როგორ აღმოჩნდა განჯის კარი საქართველოში

რას წარმოადგენს განჯის კარი, რომლის დაბრუნებაც სურს აზერბაიჯანს? არტეფაქტის ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება და უკავშირდება მიწისძვრას, რომელმაც ძლიერი და მდიდარი ქალაქი განძა დაანგრია.

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ანარ კარიმოვმა 4 თებერვალს თქვა, რომ აზერბაიჯანს სურს, ისტორიული არტეფაქტი განჯის კარი საქართველოდან „ოფიციალური მოლაპარაკებების გზით“ დაიბრუნოს. მან ისიც თქვა, რომ ეს საკითხი აზერბაიჯანულ კომისიას განსახილველად დღის წესრიგში აქვს შეტანილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ ამ თემაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სამინისტროში განაცხადეს, რომ განჯის კარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას“.

ურწმუნო აბხაზებისა და ქართველების“ ნადავლი

ისტორიკოსი ნიკა ხოფერია ჰყვება, რომ განჯის კარი საქართველოში მე-12 საუკუნეში, დემეტრე პირველის მეფობის დროს ჩამოიტანეს. ის ქალაქ განჯის ექვსი კარიბჭიდან ერთ-ერთი იყო და ქართველებმა განჯაში ლაშქრობის დროს ჩამოხსნეს.

კავკასიის მდიდარი და გავლენიანი ქალაქი განჯა, იგივე განძა, როგორც მას ქართულ ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებენ, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. მე-10 საუკუნიდან იქ ისლამური საამიროები იყო. ნიკა ხოფერია ამბობს, რომ განჯის ამირებსა და ქართველ მეფეებს მუდმივი მტრობა ჰქონდათ. 1139 წელს ქართველებს განჯის დასალაშქრად კარგი შემთხვევა მიეცათ - მოხდა მიწისძვრა, რომელმაც ქალაქი თითქმის მთლიანად დაანგრია, დაიღუპა ათასობით ადამიანი.

მიწისძვრის დროს განჯის მმართველი, ათაბაგი ყარა-სონყური სალაშქროდ იყო წასული. შემორჩენილია ისტორიკოს იმად ად-დინ ალ-ისპაჰანის ცნობა, რომელიც წერს, რომ ათაბაგმა მოგვიანებით გაიგო მიწისძვრის ამბავი და ისიც, რომ განჯას „ურწმუნო აბხაზები და ქართველები (ალ-ქურჯ) დასხმოდნენ თავს“.

ისტორიულ წყაროებში აღწერილია, რომ ქართულმა ჯარმა ნამიწისძვრალ განჯაში უამრავი ტყვე აიყვანა, წამოიღეს დიდძალი სიმდიდრე, მათ შორის განჯის კარიც, რომელიც უკვე საქართველოში ჩამოტანილი, გელათს შესწირეს და დღემდე იქ ინახება.

გელათი

თავდაპირველად განჯის კარს ორი ფრთა ჰქონდა, დღეს მისგან მხოლოდ ერთი ანუ ნახევარია დარჩენილი. კარი დამზადებულია განჯის მმართველი შედადიანების დინასტიის წარმომადგენლის შაპურ პირველის ბრძანებით. კარი, თუჯისა და რკინისგან გაუკეთებიათ. ის დაახლოებით 4 მეტრი სიმაღლისაა და ზედ აწერია:

სახელითა მოწყალისა და მწყალობელისა ალაჰისა, ეს კარიბჭე აგებულია ჩვენი უფლის, მეთაურის და ბრწყინვალების შავურ ბინ ალ-ფადლისთვის, ალაჰმა დიდხანს ამყოფოს მისი უმაღლესობა. მეოხებით აბი ალ-ფარაგ მუჰამად ბინ აბდალას მიერ – ალაჰმა წყალობა მისცეს. აგებულია მჭედელი იბრაჰიმ ბინ უთმან ბინ მალაქუნის მიერ 455 (1063) წელს“.

„განჯის კარი უკვე საუკუნის ისტორიას ითვლიდა, როდესაც ქართველებმა წამოიღეს და გელათს შესწირეს. მსგავსი მნიშვნელობის შუასაუკუნოვანი არტეფაქტები კავკასიაში არც ისე ბევრია. კარი რომ ჩვენ დროში იყოს აღმოჩენილი ან შეძენილი კერძო კოლექციიდან და ასეთ ისტორიას არ უკავშირდებოდეს, მის გადაცემაზე მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა. მაგრამ დღეს, როდესაც ის უკვე საქართველოს ისტორიის ნაწილია, მისი მეზობელი ქვეყნისთვის გადაცემა არ მიმაჩნია მართებულად. ალბათ, აჯობებს, ამ კართან გაკეთდეს შედარებით ვრცელი წარწერა, რომელშიც მისი ისტორია იქნება აღწერილი“, - ამბობს ნიკა ხოფერია.

სიგნალი აზერბაიჯანიდან

განჯის კარზე აზერბაიჯანული და ქართული მედია 2012 წელსაც საუბრობდა. მაშინ აზერბაიჯანელი მეცნიერები განიხილავდნენ შესაძლებლობას, განჯის ჭიშკრის სანაცვლოდ, აზერბაიჯანს დავითგარეჯის ის ტერიტორია დაეთმო, რომელიც სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, მაგრამ საქართველოსა და აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ დადგენილი საზღვრებით აზერბაიჯანის მხარეს რჩება.

ივერი მელაშვილი, რომელიც თითქმის 25 წელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დემარკაციის საკითხებზე მუშაობდა, ამბობს, რომ მას არ ახსოვს, განჯის კარის აზერბაიჯანისთვის გადაცემა-არგადაცემის თემა სერიოზული განხილვის საგანი ყოფილიყო.

„ზოგადად ნებისმიერი საკითხი შეიძლება გახდეს განხილვის საგანი, მთავარია, მხარეები საბოლოოდ რაზე მოილაპარაკებენ. რაკი აზერბაიჯანმა რაღაც დონეზე გააჟღერა ამის შესახებ, რადგან არის სიგნალი, ჩვენი მხარეც უნდა იყოს მზად პასუხისთვის. სხვადასხვა სტრუქტურების დონეზე ყოველმხრივ უნდა განიხილონ საკითხი. ჯერ ჩვენი მხარე უნდა ჩამოყალიბდეს“, - ამბობს ივერი მელაშვილი. ექსპერტი განმარტავს, რომ მსგავსი საკითხები, როგორც წესი, გაუხმაურებლად კეთდება ხოლმე, ამიტომ აზერბაიჯანის მხრიდან საკუთარი ინტერესების ღიად განცხადება შეიძლება იმის ნიშნადაც მივიღოთ, რომ მათ მოლაპარაკება სურთ, - შეიძლება უბრალოდ პოლიტიკურ ნებას აფიქსირებენ ასე და ეს უკვე კარგია. ამბობენ, რომ მზად არიან ლაპარაკისთივის. თუმცა, ჩვენი მხარე რას იზამს, არ ვიცი“.