სილვიუ დომენტე: კოვიდ-პაციენტების გარდაცვალების მიზეზი მედპერსონალის სიმცირეცაა

სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს  წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

რას ფიქრობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე „მწვანე პასპორტების“ გაუქმების შესახებ? რა არის ქვეყანაში კოვიდ-პაციენტთა გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის მიზეზი? როგორ აფასებს ქვეყანაში წარმოებული ვაქცინაციის კამპანიას? რადიო თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს პასუხობს სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

რადიო თავისუფლება: მოდით, საუბარი დავიწყოთ, საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, პირველი თებერვლიდან, ქვეყანაში მოიხსნა ე.წ. „მწვანე პასპორტის“ გამოყენების ვალდებულება. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. დღეს საქართველო კოვიდ-პანდემიის პიკში იმყოფება, ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი იღუპება კოვიდით. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას გაუჩენს განცდას, რომ პანდემია დასრულდა და უსაფრთხოების ზომებიც აღარ არის საჭიროა?

სილვიუ დომენტე: თავის დროზე, ბევრმა ქვეყანამ „მწვანე პასპორტი“ სხვადასხვა მიზნისთვის შემოიღო. პირველ რიგში, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად და ამასთანავე, თავშეყრის ადგილებში ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მეორე მიზეზი, ეს ვაქცინაციის სტიმულირება იყო და ბევრ ქვეყანაში ამან კარგად იმუშავა, მართლაც გაიზარდა ვაქცინაციის რიცხვი, მათ შორის, ეს ტენდენცია გამოჩნდა საქართველოშიც. როდესაც „მწვანე პასპორტის“ ვალდებულებას აუქმებ, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, სიტუაციის ანალიზზე უნდა იყოს დამყარებული. ვგულისხმობ, როგორც ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ისე მძიმედ მიმდინარე დაავადებების რიცხვს, ვაქცინაციის მაჩვენებელს და ჯანდაცვის სექტორში არსებულ ვითარებას.

ჩვენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, საქართველოში მწვანე პასპორტების ვალდებულების მოხსნის გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიგვიღია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად და იმ მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რაც ქვეყანაშია.

როდესაც დიდმა ბრიტანეთმა და ისრაელმა გააუქმა „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნის ვალდებულება, მათ კონკრეტული არგუმენტები ჰქონდათ, რომ „ომიკრონის“ გავრცელების მიუხედავად, ჯანდაცვის სექტორზე დიდი ზეწოლა არ მოხდა. ჯანდაცვის სისტემის მზაობა, გარდა ამისა, ვაქცინაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, მათი მოსახლეობის 90%-ზე მეტი აცრილია. ამ ქვეყნებში მასობრივად კეთდება ბუსტერ დოზები. სამწუხაროდ, ეს საქართველოს შემთხვევაში ასე არაა, რაც ჩვენი შეშფოთების საგანია. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ. გარდა ამისა, ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი რისკ-ჯგუფებში და ა.შ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებით განცხადებებს, რომ „ომიკრონი“ „მსუბუქი დაავადებაა“. მონაცემები იმის თაობაზე, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, ძირითადად მოგვდის დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, სადაც ვაქცინაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. როგორ მოიქცევა „ომიკრონი“ იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანთა მცირე ნაწილია ვაქცინირებული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და დასკვნების გაკეთება, ცოტათი ნაადრევია.

მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გააუქმა „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნის ვალდებულება, კვლავ ძალაში დარჩა უსაფრთხოების სხვა ზომები. ვიცით, რომ კვლავ მანდატორულია ნიღბების ტარება დახურულ და ღია სივრცეში, აკრძალულია ხალხმრავალი ღონისძიებები, ქორწილები, ქელეხები და ვიცით, რომ კვლავ აუცილებელია, რომ გქონდეს ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა ან უარყოფითი ტესტის პასუხი იმისათვის, რომ დაესწრო სხვადასხვა სემინარს, ტრენინგს, კონფერენციას.

