2022 წლის 1 თებერვალს ეროვნული მუზეუმის დებულებაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მკაცრდება მუზეუმებში მკვლევრების დაშვების წესი და ის სამინისტროს კონტროლის ქვეშ გადადის. სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება ასევე მუზეუმების და მუზეუმთა ჯგუფებისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვის ნებისმიერი საკითხიც.
დებულებაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მასში გაჩნდა ასეთი ჩანაწერები:
- მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს.
- [მუზეუმის დირექტორატი] იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების მიერ გრანტის გამცემისადმი (დონორისადმი) მიმართვის, გრანტის თანხის გამოთხოვის/ჩარიცხვის ან გრანტის განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ.
დებულებაში შეტანილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებენ ხელოვნებათმცოდნეები და მიიჩნევენ, რომ ამის შემდეგ მათთვის კვლევის პროცესი გართულდება, სამინისტროსთვის არასასურველი მეცნიერებისთვის კი შეიძლება მუზეუმების კარი საერთოდ ჩაიკეტოს.
დებულებაში ცვლილების ფონია ხელოვნების მუზეუმიდან რეორგანიზაციის პროცესში გათავისუფლებული თანამშრომლების მიერ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვება. მეცნიერთა ორმა სხვადასხვა ჯგუფმა მოიპოვა გრანტები შემდეგი პროექტებისთვის:
- შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის XVIII-XIX საუკუნის ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევისთვის.
- ქართული ეპიგრაფიკის ნიმუშები (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებიდან).