„რად ცდილობთ ჩვენს გარუსებას? ეს ხომ არასოდეს მოხდება: ხალხი, რომელსაც თავის ენაზე მეოთხე-მეხუთე საუკუნეებიდან აქვს ბიბლია, მდიდარი საეკლესიო-საღვთისმეტყველო და საერო ლიტერატურა და უაღრესად განვითარებული ენა, განა შეიძლება გარუსდეს?“, - ამ სიტყვებით მიმართა კალისტრატე ცინცაძემ ეგზარქოს ნიკონს, რომელიც ისევე, როგორ ყველა დანარჩენი ეგზარქოსი, საქართველოში რუსულ პოლიტიკას ატარებდა.
3 თებერვალს 70 წელი შესრულდა პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის გარდაცვალებიდან.
კალისტრატე ცინცაძე იმერელი კაცი იყო, სოფელ ტობანიერიდან. დაიბადა 1866 წლის 24 აპრილს. ჯერ თბილისის, მერე კი კიევის სასულიერო აკადემიებში სწავლობდა. საქართველოში დაბრუნებულს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ) უთხრა, მე და ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე უკვე დავბერდით, განათლებული ბერები, გარდა ლეონიდისა (ის შემდეგ საქართველოს პატრიარქი გახდა), არ გვყავს და თუ სამშობლო გიყვარს, ბერობაზე იფიქრეო.
„ველურ მხეცთა მხარე“
კალისტრატე ბერად არ წასულა. 1893 წელს მღვდლად აკურთხეს და დიდუბის ეკლესიაში გაამწესეს. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს ავტოკეფალია დაკარგული აქვს. ქართულ ეკლესიას კი რუსი ეგზარქოსები მართავენ, მათ საქართვლოში ემორჩილებიან, თუმცა - „ცუდად“, ხანდახან ჯანყიც იფეთქებდა ხოლმე. თავის მემუარებში „ჩემი მოგონებებიდან“ კალისტრატე მრავალ შემთხვევას აღწერს, რომლის მიხედვითაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავდა სასულიერო მოღვაწეობა რუსი ეგზარქოსების ხელში.
მაგალითად, საქართველოს ეგზარქოსი პავლე ტვერის მთავარეპისკოპოს საბას წერს: „სულაც არ ვისურვებდი, მოგიხდეთ ამ მწარე ფიალის შესმა - საქართველოში მოღვაწეობა... ერთადერთი მსურველი საქართველოში წასვლისა არის მთავარეპისკოპოსი პალადი ყაზანელი, ხოლო თქვენი მონა-მორჩილი უარს ამბობს ამ ველურ მხეცთა მხარეში წასვლაზე“.
მომდევნო ეგზარქოსად საქართველოში მართლაც პალადი ჩამოვიდა, მისი „განმანათლებელი“ საქმიანობებიდან კალისტრატე ცინცაძე ორ კურიოზულ შემთხვევას იხსენებს. ეგზარქოსმა იკითხა, რომელი ტაძარი იყო საქართველოში ყაზანის ხატის სახელზე აშენებული და როდესაც უპასუხეს, ამგვარი არაფერი გვაქვსო, გადაწყვიტა, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია ყაზანის ხატის ეკლესიად გამოეცხადებინა. დიდუბის უძველესი ეკლესია, რომელშიც 1215 წელს თამარ მეფემ ჯვარი დაიწერა, ივერიის ღვთისმშობლის სახელზეა აგებული.
ეგზარქოსმა პალადიმ ისიც მოიკითხა, სად უნდა მოეძებნათ ქართველების წმინდანებად შერაცხვის აქტები. აქაც უპასუხეს, რომ ამგვარი არაფერი იყო შემორჩენილი. ეგზარქოსმა განკარგულება გასცა, დაეჯარიმებინათ ის მღვდლები, რომლებიც ბავშვებს ქართული სახელებით ნათლავდნენ. კალისტრატე ცინცაძე წერს, ქართველები ბავშვებს მაინც ქართულ სახელებს არქმევდნენ, ერთი ეგ იყო, რომ „სამეტრიკო მაგიდის მოხელეებისთვის“ ქრთამის მიცემა დაიწყესო.
ბრძოლა ავტოკეფალიისათვის
ამ პირობებში იბრძოდნენ ქართველი სასულიერო პირები ეკლესიის ავტოკეფალიისთვის. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კალისტრატემ ჟურნალ „Пастырь“-ში ავტოკეფალიაზე წერილი გამოაქვეყნა.
„გაგიჟდა ეგზარქოსი, დაიბარა რედაქტორი დავით ღამბაშიძე, მღვდლობასაც წაგართმევ, ჟურნალსაც დაგიხურავ, ახალგაზრდა ექსტრემისტ მღვდელს წერილი როგორ დაუბეჭდე, ახლავე ისევ დააწერინე, რომ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია არასოდეს ჰქონიაო. კალისტრატემ, რა თქმა უნდა, არ დაწერა“, - ჰყვება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე, რომელიც ქართველი სასულიერო პირების ცხოვრებასა და მოღვაწეობას იკვლევს.
