მე მოვუგე სახელმწიფოს: შეცვლის შორენას ბრძოლა სხვა შშმ პირების ცხოვრებასაც?

11 წლიდან სმენის პრობლემის მქონე შორენა ფხალაძემ, რომელსაც სახელმწიფო უარს ეუბნებოდა შშმ პირის სტატუსის იმ ფორმის მინიჭებაზე, რომელიც პენსიის დანიშვნას ითვალისწინებს, სასამართლო დავა სახელმწიფოს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო.

მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ შშმ ქალს პენსიაც უნდა დაენიშნოს და სასამართლო დავის დაწყების დღიდან დაგროვილი კომპენსაციაც აუნაზღაურდეს. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, სავარაუდოდ, დავას უზენაეს სასამართლოშიც გააგრძელებს, თუმცა შორენას იმედი აქვს, რომ უმაღლეს ინსტანციაშიც გაიმარჯვებს.

შშმ სტატუსისა და კუთვნილი პენსიის მიღებისთვის ბრძოლა შორენა ფხალაძემ 2019 წელს დაიწყო, მაშინ ის 48 წლისა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სმენის ნეიროსენსორული დაზიანება მას ბავშვობაში დაუდგინეს, შორენამ არ იცოდა, რომ მისნაირი დაავადების მქონე ადამიანს სახელმწიფოსგან ასლარიანი პენსიაც ეკუთვნოდა.

შორენა ფხალაძე

ამის მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყო, რომ წლების განმავლობაში, მისი ოჯახი ავადმყოფობას მალავდა. ეს იყო გენეტიკური დაავადება, რომელიც ჰქონდა შორენას ბებიას, დედას, დეიდასა და ბიძას.

„იმ წლებში, საბჭოთა პერიოდში, ოჯახი ამ დაავადებაზე საუბარს სამსახურის დაკარგვის შიშით ერიდებოდა“, - იხსენებს შორენა ფხალაძე.

ბავშვობაში მას სმენის მხოლოდ 10-15%-იანი დაზიანება ჰქონდა. წლების გასვლასთან ერთად დაავადება პროგრესირებდა, თუმცა, რადგან შორენა „პირზე კითხვას“ იყო მიჩვეული ანუ ტუჩების მოძრაობით არჩევდა ნათქვამს, პანდემიის დასაწყისამდე ამ მხრივ პრობლემა არ ჰქონია. პირბადეებმა ეს რეალობა შეცვალა.

დღეს შორენას მხოლოდ ერთ სასმენი აპარატი აქვს. თუმცა იცის, რომ მალე მეორეც დასჭირდება. მან ისიც იცის, რომ დაავადებას პროგრესირებადი ხასიათი აქვს და სიყრუით სრულდება.

შორენა ელის კომპენსაციის მიღებას, რომ სმენის მეორე აპარატიც შეიძინოს

2019 წელს, როცა ქუჩაში, შემთხვევით, სტუდენტობის მეგობარი შეხვდა, მან სხვათაშორის ჰკითხა, შშმ პირის სტატუსი და პენსია ხომ გაქვსო? შორენამ სწორედ მაშინ გაიგო, რისი მოთხოვნა შეეძლო სახელმწიფოსთვის და ინფორმაციის მოძიება დაიწყო.

მას „ზომიერად გამოხატული შშმ პირის სტატუსი“ მიანიჭეს, რომელიც პენსიას არ ითვალისწინებს. პენსიის დასანიშნად კი პოლიკლინიკაში მოსთხოვეს ბავშვობაში, ანუ დაახლოებით 35 წლის წინ ჩატარებული აუდიოგრამები, რომელიც შორენას შენახული აღარ ჰქონდა.

სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ერთხელ მაინც იყო ნამყოფი, ყველაფერი დაკარგული იყო - საქართველოს კანონმდებლობით, მათ დოკუმენტაციის ხუთ წელზე მეტხანს შენახვის ვალდებულება არ აქვთ.

„ბოლოს იმ პოლიკლინიკაში წავედი, სადაც დედა დადიოდა. ის უკვე 6 წლის გარდაცვლილი იყო. მისი ანკეტა ვიპოვე, სადაც ეწერა, რომ მასაც ჰქონდა ეს დაავადება. არც ამან გაჭრა. ექიმები მეუბნებოდნენ, უდაოა, რომ თქვენ ეს დაზიანება ბავშვობიდან გაქვთ, მაგრამ რადგან საბუთი არ გვაქვს, ვერაფერს ვიზამთო. ერთ აუდიოგრამაზე იყო საუბარი... მომთხოვეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, ისიც მივიტანე. ვითხოვდი მოწმეების წარდგენასაც, მაგრამ სოციალური მომსახურების სააგენტომ მაინც არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა. მერე წავედი სასამართლოში“, - გვიამბობს შორენა ფხალაძე.

რადგან ფული არ ჰქონდა, პირველ ინსტანციაში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები იცავდნენ, მომავალი ადვოკატები. საქმე მოიგეს.

