რამდენიმე დღის წინ, 19 წლის მალიქ აღაევი მარნეულის იუსტიციის სახლში კოვიდპასპორტის ასაღებად მივიდა. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოხელე ემსახურებოდა - ოღონდ რუსულ ენაზე.
როცა მალიქმა მას ჰკითხა, რუსულად რატომ მელაპარაკებით, აზერბაიჯანულად ხომ ორივე ვსაუბრობთო, უპასუხეს, არ შეიძლება, დავალება გვაქვს, რომ მოქალაქეებს აზერბაიჯანულად არ ვესაუბროთ, რადგან ქართულის გარდა, დაშვებულია მხოლოდ რუსულად და ინგლისურად მომსახურებაო.
ამ პასუხმა მალიქი ისე გააბრაზა, რომ კოვიდპასპორტი საერთოდ გადაავიწყდა და იუსტიციის სახლის დირექტორთან მოითხოვა შეხვედრა. პასუხისმგებელმა პირმა უთხრა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, თუ ის ქართულ ენას არ ფლობდა, მოემსახურებოდნენ რუსულად ან ინგლისურად, ამ ენების უცოდინრობის შემთხვევაში კი, თან თარჯიმანი უნდა ხლებოდა.
„ვუთხარი, ამ რეგიონში უმრავლესობა ლაპარაკობს აზერბაიჯანულად, რატომ ვილაპარაკო რუსულად-მეთქი? რუსეთი ჩემთვის მტერია, რომელსაც ჩემი ქვეყნის ლამის 25% აქვს ოკუპირებული. თუ რუსული დაშვებულია, რატომ არ შეიძლება ჩემს ენაზე გამიწიონ დახმარება, მით უმეტეს, როცა ვიცი, რომ კონკრეტული თანამშრომელი აზერბაიჯანულად საუბრობს? მესმის, რომ სახელმწიფო ენა არის ქართული, ვლაპარაკობდი კიდეც ქართულად, მაგრამ რამდენიმე წელი ქვეყნის გარეთ ვცხოვრობდი და კონტაქტის უქონლობის გამო ენა დამავიწყდა. სანამ ისევ აღვიდგენ, რუსულად უნდა ვილაპარაკო? რატომ?“ - ეუბნება მალიქ აღაევი რადიო თავისუფლებას.
მალიქ აღაევი იუსტიციის სახლიდან ისე გამობრუნდა, კოვიდპასპორტი აღარც აუღია.
მალიქის ამბავი არ არის გამონაკლისი.
ენის ბარიერის გამო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სხვებსაც შექმნიათ პრობლემა როგორც იუსტიციის სახლებში, ისე სხვა საჯარო დაწესებულებებში. ქვემო ქართლშიც და სამცხე-ჯავახეთშიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართულად ვერ ლაპარაკობს.
რამდენიმე ხნის წინ ახალქალაქის იუსტიციის სახლში ასეთივე პრობლემა შეექმნა საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეს - ისიც ითხოვდა, რომ სომხურად დალაპარაკებოდნენ, რადგან არც ერთი ენა არ ესმოდა, მოგვითხრობს სამოქალაქო აქტივისტი ახალქალაქიდან ტიგრან თარზიანი, რომლის სიტყვებით, სომხურ ენაზე მომსახურება აკრძალულია ახალქალაქის იუსტიციის სახლშიც, სადაც ძირითადად მუშაობენ ადგილობრივი, ეთნიკურად სომეხი და ქართველი მოხელეები.
მათ იციან სომხური ენა, მაგრამ იქ მისულ მოქალაქეებს ემსახურებიან მხოლოდ ქართულად. ხოლო უცხოელ ტურისტებს - რუსულად და ინგლისურად.
ნინოწმინდაში სხვანაირადაა. იქ, როგორც ტიგრანი გვეუბნება, საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს სომხურად ელაპარაკებიან და პრობლემაც არ იქმნება.
„მოსახლეობის 95%-მა ქართული იქ უბრალოდ არ იცის და ეს პრობლემა უკვე 30 წელია არსებობს. ნინოწმინდაში, მაგალითად, ქართულად რომც მოემსახურონ, უბრალოდ ვერ გაიგებენ იურიდიულ ტერმინებს. ამიტომ ჩემი მოსაზრებაა, რომ ცხადია, საქმის წარმოება უნდა იყოს ქართულად, მაგრამ ამ ხალხმა კონსულტაცია მაინც უნდა მიიღოს თავის ენაზე... ან ის რამდენად ლოგიკურია, ნინოწმინდაში რომ ეს შეიძლება და ახალქალაქში არა?“
„ისწავლეთ ქართული!“ - ეს მოთხოვნა იუსტიციის სახლებსა თუ სხვა საჯარო უწყებებში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას ქვემო ქართლში და ეთნიკურად სომეხ ხალხს სამცხე-ჯავახეთში ხშირად ესმით. პლატფორმა „სალამის“ წევრი ქამრან მამედლი შენიშნავს, რომ არცთუ იშვიათად, ამ ადამიანებს ენის არცოდნის გამო აგრესიულადაც მიმართავენ.
