გოგოების ჯანყი საეპარქიო სასწავლებელში - პატრიარქ კალისტრატეს მოგონებებიდან

მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისის სასულიერო სასწავლებელში გოგოები აღმზრდელებს აუჯანყდნენ. 12-13 წლის მოზარდები ქართულ ენაზე ლაპარაკის უფლებას ითხოვდნენ. ამბოხი იმდენად მასშტაბური იყო, რომ დასაშოშმინებლად სასწავლებელში ჯერ პოლიცია მივიდა, მერე - ეგზარქოსი.

1905 წლის 28 იანვარს თბილისში მოულოდნელი რამ მოხდა, ქალთა საეპარქიო სასწავლებელში გოგოები აჯანყდნენ. ბავშვები კონფერენციის დარბაზში შეცვივდნენ, ფეხსაცმელები გაიხადეს და ფანჯრების მინების მტვრევა დაიწყეს. ნამსხვრევები ქუჩაში ცვიოდა, აღმზრდელები გოგოების დაშოშმინებას ცდილობდნენ, ერთ-ერთი მასწავლებელი კი რატომღაც დერეფანში აცეკვდა.

გოგოების ჯანყის ისტორია დაწვრილებით აქვს აღწერილი კალისტრატე ცინცაძეს თავის წიგნში „ჩემი მოგონებებიდან“.

რამდენიმე დღით ადრე

მიზეზი, რის გამოც მოსწავლეები ამ მდგომარეობამდე მივიდნენ, მათი მუდმივი დამცირება იყო. რუსი აღმზრდელები მათ რუსებად და ქართველებად ყოფდნენ, რუსებს კარგად ექცეოდნენ, ქართველებს კი პირში ეძახდნენ, შავები და მგლის ლეკვები ხართო. იმდენი ქნეს, ბავშვები ერთმანეთს გადაკიდეს.

14 იანვარს ნინოობას სასწავლებლის ეკლესიაში წირვა ჩატარდა. მოსწავლე კლავდია გრიმოვა ლოცვას კი უსმენდა, მაგრამ პირჯვარი ერთხელაც არ გადაუწერია. ქართველი გოგონა მიზეზით რომ დაინტერესდა, მიუგო, წირვა ქართულად არის და იმიტომო.

მაშ, როცა წირვა რუსულადაა, ჩვენ არ უნდა ვილოცოთ, მით უმეტეს იმ პატარებმა, რომლებმაც სულაც არ იციან რუსული. ჩემი აზრით, რაკი საქართველოში ხარ, ქართული წირვის დროსაც უნდა ილოცო, წირვის წესი ხომ სავსებით ერთნაირია“, - უთხრა გოგომ.

ბავშვების ეს შელაპარაკება შეიძლება აქვე დასრულებულიყო, მაგრამ გრიმოვამ მამას წერილი გაუგზავნა, რომელშიც „ქართველებისგან შეწუხებული“, სასწავლებლიდან წაყვანას ითხოვდა. გრიმოვას მამამ, თავის მხრივ, სასწავლებლის გამგეს მისწერა, ჩემი კლავდია ქართველებისგან დაიცავით, ჭლექი დამართესო. გამგე კლასში შევიდა, ქართველი გოგონა გამოლანძღა და ისიც დასძინა, რომ თუ არა რუსები, მათ (ქართველებს) სპარსეთის შაჰი ჰარამხანაში გარეკავდა. უფრო სწორად, აღმზრდელის აზრით, შაჰი თავისთვის ცოტა უკეთეს „შავებს“ დაიტოვებდა, დანარჩენებს კი მსახურებს და მეჯინიბეებს დაურიგებდა.

ბავშვები გამწარდნენ და ატირდნენ.

საქმე ამით არ დამთავრებულა. 26 იანვარს, ქართველი გოგონა ცისკრის ლოცვებს კითხულობდა. გამგემ „შეაქო“, ისე კარგად კითხულობდი, კოცნითაც კი დაგაჯილდოვებდი, მაგრამ არ გაკოცებ, რადგან ქართველი ხარო. კალისტრატე ცინცაძე წერს, რომ ბავშვი აბღავლდა, დანარჩენი მოსწავლეები კი, მათ შორის რუსებიც - გაშმაგდნენ.

მოგვიანებით კლასების ინსპექტორმა მამა გოროდცევმა გამგეს ურჩია, ბავშვებთან შესულიყო და დაემშვიდებინა. ის ასეც მოიქცა. ბავშვებმაც განაცხადეს, ვაპატიეთო და თითქოს ყველაფერი ამით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ 12-13 წლის გოგოები ასაკის კვალობაზე საკმაოდ ეშმაკები აღმოჩნდნენ. მათ უფროსების ყურადღება მოადუნეს, თავად კი ამბოხის დაგეგმვას შეუდგნენ.