იმ პერიოდში შორენამ ინტერნეტით იპოვა ეკატერინე თორთლაძეც - ფონდ „აურესის“ დამფუძნებელი, რომელიც საქართველოში სმენის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებებს იცავს. ეკამ შორენას გენეტიკოსი თინა ტყემალაძე გააცნო, მისი დახმარებით კი, უცხოეთში, სიყრუის გენზე გენეტიკური ანალიზის ჩატარებაც გახდა შესაძლებელი.

„ხელში მეჭირა დასკვნა, რომ ეს იყო 99% გენის დაზიანება და რომ მე ეს დაავადება მემკვიდრეობით მქონდა მიღებული“.

შორენა ფხალაძეს იმედი აქვს, რომ თუ სოციალური მომსახურების სააგენტო საქმეს უზენაესში გაასაჩივრებს, უმაღლესი ინსტანცია მას წარმოებაში არ მიიღებს და პენსიისა და კომპენსაციის მიღებას დროულად შეძლებს.

კომპენსაციით მეორე სასმენის აპარატის შეძენა სურს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს.

ეს მოგებული საქმე, როგორც სააპელაციო სასამართლოში შორენას ერთ-ერთი ადვოკატი, ანა არგანაშვილი ამბობს, შესაძლოა, სხვა შშმ პირებისთვისაც იქცეს მაგალითად და ბიძგად, დაიცვან საკუთარი უფლებები.

ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილი გვეუბნება, რომ ეს სააპელაციო დონეზე განხილული პირველი საქმეა, როდესაც სასამართლომ სახელმწიფოს უთხრა, რომ მას უნდა დაერეგისტრირებინა ეს ადამიანი შესაბამისი სტატუსით და მიეცა მისთვის პენსიაც და კომპენსაციაც:

„მოსამართლემ უთხრა სახელმწიფოს, შენ ამ ადამიანის უფლება დაარღვიეო. თუმცა ჩემთვის, ეს საქმე სხვა მხრივაც არის უპრეცედენტო: მთელი პროცესის განმავლობაში, სახელმწიფოს წარმომადგენელი ამბობდა, რომ ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც წერია კანონში. მოსამართლემ კი, მათ ფაქტობრივად მიუთითა, თუ სისტემა არის გაუმართავი, თქვენ ის უნდა გაგემართათო“.

ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, სადაც ანა არგანაშვილი მუშაობს, არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოში სისტემა ცდილობს არ დაარეგისტრიროს შშმ პირები შესაბამისი სტატუსით, იმიტომ, რომ თავიდან აირიდოს მათთვის პენსიის დანიშვნა, სერვისების შექმნა და ა.შ.

„ჩვენი აზრით, ამის მაგალითია ის, რომ თუ მსოფლიოს ქვეყნებში მოსახლეობის 15% არის შშმ პირი, ჩვენთან მათი რეგისტრირებული რაოდენობა, მხოლოდ 3.5 პროცენტია - თითქოს არ ვარეგისტრირებთ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან ავირიდოთ მათი არსებობა“, - ამბობს ანა არგანაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

დღესაც, არაერთი შშმ პირი ცდილობს სტატუსის მიღებას და კუთვნილი პენსიის მოპოვებას. ეკატერინე თორთლაძე გვეუბნება, რომ შესაძლოა, ასი ლარი არ არის დიდი თანხა, მაგრამ ამ ადამიანებისათვის პრინციპის და ღირსების საკითხია, რომ მიიღონ ის, რაც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით.

ეკატერინე თორთლაძე

მისი სიტყვებით, სწორედ სახელმწიფოა მოვალე, გამოსავალი მოაძებნინოს ადამიანს, რომელიც ორმოცი წლისწინანდელი ერთი ქაღალდის არარსებობის გამო ვერ იღებს დახმარებას და თან, იმის მტკიცება უწევს, რომ ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. თან, იმ ფონზე, როცა თავად სახელმწიფოს აქვს გაუმართავი სისტემა, როცა რეფორმა არ დასრულებულა.

შორენა ფხალაძის მოგებულმა საქმემ, როგორც ეკა თორთლაძე ამბობს, ერთ პატარა ოთახში მაინც აანთო სინათლე და სხვა ადამიანებსაც დაანახა, რომ გამოსავალი არსებობს.

„სანამ გადავალთ ახალ სისტემაზე, რაზეც სახელმწიფო, მართალია, მუშაობს, მაგრამ ჯერ ეს პროცესი არ დასრულებულა, სახელმწიფომ უნდა გამონახოს რესურსი, გააჩინოს რაღაც მექანიზმი, ჩანაწერი კანონში და ა.შ., რაც ამ ადამიანებს ცხოვრებას კი არ გაურთულებს, პირიქით, ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს. ეს სახელმწიფოს ტვირთია, გადადგას ნაბიჯი ამ ადამიანებისკენ“, - უთხრა ეკატერინე თორთლაძემ რადიო თავისუფლებას.