მიუხედავად ყველაფრისა, ეპიდემია მძვინვარებს და ხელისუფლება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე შეიცვლება, შესაბამისი ზომები მიიღოს.

რადიო თავისუფლება: თქვენც ახსენეთ და ეს კითხვა მეც მაქვს. ქვეყანაში უკიდურესად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. საქართველოს მთელი მოსახლეობის მხოლოდ 30%-ია სრულად აცრილი. როგორ შეაფასებთ ვაქცინაციის კამპანიას ქვეყანაში? რა უნდა გაკეთებულიყო ამ მიმართულებით და რა არ გაკეთდა?

სილვიუ დომენტე: ვაქცინაცია მთავარი პრიორიტეტია კოვიდთან ბრძოლაში. ჩვენ ვაქცინაციის პროცესს ვადევნებთ თვალს, როგორც გლობალურად, ასევე, ცხადია, ვაკვირდებით იმასაც, თუ რა ხდება საქართველოში. შიდა კვლევების საფუძველზე ვსწავლობთ ადამიანების შიშებს, ქცევებს და ა.შ. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად, ადამიანები იცრებიან მაშინ, როდესაც მათ სჯერათ, რომ ვაქცინა ეფექტურია ვირუსის წინააღმდეგ. ადამიანები, რომლებიც იტარებენ რუტინულ ვაქცინაციას, ისინი ასევე იცრებიან კოვიდ ვაქცინითაც და მისდევენ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს. მაგრამ ადამიანები ყოყმანს იწყებენ მაშინ, როდესაც მათ უჩნდებათ კითხვები ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე დარწმუნებულები არიან, რომ მათ კოვიდი თუ შეხვდებათ, ადვილად გადაიტანენ, ან აქვთ ვაქცინაციის შემდეგ გართულების შიში.

ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა საქართველოში, აჩვენა, რომ აქაც ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს. ადამიანებს აქვთ კითხვები ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეშინიათ ვაქცინის შემდგომი გართულებების. მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ანტივაქსერული მოძრაობები. მათაც აქვთ გარკვეული ზეგავლენა ადამიანებზე, მაგრამ ჩვენმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების ძალიან დაბალი პროცენტი იღებს გადაწყვეტილებას ანტივაქსერთა თეორიების გავლენით. მოსახლეობის მხოლოდ 17%-ია ასეთი. მოსახლეობის უმრავლესობა არჩევანს მაინც ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციებზე აკეთებს. ამიტომ ვაქცინაციის კამპანიის პროცესში ჯანდაცვის სექტორის უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო. თავად ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შორისაც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კითხვები, ითხოვენ უფრო მეტ ინფორმაციას ვაქცინის ეფექტურობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობის 41% სოფლად ცხოვრობს და სწორედ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენად კარგად და როგორ ვაწვდით მათ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ. იქ სოციალური მედია და თუნდაც ტრადიციული მედია, ვერ იქნება ეფექტური. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იქ ადგილობრივად, პირდაპირი კონტაქტით მოხდეს მუშაობა. ამ ადამიანებთან ახლოს უნდა მივიტანოთ თავად ვაქცინაც.

ჩვენ ვხედავთ, რომ გასაუმჯობესებელია კოორდინაცია სხვადასხვა აქტორებს შორის. არსებობს ჯანდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები... საჭიროა, რომ გვქონდეს ერთი დიდი და ფართომასშტაბიანი კამპანია, კონკრეტული მესიჯები და რაც აღვნიშნე, ახლა კონცენტრაცია უნდა გაკეთდეს ადგილობრივ დონეებზე.

ჩვენც გვაქვს გეგმა. გვინდა, რომ 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის, მსოფლიოს მოსახლეობის 70% იყოს ვაქცინირებული. ჩვენი მიზანი იყო, რომ 2021 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 40% აგვეცრა, მაგრამ ამ მიზანს, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ. სამწუხაროდ, მსოფლიოს 84-მა ქვეყანამ მათ შორის, საქართველომაც ამ მიზანს ვერ მიაღწია.

