ბარონესა, რომელმაც 1950-იანი წლების ირანი ფოტოებზე აღბეჭდა

ეს არის ფერადი ფოტოების იშვიათი კოლექცია, შექმნილი ევროპელი ქალის მიერ, რომელმაც მთელ ირანი მოიარა იმ დროს, როცა განახლებამ და პოლიტიკურმა რყევებმა სამუდამოდ შეცვალა ეს ქვეყანა.

ჩაფიქრებული ბიჭი ბაღში, გალანდოაქში, თეირანში.

ლამაზი მენავე ირანის ერთ-ერთ სანაპიროზე.

მეთევზეები კასპიის ზღვის წყალმარჩხ ადგილას ირანის ჩრდილოეთში.

ეს არის ირანში, 1950-იან წლებში ბარონესა მარი-ტერეზე ულენს დე შხუტენის მიერ გადაღებული ათასობით ფერადი სლაიდებიდან ზოგიერთი. სურათები ახლა ჰარვარდის სემიტურ მუზეუმში ინახება.

ბარონესა მარი-ტერეზე ულენს დე შხუტენი

ულენსი 1905 წელს დაიბადა ბელგიელი და ავსტრიელი მშობლების ოჯახში და ბევრს მოგზაურობდა მას შემდეგ, რაც დაქორწინდა ბელგიელ დიპლომატზე 1926 წელს.

იაზდის მთავარი მეჩეთის შესასვლელი.

მალევე მას შემდეგ, რაც ქმარი გულის შეტევით გარდაეცვალა 1950 წელს, ულენსი ირანში დაბრუნდა. იქ მას მეგობრები ჰყავდა. ეს იყო პირველი, შემდეგ უკვე ყოველწლიური მოგზაურობებიდან ამ ქვეყანაში. არაერთი სტუმრობისას ირანში ბარონესას თავისი ქალიშვილი, ასტრიდიც, ახლდა.

სპარსეთის ყურეში გადაღებული ფოტო წარწერით "კონტრაბანდისტები".

ასტრიდ ულენსმა, ბელგიაში, თავისი სახლიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დედამისმა გადაწყვიტა, ირანში მოგზაურობის თავგადასავალი ფოტოებზე აღებეჭდა, რადგან ხედავდა, რომ ქვეყანა "ისე სწრაფად იცვლებოდა, რომ უნდა გადაეღო".

ოჯახი ისვენებს მანქანით ხანგრძლივი მოგზაურობისას ირანის აღმოსავლეთში, დღევანდელი ავღანეთის საზღვართან.

ირანში დედასთან ერთად მოგზაურობისას, იხსენებს ასტრიდი, ქალაქებს შორის არ იყო დიდი საავტომობილო მაგისტრალები.

"მანქანის ტარება რთული იყო, - ამბობს ასტრიდი, - მტვერი და ბუღი იყო და ბევრს ვერაფერს დაინახავდი, როცა სატვირთო მანქანის უკან მიდიოდი. ასე რომ, ბედზე იყავი მინდობილი, უბედური შემთხვევა არ მომხდარიყო".

კაცები ჰაზართა ტომიდან ავღანეთის საზღვართან.

ასტრიდი ამბობს, რომ დედამისი საოცრად ჭკვიანი ქალი იყო, რომელსაც "არასდროს ეშინოდა. ის მარტო წავიდოდა ნებისმიერ ადგილას, ღამითაც კი - უბრალოდ აინტერესებდა ადამიანებთან შეხვედრა და მათი გაგება".

გოგონები ყაშყაის ტომიდან. გადაღებულია შირაზის სკოლაში.

1953 წელს, როცა ირანის დედაქალაქში, თეირანში, არეულობები იყო აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ მოწყობილი გადატრიალების შედეგად ჩამოაგდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ულენსი ირანის ცენტრს მოშორებულ რეგიონებს ეწვია.

მხედარი ყაშყაის ტომიდან ფარსის პროვინციაში, სამხრეთ ირანში.

ულენსი, სავარაუდოდ, პირველი უცხოელი იყო, ვისაც ყაშყაის ხალხისთვის ფოტოების გადაღების ნებართვა მისცეს.

ახალგაზრდა მწყემსი ყაშყაის ტომიდან, ფარსის პროვინციაში.

ყაშყაი არის უმეტესად მომთაბარე ტომთა გაერთიანება სამხრეთ და ცენტრალურ ირანში, რომელიც თურქული ენის საკუთარ დიალექტზე ლაპარაკობს. ფიქრობენ, რომ ეს ტომები ცენტრალური აზიიდან გადმოსახლდნენ 1000-ზე მეტი წლის წინ.

ზოორხანეს - სპარსული ძალოსნობისა და საბრძოლო ხელოვნების ტრადიციული სახეობის - მიმდევარი. გადაღებულია მალაიერში, დასავლეთ ირანში. უკან ჩანს ხის ინსტრუმენტები, ერთგვარი უძველესი სავარჯიშო მოწყობილობა.

ულენსი ძირითადად Leica-ს ფოტოაპარატს იყენებდა თავისი სამუშაოსთვის. იშვიათი და ძვირადღირებული Kodachrome-ის ფერად ფირს, დიპლომატიური კონტაქტების გზით შოულობდა.

სავარაუდოდ, თეატრალური წარმოდგენა, სადაც თამაშდება "შემრსის," მესამე იმამის - ჰუსეინის - მკვლელის ამბავი. ფოტო გადაღებულია ნაჰავანდში, დასავლეთ ირანში.

იტალიელი ფოტოგრაფი და მხატვარი, ფედერიკო კლავარინო მუშაობს წიგნზე ბარონესასა და მისი ისტორიული სურათების შესახებ. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოხიბლული იყო მისი საქმიანობით, მეტწილად იმის გამო, რომ მას ხელი მიუწვდებოდა და შეხება ჰქონდა იმდროინდელ ირანულ კულტურასთან.

ბავშვები ახალგამომცხვარი პურით - თავთუნით - ისპაჰანში.

"სავარაუდოდ, ძალიან ცოტა სხვა სურათი თუ არსებობს გადაღებული იმ დროს და ასეთნაირად - ფერადად, თქვა კლავარინომ და დასძინა, რომ "ბარონესამ მოახერხა ჩასულიყო იმ ადგილებში, რომლებიც სხვა ევროპელებისთვის ადვილი მისაღწევი არ იყო".

კლავარინოსთვის "გამაოგნებელია" ის, რომ ულენსმა შეძლო ასეთი სურათების შექმნა ისე, რომ არც ფარსი იცოდა და არც სხვა რომელიმე ირანული ენა.

გლეხი ტრაქტორზე გონბად-ე ქავუსის მახლობლად მდებარე სოფელში, ჩრდილოეთ ირანში.

ულენსმა ირანში უკანასკნელად 1977 წელს იმოგზაურა. ამ პერიოდის ირანს ის აღწერს, როგორც "საშინლად გაფუჭებულს თავის მისწრაფებაში სწრაფი, შემზარავი მოდერნიზაციისკენ".

ბავშვები ქვაზე ამოკვეთილი გამოსახულების წინ შირაზში, სამხრეთ ირანში.

ასტრიდ ულენსი ამბობს, რომ მისი საყვარელი მოგონება დედის შესახებ უკავშირდება მის დაბადების დღეს, როცა ის 80 წლის გახდა. როცა თავი შეუძლოდ იგრძნო, ასაკოვანმა ბარონესამ გადაწყვიტა, არ აღენიშნა თარიღი, მაგრამ ასტრიდმა მისგან უჩუმრად მოამზადა წვეულება დაახლოებით 150 ადამიანისთვის. მას შემდეგ, რაც მისთვის მოულოდნელ წვეულებაზე შევიდა, ბარონესამ მოითხოვა, ეთქვათ მისთვის, "ვინ იყო ამ სისულელის ორგანიზატორი".

როცა გაიგო, რომ ეს ასტრიდმა გააკეთა, თავის ქალიშვილს უთხრა, "ასე შეიძლება მოგეკალი". ასტრიდმა უპასუხა, "ვიცი, მაგრამ ბედნიერი მოკვდებოდი".

ქალები ყაშყაის ტომიდან ავდარში ბოზფარის მახლობლად, სამხრეთ ირანში.

ულენსი 1989 წელს გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ, მისი ფოტოების, ფილმებისა და აუდიოჩანაწერების მთელი კოლექცია ჰარვარდის სემიტურ მუზეუმს გადაეცა. მისი 4000-ზე მეტი სურათის ნახვა დღეს ჰარვარდის ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა შესაძლებელი.