ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის რემონტი იწყება. პანდემიის დასრულებამდე მოესწრება?

შენობა, რომელიც სახელმწიფომ ინფექციური საავადმყოფოსთვის შეიძინა

ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც პანდემიის დაწყების მომენტიდან არის ჩართული კოვიდის მართვაში და წლებია ავარიულ, ნაქირავებ შენობაში იღებს პაციენტებს, ახალი მისამართი გამოუჩნდა: ლუბლიანის 70.  

საავადმყოფოსთვის 11-სართულიანი ახალი შენობა ნაყიდია, სახელმწიფომ 2020 წლის სექტემბერს მასში 11 მილიონი დოლარი გადაიხადა და ახლა ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, კიდევ 25 მილიონამდე ლარი დაახარჯოს პროექტირებასა და რემონტს.

„პირველად გამიჩნდა რწმენა, რომ ახლა ყველაფერი ნამდვილად გაკეთდება. ადრე როგორ იყო, იცით? იტყოდნენ, შეგპირდებოდნენ, მაგრამ ხვდებოდი, რომ არ ჩქარობენ ამ დაპირების შესრულებას. ახლა როგორ არის, იცით? მინისტრი ორ დღეში ერთხელ ატარებს თათბირებს და ოპერატიულ დავალებებს აძლევს ყველას. ანუ პრიორიტეტად დაისახეს და ეს იგრძნობა ყველაფერში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ძველი შენობა, დაზიანებული ჭერით და გაუმართავი სველი წერტილებით, „ავერსს” ეკუთვნის. იჯარა, რომელსაც სახელმწიფო 2012 წლიდან უხდის მას, წელიწადში 400 000 ლარია.

ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდინფიცირებულების მიღება პირველმა დაიწყო, მედპერსონალს ერთდროულად 85 პაციენტის მოვლა შეუძლია. პანდემიის პერიოდში ცენტრს არ შეუწყვეტია აივ-ინფიცირებულ პაციენტებზე მზრუნველობა, აქვე ტარდებოდა კოვიდტესტები. პანდემიის დასაწყისში, ინფექციური საავადმყოფო ყურადღების ქვეშ არა მხოლოდ კოვიდთან ბრძოლის ფრონტის ხაზზე ყოფნის გამო მოექცა, არამედ იმ პრობლემებითაც, რომელზეც საჯაროდ საუბარი პაციენტებმა და ექიმებმა ერთდროულად დაიწყეს: მოუწყობელი სველი წერტილები და სახურავი, საიდანაც წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადიოდა. მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად 2020 წელს კლინიკის მოგება სახელმწიფომ ცენტრს დაუტოვა - სახურავის შესაკეთებლად და კოსმეტიკური რემონტისთვის.

„მძიმე მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთ წელში უკვე ნამდვილად გაკეთდება, გვაძლევს საშუალებას, ცოტა ხანს კიდევ მოვითმინოთ”, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე, რომლისთვისაც ახალ შენობაში გათვალისწინებულია კაბინეტი დამოუკიდებელი სველი წერტილით, მოსაცდელით, მოსასვენებელი ოთახით და ასისტენტისთვის გამოყოფილი კიდევ ერთი ოთახით.

ტენდერი, რომელიც კლინიკის ახალი შენობის მოსაწყობად გამოცხადდა, გამარტივებულია და დაჩქარებული წესით ტარდება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო იმით ხსნის, რომ წინა ტენდერები ჩაიშალა.

„ნამდვილად ძალიან აუცილებელი და სასწრაფოა, რომ ინფექციური საავადმყოფო დროულად გადავიდეს თავის შენობაში”, - უთხრა 3 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს და 2020 წელს შეძენილი ფართის რემონტის ამ დრომდე გაჭიანურება პანდემიით ახსნა.