რადიო თავისუფლება: ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აისახება იმაზეც, რომ სამწუხაროდ, საქართველო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოწინავე ადგილს იკავებდა პაციენტთა გარდაცვალების მაჩვენებლით. კვლავ მაღალია კოვიდით ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვი. ყოველ დღე ათეულობით ადამიანს ვკარგავთ. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, აღიარა, რომ ამ მხრივ, კლინიკებში არსებობდა გარკვეული ხარვეზები. მან თქვა ისიც, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ჩამოსული იყო შვედი ექსპერტი, რომელმაც შეისწავლა კლინიკებში არსებული მდგომარეობა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, მან საკმაოდ საინტერესო დასკვნა დაწერა და რეალურად, გაამართლა მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას კლინიკურ სექტორში აქვს და ამ მიმართულებების მიხედვით ასევე გასცა რეკომენდაციები. თუ შეგიძლიათ, რომ უფრო მეტი გვითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით. რა ხარვეზები გამოავლინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რა რეკომენდაციები გაიცა? და თუ ადევნებთ თვალს, როგორ სრულდება ეს რეკომენდაციები?

სილვიუ დომენტე: საქართველოში, კოვიდით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ჩვენთვის ნამდვილად იყო და არის შეშფოთების საგანი, განსაკუთრებით, 2021 წლის მეორე ნახევარში, როდესაც საქართველომ მიაღწია გარდაცვალების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს რეგიონში. ჩვენ ამის თაობაზე დაუყოვნებლივ მივმართეთ ჯანდაცვის მინისტრს. დიახ, საქართველოში ჩამოვიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შვედი სპეციალისტი, ინტენსიური მკურნალობის წამყვანი სპეციალისტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება კოვიდის მძიმე ფორმების მკურნალობის პროცესში. ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ მის ორ ვიზიტს. მან შეაფასა კოვიდ-დაწესებულებების შესაძლებლობები. მას ასევე შეხვედრები ჰქონდა წამყვან სპეციალისტებთან, ჩაატარა ტრენინგები. ჩვენ უკვე გვაქვს მისი წინასწარი დასკვნა, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას და როგორც აღნიშნეთ, თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს პროცესი.

წინასწარი დასკვნა კი ისაა, რომ ცხადია, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი არ უკავშირდება მედიკოსთა პროფესიონალიზმის ნაკლებობას ან მათი მონდომების ნაკლებობას. პირიქით, თავად შვედი ექსპერტიც და ჩვენც, შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით ნანახით, თუ რას აკეთებენ ექიმები პაციენტთა გადასარჩენად. გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი არ უკავშირდება სამედიცინო ტექნოლოგიის ან მედიკამენტების ნაკლებობას. ამ მიმართულებით, ყველაფერი საკმარისია.

გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი უფრო სისტემური პრობლემის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში გროვდება როგორც თავად ჯანდაცვის სექტორში, ისე მის მიღმა. იგივე, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ხანდაზმულ პირებსა და რისკ-ჯგუფებში. გარდაცვალების 85% მოდის 65 წელს ზემოთ ადამიანებზე. საქართველოში 65 წელს ზემოთ მოქალაქეების მხოლოდ 49%-ია ვაქცინირებული. ამ ასაკობრივ, აუცრელ კატეგორიაში, ყველაზე რთულად მიმდინარეობს კოვიდი. გარდა ამისა, არსებობს ძალიან ბევრი სოციალური ფაქტორიც, როგორიცაა სიღარიბე, მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც უფრო მეტად აზიანებს კოვიდი. გარდა ამისა, ბევრ შემთხვევაში, ადამიანები, ძალიან გვიან მიმართავენ ჯანდაცვის სექტორს.

მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა, როგორც ვთქვი, არსებობს ჯანდაცვის სექტორის სისტემური პრობლემა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა მედპერსონალის ნაკლებობა. სხვა ქვეყნებსაც ჰქონდათ ეს პრობლემა კოვიდის კრიზისის დროს, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით თვალშისაცემია ექთნების სიმცირე, რადგან პაციენტები, რომლებიც მძიმედ არიან, საჭიროებენ ინტენსიურ მკურნალობას, მონიტორინგს, მათი პარამენტრებისთვის ყურადღების მიქცევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ამ პრობლემას ერთ ღამეში ვერ გადავჭრით, ასე უცებ ვერ გვეყოლება შესაბამისი რაოდენობის ექიმი და ექთანი. გარდა ამისა, ვაქცინაციის პროცესში ბევრი ექთანია ჩართული და ისინიც აკლდებიან ჰოსპიტალურ სექტორს.

ამასთანავე, სამედიცინო დაწესებულებების განყოფილებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები ყოველთვის არ არის ზედმიწევნით შესრულებული, არ არის დაცული პროცედურების სტანდარტი და პროტოკოლი კოვიდ-კლინიკებში. ჩვენ ახლა სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ. გასულ კვირაში, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ერთობლივი ჯგუფი იმყოფებოდა კოვიდ-კლინიკებში, რათა შეესწავლა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები ჰოსპიტალში. უკვე არსებობს პერსონალის ტრენინგის რეკომენდაციები. გარდა ამისა, შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კოვიდთან დაკავშირებული პროცედურების სტანდარტის ღონისძიებებს.

Your browser doesn’t support HTML5

WHO-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოვიდ ვითარების შესახებ

რადიო თავისუფლება: მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში 15 ათასზე მეტი გარდაცვლილია, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებელი პიკს აღწევს, პრობლემებია, ინფიცირებულთა მართვის ნაწილში, NDI-ის უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, მოსახლეობის 50% ხელისუფლების მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. რას ფიქრობთ თქვენ, იმ მონაცემებითა და მდგომარეობით, რაც დღეს საქართველოს აქვს, რამდენად კარგად მართა და მართავს საქართველოს მთავრობა პანდემიას? რა ხარვეზებს ხედავთ?

სილვიუ დომენტე: სანამ კონკრეტულად ამ კითხვაზე გაგცემდეთ პასუხს, მინდა გითხრათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა სპეციალური მექანიზმი, რომელსაც ეწოდება ე.წ. შიდა მოქმედების მიმოხილვა. ეს არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ყველა მოქმედება, რომელსაც ასრულებენ ხელისუფლებები პანდემიის მართვის პროცესში. ეს მექანიზმი იძლევა საშუალებას, ვნახოთ, რამ იმუშავა კარგად, რამ ნაკლებად კარგად. ჩვენ ამ მიმართულებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გვქონდა კომუნიკაცია. სავარაუდოდ, მომავალ თვეში, შიდა მოქმედების მიმოხილვას საქართველოშიც ჩავატარებთ და ამის შემდეგ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია და ანგარიში, რამ იმუშავა კარგად და რამ ცუდად.

რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებებს, თუკი 2020 წელს დავუბრუნდებით, როდესაც პანდემია დაიწყო, გვახსოვს, როგორ მაშინ კარგად უძღვებოდა საქართველო პანდემიას. თუკი ორი წლის თავზე გადავხედავთ იმ დროინდელ გადაწყვეტილებებს, ვნახავთ, თუ რატომ იყო ის გადაწყვეტილებები იმ მომენტისათვის მნიშვნელოვანი და სწორი. ამან მოაგებინა დრო ჯანდაცვის სექტორს, რომ პანდემიისთვის მომზადებულიყო. მომზადებულიყო ამ ახალი ვირუსისთვის, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა იყო ცნობილი. ხელისუფლებამ მოახერხა დამატებითი საწოლების მობილიზება კოვიდ-პაციენტებისთვის, მოახერხა პერსონალის სათანადოდ აღჭურვა და ა.შ. უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მოქალაქეების ტესტირების პროცესის დროულად დაწყება და საქართველომ ეს მაშინ მოახერხა წარმატებით. შემიძლია ვთქვა, რომ ახლაც წარმატებით გრძელდება ეს პროცესი და ტესტების მარაგები ქვეყანაში არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება პანდემიის მართვის ნეგატიურ ასპექტებს, რა თქმა უნდა, აქ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ვაქცინაციის კამპანია შეგვიძლია მოვიაზროთ. მიუხედავად ხელისუფლების მიერ გაწერილი გეგმისა, ამ გეგმის შესრულება ნამდვილად არ იყო წარმატებული.

