ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც ეხებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შესაძლებლობას, გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ბელარუსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„ბელორუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ბელორუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული. რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის”, - აცხადებს მარი ნარჩემაშვილი.
კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში, რომელიც სოლოვიოვის იუთუბის არხზე 7 თებერვალს გავიდა, მის შეკითხვას, "როდის ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს?", ლუკაშენკამ თავადაც შეკითხვით უპასუხა: "არის კი ამის რაიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება?". სოლოვიოვის რეპლიკის შემდეგ, რომ "ყოველთვის არის", ლუკაშენკამ თქვა: „როგორც კი მივხვდები და პრეზიდენტი(რუსეთის) მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს...“
საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.