ისტორიკოსი ამბობს, რომ კალისტრატე ცინცაძემ სხვებთან ერთად შეიმუშავა ავტოკეფალიის აღდგენისა და მართვა-გამგეობის პროექტი. ავტოკეფალიის მოთხოვნით სამღვდელოებამ სინოდის ობერ-პროკურორისა და კავკასიის მეფისნაცვლის სახელზე პეტიცია მოამზადა. პეტიციაში ისინი განმარტავდნენ, თუ რატომ იყო რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის 1811 წლის ბრძანებულება (ამ ბრძანებულებით იმპერატორმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა) უკანონო. დოკუმენტს ხელს 412 სასულიერო პირი აწერდა. ეს ქართველებს არ შეარჩინეს, ეგზარქოსმა ალექსიმ ავტოკეფალური მოძრაობის წარმომადგენლებს კაზაკები მიუსია და მათრახით აცემინა.
მიუხედავად ამისა, 1917 წელს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში შევიდა.
რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა საქართველოს პატრიარქ კირიონ II-ს წერილი მოსწერა და შემოუთვალა, რუსეთის საეკლესიო კრებაზე გამოცხადდით და დანაშაული აღიარეთო. წერილზე პასუხი კალისტრატემ გასცა. მან მუხლობრივად გაარჩია პატრიარქ ტიხონის თითოეული არგუმენტი და დასძინა: „რაკი აღვადგინეთ კანონიკური წყობილება, ქართულსა და რუსულ ეკლესიაშიც მტკიცედ უნდა ვუთვალყუროთ, რათა შემდგომში არავითარი მსგავსი არ იქმნეს“.
გზა ეკლესიის შესანარჩუნებლად
საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ სასულიერო პირებისთვის განსაკუთრებით მძიმე წლები დაიწყო. მათ დევნიდნენ, აპატიმრებდნენ, ხოცავდნენ, ეკლესიებს კი ანგრევდნენ. 1923 წელს დააკავეს კალისტრატე ცინცაძეც.
„ვართ დატუსაღებულნი 1923 წლიდან ჩეკას მიერ და ვიმყოფებით N2 გამასწორებელი სახლის საკნებში, რვა თვის წამების შემდეგ გადაგვიყვანეს N1 გამასწორებელ სახლში. აქ გავიგეთ, რომ ვიმყოფებით უზენაესი სასამართლოს ბრალმდებლის განკარგულებაში, მაგრამ ჩვენ არავინ დაგვკითხა“, - ასეთი განცხადებით მიმართა მან საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.
კალისტრატე ცინცაძე ციხეში დაახლოებით ერთ წელი იჯდა.
1932 წელს, საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ, იმავე წლის 21ივნისს ახალ პატრიარქად კალისტრატე ცინცაძე აირჩიეს. სწორედ მისი პატრიარქობის პერიოდში, 1943 წელს აღიარა რუსეთმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.
„უნიჭიერესი, განათლებული კაცი იყო. ფრთხილი და გაწონასწორებული. იმ ათეისტურ ხელისუფლებაში კალისტრატე მთებს ვერ გადადგამდა. ის ვერ გააგრძელებდა ამბროსი ხელაიას გზას. 30-იანი წლებიდან 70-იან წლებამდე საქართველოს თავისუფლების იდეა აღარ არსებობდა. კალისტრატემ მონახა გზა, ამ პირობებში რაღაცნაირად შეენარჩუნებინა ეკლესია“, - ამბობს სერგო ვარდოსანიძე.
როგორ გადაარჩინა კალისტრატემ ქაშუეთი
ქაშუეთის ტაძარი მინიმუმ ორჯერ არის გადარჩენილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ტაძრის მშენებლობას იწყებდნენ, მშენებლობის კომიტეტი და მისი ხელმძღვანელი ივანე ამილახვარი ეგზარქოსს ეწვივნენ. ეგზარქოსმა ვერ გაიგო, რატომ უნდა აშენებულიყო ტრადიციული ქართული ტაძარი, როდესაც შეეძლოთ რუსული მრგვალგუმბათებიანი ტაძარი აეშენებინათ. „თავადო, განა ესენი არ სჯობს თქვენ პროექტს?“, - ჰკითხა მან ამილახვარს, რომელმაც უპასუხა, შეიძლება სჯობს კიდევაც, მაგრამ ჩვენი წინაპრები ასე აგებდნენ ტაძრებსო. „თქვენო ბრწყინვალებავ, - მიუგო ეგზარქოსმა, - თუკი წინაპრები სისულელეებს სჩადიოდნენ, ჩვენ რატომ უნდა გავიმეოროთ ისინი?“ მხოლოდ ამილახვრის სიმტკიცისა და სიჯიუტის დამსახურებაა ის, რომ ქაშუეთი სამთავისის მსგავსი პროექტით აშენდა და არა რომელიმე იმ რუსული პროექტით, რომელსაც ეგზარქოსი კომიტეტს სთავაზობდა.
