ბაიდენის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის სიკვდილით „აღმოიფხვრა დიდი ტერორისტული საფრთხე“

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის საგანგებო დანიშნულების რაზმის ოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაშის სიკვდილის შედეგად „აღმოიფხვრა დიდი ტერორისტული საფრთხე“.

თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბრის დროს ბაიდენმა დაადასტურა, რომ ალ-ყურაშიმ თავი აიფეთქა და ამ ქმედებას უწოდა „სასოწარკვეთილი სიმხდალე“ აშშ-ის ჯარის მიახლოების დროს.

„მან თავისი ოჯახის წევრების და შენობაში მყოფი სხვა პირების სიცოცხლე არაფრად ჩაგდო და თავის აფეთქება არჩია ჩადენილი დანაშაულისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ნაცვლად“, თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ აშშ თავის პარტნიორებთან ერთად აგრძელებს გააძლიეროს ზეწოლა „ისლამურ სახელმწიფოზე“.

ბაიდენმა 3 თებერვლის განცხადებაში თქვა, რომ კონტრტერორისტული ოპერაცია "წარმატებით" ჩატარდა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში და რომ ყველა მასში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცი უსაფრთხოდ დაბრუნდა.

"ჩვენ აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში, "ისლამური სახელმწიფოს"(IS) ლიდერი, ბრძოლის ველს მოვაშორეთ", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა თავის განცხადებაში თეთრ სახლში გამოსვლის წინ.

AP-ს მოჰყავს თვითმხილველთა სიტყვები, რომელთა მიხედვითაც, 13 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი და ოთხი ქალი, დაიღუპა ოპერაციის დროს, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

აშშ-ის მედიას მოჰყავს ოფიციალური პირის ნათქვამი, რომ ოპერაციის დროს ალ-ყურაშიმ თავი აიფეთქა ქალაქ ათმეში, შენობაში, სადაც ის ცხოვრობდა. ოფიციალური პირი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, დასძენს, რომ აფეთქებას ემსხვერპლნენ მისი ოჯახის წევრები, ქალების და ბავშვების ჩათვლით. პენტაგონმა გამოაცხადა ოპერაციის შესახებ, მაგრამ მისი სამიზნის შესხებ დეტალები არ გაუვრცელებია.