ასევე ნახეთ რატომ ვერავინ მოაგვარა ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა

აი, რა არგუმენტებით ასაბუთებს ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დაუყოვნებლივ ახალ შენობაში გადაყვანას:

  • მსოფლიოში მძიმე ეპიდემიური სიტუაციაა და COVID-19-ის ახალი შემთხვევების მზარდი მატებაა საქართველოშიც;
  • „ომიკრონის“ ახალი შტამით გამოწვეული ტალღური პიკის მართვაში ცენტრის განუზომელი როლი;
  • ცენტრმა ქვეყანას თავიდან ააცილა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით;
  • ცენტრმა შექმნა ის პოტენციალი, რის გარეშეც საქართველოს არჩევა C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყნად ვერ მოხერხდებოდა;
  • ცენტრი თავისი ფუნქციონირებით ასევე უზრუნველყოფს მენინგიტებით, ყირიმ-კონგოს ცხელებით და სხვა მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების სიკვდილიანობის ევროპაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლებს;
  • სახელმწიფო დაზოგავს ფულს, რომელსაც ახლა „ავერსს” უხდის ქირის სახით;
  • კორპუსი, სადაც ახლა განთავსებულია ცენტრის ადმინისტრაცია, მრავალი წელია თითქმის სახურავის გარეშეა და წვიმის დროს სახურავიდან შენობაში ჩამოედინება წყალი. ერთ-ერთ ოთახში ჩამოიყარა პლასტიკატის ჭერი და ელექტროგაყვანილობის კაბელები. მსგავსი ტიპის პრობლემებია სხვა ოთახებშიც, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის მატერიალურ ფასეულობებს, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

შენობა, რომელსაც ინფექციური საავადმყოფო მიიღებს, 90 პაციენტზე იქნება გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით იმდენივე პაციენტის მიღება შეეძლება, რამდენსაც დღეს, ძველ შენობაში იღებს. ახალ შენობაში, გარდა ამბულატორიული, სტაციონარული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისა, იქნება ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, აფთიაქი, სამრეცხაო და გვამის დროებით დაყოვნების ოთახი.

„ისეა გაკეთებული, შიგნით რომ შეხვიდეთ, გულს გაეხარდება. მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობასთან გვაქვს მოლაპარაკებები აღჭურვაზე და რომ ვიყავით მათთან ერთად დასათვალიერებლად, გაკვირვებული და აღტაცებული დარჩა დელეგაცია. გვითხრეს, საშუალება თუ გვექნება, ასეთი შენობისთვის არაფერს დავიშურებთო”, - გვიყვება თენგიზ ცერცვაძე.

რადიო თავისუფლებას ამ ეტაპზე არ მისცეს საავადმყოფოს ახალი შენობის ინტერიერის ნახვის და გადაღების უფლება. თენგიზ ცერცვაძის აღწერით, ნაგებობა დასრულებულია, თუმცა ის კარკასულ მდგომარეობაშია და შიგნიდან სრულად მოსაწყობია. ის, რომ შენობა გადასაკეთებელია ინფექციური საავადმყოფოს მოთხოვნებისა და სპეციფიკის შესაბამისად, დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. მისი თქმით, ეს არც ისე მარტივი პროცესია.

შესყიდვების დოკუმენტში აღწერილია, რა უნდა გაკეთდეს ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში:

  • პირველ სართულზე გრუნტის წლები გროვდება;
  • სანიაღვრო სისტემა მოსაწესრიგებელია და გამდინარე წყლისთვის მიმართულებაა მისაცემი;
  • მოუწესრიგებელია სანიაღვრო არხები ავტოფარეხების ჩასასვლელებთან;
  • ეზოში და ავტოსადგომზე დასაგებია ასფალტის საფარი.

ყველა ეს ხარვეზი რემონტმა უნდა გამოასწოროს, რომელშიც სახელმწიფო 23 600 000 ლარს იხდის. მილიონ ლარზე მეტი ჯდება სარემონტო სამუშაოების პროექტირება.

შენობა, სადაც ახლა ფუნქციონირებს ინფექციური საავადმყოფო

როგორ იყიდა სახელმწიფომ 1 მილიონ ლარად გაყიდული მიწა 33 მილიონად

ახლად აშენებული 11-სართულიანი შენობა, სადაც ინფექციური საავადმყოფო უნდა გადავიდეს, დიღომში, ლიუბლიანის ქუჩაზე მდებარეობს. სანამ ფართი კლინიკის საკუთრება გახდებოდა, ტერიტორიაც და შენობაც სამედიცინო ინოვაციების ცენტრს ეკუთვნოდა, რომელმაც ეს მიწა რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოსგან იყიდა.