მაგრამ ქაშუეთს განსაცდელი კიდევ ელოდა. სერგო ვარდოსანიძე ამბობს, რომ 30-იან წლებში მთავრობამ გადაწყვიტა, ქაშუეთი დაენგრიათ და მის ადგილას აბანო აეგოთ.
„კალისტრატეს ძალიან უყვარდა ქაშუეთი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ჩაატარა ბოლო წირვა, გამოემშვიდობა ტაძარს, მრევლს უთხრა, ხვალიდან უკვე ნგრევას დაიწყებენო და ეზოში გამოვიდა. დადის ეზოში და ლავრენტი ბერიას დედა, მართა ჯაყელი შეხვდა. მართამ უთხრა, დაწერე ეს ყველაფერი და ლავრენტის გავუგზავნიო. მაშინ ბერია უკვე მოსკოვში იყო... მე ნანახი მაქვს კალისტრატეს წერილის ასლი, ბერიას რეზოლუციით: „შეაჩერეთ, ხელი არ ახლოთ“. ვინღა დაანგრევდა მერე ქაშუეთს?!“ - ამბობს სერგო ვარდოსანიძე.
„გროსპაპა“ დაკემსილი ანაფორით
კალისტრატე ცინცაძეს ექვსი შვილი ჰყავდა. პოეტი რატი ამაღლობელი მისი ერთ-ერთი შთამომავალია, დედის მხრიდან, კალისტრატე მისი ბებიის ბაბუა იყო. პატრიარქის ნივთებიდან რატის წიგნები შემორჩა - რუსულ-ქართული ლექსიკონები და ჯიბის „ვეფხისტყაოსანი“.
რატი ამაღლობელი ჰყვება, რომ კალისტრატე ქაშუეთის ეზოში ცხოვრობდა და დილას მოწყალების გაცემით იწყებდა, რასაც წინ უცნაური რიტუალი - ფულის გამოხარშვა - უძღოდა.
„მაშინ ხურდებს ყრიდნენ ალბათ. ამ რკინის ფულს გამოხარშავდა და დილით თავის ხელით დაარიგებდა ხოლმე, - ამბობს რატი, - ჩვენთან სახლში მას გროსპაპას (ბაბუა გერმანულად) ეძახდნენ. გერმანელი ცოლი ჰყავდა, ოტილია ტომასი და ოჯახშიც ყველამ იცოდა გერმანული. როდესაც ეპისკოპოსი გახდა, ბერადაც აღიკვეცა და ცოლ-ქმარი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობდა. დედაჩემის მოგონებები ასეთი იყო: ცოტა იმერულად უქცევდა, მე ხუთი წლის ვიყავი და ვუსწორებდიო. ამის გამო მას „ნანუკა პროფესორი“ შეარქვა. ანაფორას იდაყვები ყოველთვის გაცრეცილი და დაკემსილი ჰქონდა. მუდამ დაჰყვებოდა მარწყვის სურნელი, რადგან წვერს მარწყვის საპნით იბანდა“.
კიდევ ერთი მოგონება, რომელიც კალისტრატე ცინცაძეს უკავშირდება, პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის. მან ამის შესახებ თბილისის 51-ე სკოლაში გამართულ შეხვედრაზე მოჰყვა.
„მე ვიყავი მგონი ათი წლისა, როცა პირველად და უკანასკნელად შევხვდი მას. მე არ ვიცოდი, როგორ უნდა მივსულიყავი პატრიარქთან და ჩემმა ნათლიამ, დედა ზიოლე დვალიშვილმა მითხრა, რომ მე რასაც გავაკეთებ, შენც ის გაიმეორეო... დაიჩოქა, ხელები დააწყო და მან დამლოცა მეც... დედა ზოილემ უთხრა მას, რომ ეს არის ნატო და გიორგის შვილიო. ის კარგად იცნობდა ჩემს მშობლებს, იმიტომ, რომ ჩემი მშობლების საშუალებით, იგი უკავშირდებოდა ორჯონიკიძეში მცხოვრებ ქართველებს. ეს იყო სვეტიცხოვლის ეზოში, საღამოსპირი, და მან თქვა: - მე ვლოცულობ თქვენი ოჯახისთვის. ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს იყო შეხვედრა ორი პატრიარქისა“.
პატრიარქი კალისტრატე 1952 წლის 3 თებერვალს ავადმყოფობით გარდაიცვალა. ის სიონში დაკრძალეს. 2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.