ძველი თბილისი

აჯანყების დღეს პირველი ორი გაკვეთილი მოსწავლეები გაკვეთილებზე უჩვეულოდ მშვიდად ისხდნენ. შემდეგ მშვიდად ჩავიდნენ სასადილოში, ისაუზმეს და... ერთბაშად წამოიშალნენ. კიბეებზე აცვივდნენ, შეიჭრნენ კონფერენციის დარბაზში, კარები ჩაკეტეს და ფეხსაცმელები მინებს დაუშინეს. თან გაჰყვიროდნენ „ძირს გამგე!“, „ძირს გამგე!“

გამგეს შეეშინდა, აივნიდან არ გადამაგდონო და თავის ოთახში ჩაიკეტა. ერთ-ერთი პედაგოგი, ვინმე გრომონოვსკაია, დერეფანში აცეკვდა, აქაოდა, ახლა კი მოხვდებათ ქართველ აღმზრდელებსო. მოვიდა პოლიციაც, რომელსაც აღმზრდელმა ივანოვამ სთხოვა, მაღლა ასულიყვნენ და გოგოებისთვის ცხვირ-პირი დაენაყათ. პოლიციელები ის იყო მართლაც აპირებდნენ ბავშვების ცემას, რომ მათ გზა მღვდელმა გამრეკელმა გადაუღობა. ამასობაში მოვიდნენ სხვა სასულიერო პირებიც და მოსწავლეებთან მოლაპარაკება წამოიწყეს. მოგვიანებით მოვიდა ეგზარქოსიც.

გოგოებმა 3 მოთხოვნა წამოაყენეს:

  • სასწავლებელს მოშორდეს გამგე ტროფიმოვა;
  • სასწავლებლის ხელმძღვანელობა ერთნაირად მოექცეს ყველა ეროვნების მოსწავლეს;
  • ხელმძღვანელობამ ბავშვებს მშობლიურ ენაზე ლაპარაკის უფლება მისცეს.

სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ეგზარქოსმა მხოლოდ იმას მიაღწია, რომ სიტყვა „მოთხოვნა“ გოგოებმა „თხოვნით“ შეცვალეს. მოსწავლეები დაშოშმინდნენ, საქმის გამოსაძებლად კი ეგზარქოსმა კომისია შექმნა.

ვინ დაწერა წერილი?

კალისტრატე ცინცაძე, რომელიც კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო, მოითხოვდა მესამე კლასის რვეულები მოეტანათ და გრიმოვას ნაწერი იმ წერილისთვის შეედარებინათ, რომელიც მან ვითომდა მამას გაუგზავნა. ეჭვობდა, რომ წერილი სინამდვილეში არა ბავშვის, არამედ სასწავლებლის რომელიმე პედაგოგის მიერ იყო დაწერილი.

კალისტრატე ცინცაძე

„წერილის სტილი, აზრთა ლოგიკური მდინარება, გესლიანი გამონათქვამები სწორედ იქ, სადაც საჭიროა, ნუთუ ყველაფერი არ მიუთითებს, რომ მე-3 კლასის მოსწავლე გრიმოვა წერილის მხოლოდ გადამწერია და არა მისი ავტორი?“ - იკითხა კალისტრატე ცინცაძემ.

ყველა გაჩუმდა და გამგეს მიაჩერდა, რომელმაც ვერ გაუძლო ამდენ დაჟინებულ მზერას, ტირილი დაიწყო და აღიარა, რომ წერილის დაწერაში მართლაც მან მიიღო მონაწილეობა.

რამდენად ხშირი იყო მსგავსი შემთხვევები?

მეოცე საუკუნის განათლების სისტემაზე საუბრისას, ფილოლოგიის დოქტორი ნუგზარ პაპუაშვილი ამბობს, რომ სემინარიელებში ასეთი შემთხვევები ხშირი არ იყო, მაგრამ მაინც ხდებოდა ხოლმე. უკმაყოფილებას ძირითადად შავრაზმული რეჟიმი და ველიკორუსული ხედვები იწვევდა.

რასაც კალისტრატე ცინცაძე ამბობს, მისი ნანახი და განცდილია, მაგრამ არის ხმები, რომელიც არ დასტურდება. მაგალითად, ამბობენ, რომ ეგზარქოსმა პავლემ თუ სემინარიის რექტორმა ქართულს ძაღლების ყეფა უწოდა, მაგრამ დოკუმენტურად ეს არ დასტურდება“, - ამბობს ნუგზარ პაპუაშვილი. მისი თქმით, არც იმის მტკიცება შეიძლება, რომ რუსული პოლიტიკა ქართულ ენასა და ლიტერატურას ერთმნიშვნელოვნად დევნიდა, - მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მეფისნაცვალ ვორონცოვის პოლიტიკა. მან დააარსა ქართული ჟურნალი, თეატრი, საჯარო ბიბლიოთეკა. პლატონ იოსელიანი ექსპედიციით გაგზავნა ათონის მთაზე. ვორონცოვს ძეგლი დაუდგეს, აკაკი წერეთელმა პოემა მიუძღვნა“.

და ისევ გოგოების ჯანყი, რით დამთავრდა ამბოხი? კალისტრატე ცინცაძე წერს, რომ სასწავლებლის გამგე, რომლის გათავისუფლებასაც ბავშვები ითხოვდნენ, მართლაც გაათავისუფლეს. სამსახურს თავი დაანება დერეფანში მოცეკვავე გრომონოვსკაიამაც. სასწავლებლიდან წავიდა ივანოვაც, სწორედ ის, ვინც პოლიციელებს გოგოების ცემისკენ მოუწოდებდა. მოგვიანებით სამსახური დატოვა აღმზრდელების რამდენიმე თანაშემწემაც.