თუმცა ქამრანი იმასაც აღნიშნავს, რომ, მაგალითად, მარნეულის რაიონის იუსტიციის სახლებში, მეტ-ნაკლებად მაინც ცდილობენ, აზერბაიჯანულის ან სომხური ენის მცოდნე ადამიანები დაასაქმონ.
სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლების ოფიციალური პასუხი ასეთია - ქართული არის სახელმწიფო ენა, რომლის გარდა სხვა ენაზე არავის ვემსახურებითო. გამონაკლისია უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვისაც შეუძლია მომსახურება მიიღოს ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
თუმცა ქამრან მამედლი გვეუბნება, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, იუსტიციის სახლის თანამშრომელს, თუ მას ამის სურვილი ექნება, შეუძლია, დახმარებისთვის მისულ მოქალაქეს სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე დაელაპარაკოს და ეს პრაქტიკა, მისი სიტყვებით, ხშირად ამავე თანამშრომლის ძალაუფლებაში გადადის:
„ეს თანამშრომლები თავს ვალდებულად არ თვლიან, დაელაპარაკონ მათთან მისულ მოქალაქეს აზერბაიჯანულად ან სომხურად, ან ჰგონიათ, რომ ეს არასწორი საქციელია, რადგან მათ ასეთი დავალება არ მიუღიათ. თუმცა ჩვენ იუსტიციის სახლისგან გვაქვს პასუხი, რომ აკრძალული ამ მხრივ არ არის კომუნიკაცია“.
მაგრამ უფრო დიდ პრობლემად ქამრან მამედლიც და „სალამის“ სხვა აქტივისტებიც იმას მიიჩნევენ, რომ წლების განმავლობაში, საქართველოში არავინ სიღრმისეულად არ დაფიქრებულა, როგორ ასწავლიან უმცირესობებს ქართულ ენას.
„რაზე ვსაუბრობთ, როცა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სამჯერ უფრო ნაკლები საბავშვო ბაღია (სადაც მათ პოტენციურად ვინმე ქართულ ენას ასწავლიდა), ვიდრე დანარჩენ საქართველოში... მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიხედვით, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სახელმწიფო უწყებებს აქვთ უფლება და შეუძლიათ კიდეც, თარგმანით უზრუნველყონ იქ მისული ადამიანი“.
სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლში მითითებულია, რომ:
იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შეუძლიათ “საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოში ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს“.
ოღონდ ამ „თარგმანის რესურსში“ არ უნდა იგულისხმებოდეს იუსტიციის სახლის თუ სხვა საჯარო უწყების კონსულტანტის ორსიტყვიანი შეჯამება, - ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, - ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წვდომა მათ ენაზე ნათარგმნ პოლიტიკის დოკუმენტებსა და ვებსაიტებზე. რაც არ კეთდება ბოლო 30 წელია. მისი შეფასებით, ენის სწავლების წარუმატებელი პოლიტიკა ართმევს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შესაძლებლობას, ჩაერთონ თავიანთი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თამთა იხსენებს 2019 წელს ეთნიკურ უმცირესობებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, რომლის თანახმად, მათ 70%-ს თვითმმართველობის ორგანოებისათვის დასახმარებლად არ მიუმართავს.
„სახელმწიფო ენის უცოდინრობა ნამდვილად ვერ დარჩება ეთნიკური უმცირესობების პასუხისმგებლობად - ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გულს გვიჩუყებს ცალკეული მაგალითები, როგორ ჩადიან იქ ქართული ენის მასწავლებლები, ეს რეალურად მხოლოდ ფრაგმენტულად გაკეთებული საქმეა, რომელსაც ვერ ექნება ის შედეგი, რაზეც ვლაპარაკობთ“, - შენიშნავს თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
„სოციალურ სამართლიანობის ცენტრში“ მიაჩნიათ, რომ სანამ ეთნიკური უმცირესობა, ახალგაზრდები ჯერ კიდევ ვერ სწავლობენ ქართულ ენას, სახელმწიფომ მათ არ უნდა უთხრას უარი, საჭიროების შემთხვევაში მათ ენაზე დაელაპარაკოს.
„სწორედ ეს იწვევს მათ გაუცხოებას, უარს, იყვნენ პროცესების ნაწილი, მათ პერიფერიზაციას და ქვეყნის ცხოვრებიდან საერთოდ ამოგდებას“, - თამთა მიქელაძე გვეუბნება, რომ ერთი საკითხია, მათ რა სჭირდებათ, მაგრამ მეორეა - რისი უფლება აქვთ. მისი სიტყვებით, საქართველო მიერთებულია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპულ ჩარჩოკონვენციას, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის, კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მათი ენებიც უნდა გამოიყენებოდეს.