისი აზრით, ნაადრევია იმის შესახებ ლაპარაკი, რა ფორმით ჩამოყალიბდება ის.
გიგი უგულავა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ ხედვაში - „სად ვართ და საით უნდა წავიდეთ" - ცალკე გამოყოფს პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
„საქართველოს თანამედროვე პოლიტიკის განუყოფელი და საკვანძო ფიგურაა სააკაშვილი. ის ვერ გაქრება, ვერ აორთქლდება. მის გარეშე მომავალი კოალიცია ვერ დაკომპლექტდება. ამავე დროს სად იქნება და რა სტატუსით, ამაზე მყარი სიცხადე თავად უნდა შეიტანოს. მარტივად. სანამ ენმ-ს არ ეყოლება პრემიერობის კანდიდატი (არა ისეთი როგორიც ივანიშვილს ყავს ხოლმე, არამედ რეალური), მანამდე ნაცმოძრაობაში და მთელს ოპოზიციაში სულ გაუგებრობები იქნება, რითაც ოცნება ისარგებლებს. მიშამ, ეს პერიოდი, ამ საკითხებში სიცხადისთვის უნდა გამოიყენოს“, - მიიჩნევს პოლიტიკოსი.