სამედიცინო ინოვაციების ცენტრის ერთ-ერთი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის დავით საგანელიძის ძმაა. გია საგანელიძემ, მიწის ფართი სახელმწიფო ქონების სააგენტოდან 2014 წლის 31 დეკემბერს, პირდაპირი მიყიდვის გზით სიმბოლურ ფასად შეიძინა, იმ ვალდებულებით, რომ აქ კლინიკას ააშენებდა. მშენებლობის დაწყებამდე თბილისის მერიამ 2016 წელს ამ ზონას ფუნქცია შეუცვალა [სამრეწველო ზონა საცხოვრებელ ზონად გადაკეთდა] და ამავე წელს გასცა აქ საავადმყოფოს მშენებლობის ნებართვა. სამედიცინო ინოვაციების ცენტრი სახელმწიფოსთან შეთანხმებული გეგმით შენობას არა ინფექციური საავადმყოფოსთვის, არამედ სხვა, კერძო კლინიკისთვის აშენებდა.

მიწის სიმბოლურ ფასად შეძენის სანაცვლოდ კლინიკის აშენების გარდა, სამედიცინო ინოვაციების ცენტრს რამდენიმე ვალდებულება დაეკისრა:

  • 40 თვეში მინიმუმ 25 საწოლზე გათვლილი კლინიკა უნდა ყოფილიყო სრულად აღჭურვილი და ამუშავებული;
  • ამ კლინიკაში უნდა დაესაქმებინა არანაკლებ 50 სამედიცინო მუშაკი არანაკლებ 2 წლის ვადით;
  • ერთ მილიონ ლარად ნაყიდ მიწის ფართობზე მინიმუმ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო მომდევნო 40 თვეში.

ამ ვალდებულებებიდან სამედიცინო ინოვაციების ცენტრმა მხოლოდ ნაწილი შეასრულა, ისიც დაგვიანებით:

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცენტრი ამ ვალდებულებას მისთვის მიცემულ დროში ვერ ასრულებდა, ვადებს სწევდა და სანაცვლოდ ქონების მართვის სააგენტო პირგასამტეხლოდ ჯარიმებს აკისრებდა. 2019 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განკარგულება გამოსცა - თუკი ცენტრი მშენებლობას დროულად დაასრულებდა, მას დაკისრებულ ჯარიმებს ჩამოაწერდნენ.

შენობა, რომელიც 2020 წელს სახელმწიფომ ცენტრისგან ინფექციური საავადმყოფოსთვის შეიძინა, ჯერჯერობით გარემონტებულიც არ არის. ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი სივრცის მოსაწყობად სახელმწიფომ სამედიცინო ინოვაციების ცენტრისგან 4 566 კვადრატული მიწის ნაკვეთიც გამოისყიდა. ის მიწის ნაკვეთი კი, რომელიც 2014 წლის 31 დეკემბერს სიმბოლურ ფასად გაიყიდა, 11 998 კვადრატული მეტრი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო ინოვაციების ცენტრს კიდევ 7 432 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი რჩება, რომელსაც საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს. ეს მიწა ახლა დამოუკიდებელ ტერიტორიად არის რეგისტრირებული რეესტრში და კვლავ სამედიცინო ინოვაციების ცენტრის მფლობელობაშია. რადიო თავისუფლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, გია საგანელიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ სამედიცინო ინოვაციების ცენტრის მიერ ვალდებულებების გაჭიანურების გამო, ინფექციური საავადმყოფოსთვის ამ შენობის შეძენა რამდენიმე თვით დაგვიანდა.

„[ჯანდაცვის სამინისტრო] არ ართმევდა მანამ, სანამ ყველაფერი არ გააკეთეს”, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე და მიიჩნევს, რომ შიდსის ცენტრის მომავალი შენობა ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისში, რადგან თავიდანვე კლინიკად არის აშენებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტირება 130 დღეში უნდა დასრულდეს, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები კი - 14 თვეში. ამ განრიგით, თუკი პროცესი თებერვლის ბოლოს დაიწყება, როგორც ამას თენგიზ ცერცვაძეს ჯანდაცვის სამინისტროში ჰპირდებიან, გამოდის, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში 2023 წლის აგვისტომდე ვერ გადავა. რემონტის შემდეგ საავადმყოფოს სამედიცინო ტექნიკით აღჭურვაც დასჭირდება - ეს კიდევ დამატებითი დრო და ფულია.

ასევე ნახეთ თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებულთა გადარჩენით ჩვენ უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე აშშ-ს