ემანუელ მაკრონი: უკრაინის გარშემო ესკალაცია არ იქნება

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან მოახერხა დაერწმუნებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, არ წავიდეს უკრაინის გარშემო კრიზისის ესკალაციაზე.

მაკრონმა ამის თაობაზე სამშაბათს განაცხადა კიევში ჩასვლის შემდეგ, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.

7 თებერვალს მაკრონი მოსკოვში შეხვდა პუტინს. თითქმის 6-საათიანი საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა შედეგს მიაღწია და ხელი შეუწყო უსაფრთხოების კრიზისის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებას.

„მივაღწიე იმას, რომ არ იქნება არც გაუარესება და არც ესკალაცია“, - თქვა მაკრონმა კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას. მან დასძინა, რომ „ერთი წამითაც“ არ უვარაუდია ის, რომ პუტინი ვითარების გამწვავებაზე წავა.

მოსკოვში პუტინთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტს მოლაპარაკებების დეტალები არ დაუკონკრეტებია. ემანუელ მაკრონის თქმით, საკითხის განხილვას გააგრძელებს უკრაინასთან, აშშ-თან და ევროპელ და ნატოელ მოკავშირეებთან. მაკრონის თანახმად, მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება და ამას ერთობლივი, ინტენსიური დისკუსია დასჭირდება. საფრანგეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ სირთულეების მიუხედავად, შედეგს მიაღწევენ.

მაკრონთან განხილული საკითხები არც პუტინს დაუკონკრეტებია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ზოგიერთი იდეა და წინადადება შესაძლოა იქცეს შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების საფუძვლად.

კრემლის მიერ 8 თებერვალს გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ორი ლიდერის პირისპირ შეხვედრაზე გააგრძელეს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე აშშ-ისა და ნატოსთვის გაგზავნილი რუსეთის მოთხოვნების განხილვა.

დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, დიალოგი აწარმოონ რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ქმედებებს. ბოლო თვეებში, რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 000-ზე მეტი სამხედრო. 2 თებერვლიდან რუსეთმა სამხედრო მანევრები დაიწყო ბელარუსის ტერიტორიაზე. დასავლეთის ქვეყნები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას ამზადებს, რასაც კრემლში უარყოფენ.

სამხედრო აქტივობის ფონზე, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან 2021 წლის დეკემბერში მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები ევროპაში, მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა, რაზეც 2022 წლის იანვარში უარი მიიღო. რუსეთისადმი აშშ-ის და ნატოს ერთ-ერთი საპასუხო მოთხოვნაა, თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.