პანდემიის მართვის პროცესში, გასათვალისწინებელი ის, რომ თავდაპირველად, გადაწყვეტილებები მიღებული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად. სამწუხაროდ, მოგვიანებით, პროცესი უფრო მეტად პოლიტიზირებული გახდა, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. პანდემია ზოგადად პოლიტიზირებული გახდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამის წინააღმდეგია და ვაცხადებთ, რომ პანდემია არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უპირატესობა უნდა მიენიჭოს სწორედ ჯანდაცვის სპეციალისტების მოსაზრებებს და რეკომენდაციებს.

რადიო თავისუფლება: პანდემიის მეექვსე ტალღის პიკში შედის საქართველო. როგორია თქვენი რეკომენდაციები მთავრობისთვის და მოქალაქეებისთვის.

ამ ორ წელში, ჩვენ უკვე ვისწავლეთ ცოტა რამ ვირუსის შესახებ, რა მუშაობს და რა არა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის მიჰყვება პრინციპს - „გააკეთე ყველაფერი“. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პანდემიის დასასრულებლად. ახლა მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდაზე. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში.

ევროპის 33 ქვეყნის ანალიზის შედეგების თანახმად, ვაქცინაციამ ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. გარდა ამისა, უკვე მეტი და მეტი მტკიცებულებაა იმის შესახებ, რომ ბუსტერ დოზა 65 წელს ზემოთ, „ომიკრონით“ ინფიცირებულს 95%-ით იცავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ამ თვალსაზრისით უფრო მკაფიო განცხადებები გააკეთოს.

აუცილებელია, რომ დავიცვათ ყველა ის უსაფრთხოების ზომები, რაც უკვე კარგად ვიცით, ნიღბების ტარება, დისტანცია, ვენტილაცია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და ა.შ.

ჯანდაცვის სექტორმა პერმანენტულად უნდა განაახლოს კლინიკური პროტოკოლები. შეიქმნა ახალი გლობალური პლატფორმა, რათა ქვეყნებს წვდომა ჰქონდეთ იმ მედიკამენტებზე, რომლებიც კოვიდის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან და დავაფიქსირეთ, რომ საქართველო გამოხატავს ინტერესს, რომ იყოს ამ პლატფორმაზე. ლაპარაკია, მაგალითად, მედიკამენტ „ტოცილიზუმაბზე“ და ასევე სხვა მედიკამენტებზე, რომლებიც ამ პლატფორმაზე გამოჩნდება.

„ომიკრონის“ დიდი ტალღა გვაჩვენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მედპერსონალის დაცვა. ისინი ახლა ყოველდღიურად ინფიცირების ძალიან მაღალ რიცხვებს ებრძვიან და ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ, როგორც აღჭურვილობით, ასევე უნდა ვიზრუნოთ მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე, რათა თავიდან ავიცილოთ მათი „გადაწვა“. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ აწარმოოს კლინიკური გამოკვლევები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, როგორც დაავადების მიმდინარეობაზე, ისე ვაქცინის ეფექტურობაზე.

რაც შეეხება მოქალაქეებს, ადამიანები უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ეპიდემიას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში „ომიკრონია“ გავრცელებული.