ევროვიზიის მოლდოვური „მატარებელი“ ლიანდაგებიდან გადავიდა

მოლდოვას 2022 წლის „ევროვიზიაზე“ მესამედ წარმოადგენს ჯგუფი Zdob si Zdub (ZsZ), რომელთა მიერ წლევანდელი კონკურსისთვის შერჩეულ სიმღერას ქვეყანაში კამათი და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

სიმღერის სახელია Trenulețul - „მატარებელი“ და ის მოგვითხრობს მოლდოვისა და რუმინეთის საზღვარზე გამავალ რკინიგზაზე. კამათი მოჰყვა იმას, რომ ჯგუფმა შეცვალა ტექსტი, რომელიც ამ ორი ქვეყნის საერთო ისტორიასა და კულტურას უსვამდა ხაზს.

მოლდოვის შესაძლო დაახლოება მის უფრო დიდ, ევროკავშირის წევრ მეზობელთან ცხარე დებატების საგანია ჯერ კიდევ 1991 წლიდან, როდესაც მოლდოვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. დებატებში განსაკუთრებული როლი აქვს ენის საკითხს და იმას, ის „მოლდოვურად“ უნდა მოიხსენიებოდეს თუ „რუმინულად“.

ამ სიმღერასთან დაკავშირებული კამათის ფონი კი „ევროვიზიის“ ორგანიზატორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის წესია, რომლის მიხედვითაც კონკურსი სრულად აპოლიტიკური უნდა იყოს. თუ ეჭვობენ, რომ სიმღერის ტექსტი ამ წესს არღვევს, ქვეყანას კონკურსს ჩამოაშორებენ ხოლმე, რაც ბოლოს შარშან მოხდა.

რაზეა სიმღერის ტექსტი?

ZsZ, ფოლკჯგუფ Fratii Advahov-თან ერთად გვიმღერის კიშინოვიდან ბუქარესტამდე მიმავალ მატარებელზე, რომელიც "Prietenia-ს", ანუ მეგობრობის სახელითაა ცნობილი.

სიმღერის თავდაპირველ ტექსტში ნახსენები იყო „ძველი ქვეყანა და ახალი ქვეყანა“, რომლებიც „ცალ-ცალკე, მაგრამ ერთად“ იყვნენ „ორნი, მაგრამ, ამავე დროს, ერთნი“. შემდეგ კი ეს ტექსტი ჩაანაცვლეს ახალი, „უმარილო“ სტროფებით „მატარებელზე საზღვრებს გარეშე“.

კამათი სწორედ ტექსტის ამ ცვლილებამ გამოიწვია. გაისმა ცენზურის ბრალდებაც - რაც პოსტსაბჭოთა მოლდოვაში განსაკუთრებულად მტკივნეული თემაა.

ZsZ-ს სათავეში უდგას ორი მუსიკოსი - რომან იაგუპოვი და მიჰაი გინჩუ. მათ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცენზურას ადგილი არ ჰქონია და ტექსტის შეცვლა მათთვის არავის მოუთხოვია.

სიმღერის ავტორმა, ვსევოლოდ ჩორნეიმ მოჰყვა, რომ ბენდმა თავიდანვე სთხოვა ტექსტის სხვადასხვა ვარიანტი მოემზადებინა. „რომან იაგუპოვი ფრთხილობდა, შეიძლება ცოტა ზედმეტადაც, რომ ევროვიზიის მიერ დაწესებული რეგულაციები არ დაგვერღვია. მან მითხრა, რომ წესების მიხედვით აკრძალულია პოლიტიკური ალუზიები და სჯობს, უფრო ნეიტრალური გზით წავიდეთო“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

თუმცა, მსმენელები იმედგაცრუებულები დარჩნენ. „ასეთი დაჩეხილი ტექსტით სიმღერა მთელ ხიბლს დაკარგავს“, - თქვა ჟურნალისტმა და ყოფილმა პარლამენტარმა ანგელა არამამ. „მოდი, გულწრფელად ვთქვათ, ეს სიმღერა კონკურსისთვის შეირჩა არა გენიალური მელოდიის ან სწორუპოვარი ვირტუოზული შესრულების, არამედ მესიჯის, განწყობისა და ამბის გამო“.

ჯგუფის პროდიუსერმა, იგორ დანგამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სიმღერა ევროვიზიისთვის არ დაწერილა და მხოლოდ ბოლო წუთას გადაწყდა, რომ კონკურსში ჩაერთოთ. „ჩვენი გამოცდილებაა, რომ ევროვიზიაზე მონაწილეობისთვის სიმღერების ადაპტაცია ხდება ხოლმე საჭირო“, - თქვა მან, თუმცა დასძინა: - „ვნახეთ ხალხის რეაქცია, მათ თავდაპირველი ვერსია ურჩევნიათ და ახლა ცხადია, რომ ჩვენც ის ტექსტი უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი კარგად იქნება“.

ევროვიზია პოლიტიკის გარეშე

ევროპის მაუწყებელთა კავშირი მკაცრად აკონტროლებს, რომ რომელიმე ქვეყანამ სცენა თავისი პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად არ გამოიყენოს.

2009 წელს, როდესაც კონკურსი მოსკოვში ტარდებოდა, ევროვიზიამ მიიჩნია, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი სიმღერა We Don't Wanna Put In ამ წესს არღვევდა და სტეფანე და 3G-ს ტექსტის შესწორება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღეს და, საბოლოოდ, ევროვიზია მოსკოვში საქართველოს გარეშე ჩატარდა.

შარშან კი ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ბელარუსის ორი სიმღერა დაიწუნა. პირველ სიმღერას ერქვა „მე შენ გასწავლი“. მინსკში დემონსტრაციების სასტიკი დარბევის 6 თვის თავზე ეს გზავნილი პირდაპირ მუქარად აღიქმებოდა.

მეორე ვერსიად ბელარუსმა შეარჩია „სიმღერა კურდღლებზე“, სადაც ასევე იკითხებოდა ოპოზიციის მხარდამჭერთა არცთუ ისე შეფარული დაცინვა.

სომხეთისა და აზერბაიჯანისთვისაც რამდენჯერმე დაუდიათ ბრალი, რომ ტექსტში ფარულად პოლიტიკური განცხადებები იყო ჩაქსოვილი - სომხების გენოციდის აღიარებასა და ოკუპირებულ აზერბაიჯანულ მიწებზე.

თუმცა, ზოგჯერ კონკურსანტებს სხვა ქვეყნების პროტესტის მიუხედავად გამოსვლის საშუალებას მაინც აძლევენ. 2016 წლის უკრაინის წარმომადგენლის, ჯამალას სიმღერას, რუსეთი აპროტესტებდა - მის სიმღერაში ნახსენები 1944 წლის ყირიმელი თათრების დეპორტაცია 2014 წლის ყირიმის ოკუპაციის ალუზიააო. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსეთის პროტესტი არ გაითვალისწინა და, საბოლოოდ, ჯამალა კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.