ბათუმში კორპუსების უნებართვოდ მშენებელი კომპანია განმარტებებს ავრცელებს

ბათუმში რამდენიმე კორპუსის უნებართვოდ მშენებელი კომპანია "მეტრო ტერმინალი" წარმოებული სამშენებლო სამუშაოების მოტივაციად ქვეყნისთვის 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის შენარჩუნებას ასახელებს. კომპანია BM.ge-სთვის მიწოდებულ განცხადებაში განმარტავს, რომ მათ კუთვნილ ტერიტორიას მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალა, ახალი პროექტის შეთანხმება კი 2021 წლის მოწვევის საკრებულოსთან ვერ მოხერხდა.

კომპანიამ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ააშენა 4 ერთმანეთთან დაკავშირებული ექვსსართულიანი შენობა და რვასართულიანი 2 შენობა. უნებართვო მშენებლობის გამო, ბათუმის მერიამ კომპანია 49-ჯერ დააჯარიმა, თუმცა მშენებლობა არ შეჩერებულა.

"პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მივმართავთ და ვთხოვთ აქტიურ ჯგუფებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საფუძველზე, ნუ შეუქმნიან საფრთხეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას", - აცხადებენ კომპანიაში.

"მეტრო ტერმინალი" აცხადებს, რომ კუთვნილ 300 000 კვადრატულ მეტრ სივრცეში გეგმავს ტექნოპარკის მოწყობასაც.

"ამ ეტაპზე მთავარ ამოცანას წარმოადგენს გაჭიანურებული ბიუროკრატიული დაბრკოლებების დაძლევა და არსებული შენობა-ნაგებობების საკანონმდებლო ჭრილში მოქცევა, რადგან მითითებულ ტერიტორიაზე, როგორც უკვე დავაანონსეთ მომდევნო 4-6 თვის განმავლობაში იგეგმება ტექნო პარკის მოწყობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბათუმის მერიამ ქალაქში უნებართვო მშენებლობის დაწყების შესახებ თავიდანვე იცოდა. ეს ირკვევა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით მერიის სახელით გავრცელებულ განმარტებაშიც:

"გოგოლის ქუჩაზე მეტრო ტერმინალის მიერ განხორციელებულ უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით, როგორც მშენებლობის დაწყების მომენტში, ასევე, მშენებლობის მიმდინარეობისას მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოტანილია არაერთი დადგენილება. აუდიტის პერიოდში ჯარიმის ოდენობა იყო 180 000 ლარი, ხოლო დღეისათვის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სულ გამოტანილია 49 დადგენილება მეტრო ტერმინალის მიმართ დაჯარიმების (ჯამში 246 000 ლარი), უნებართვო მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების თაობაზე", - ვკითხულობთ ბათუმის მერიის განცხადებაში.

აუდიტის სამსახური 28 იანვარს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერდა, რომ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით მერიის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ვერ შეაჩერა მშენებლობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანია ვალდებულია მშენებლობა შეაჩეროს.