ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - ბრიტანელ კოლეგასთან სატელეფონო ზარი გადაიდო

დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. საგარეო უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ დავით ზალკალიანს მიმდინარე კვირას სატელეფონო ზარი ჰქონდა დაგეგმილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრს დაუდასტურდა კოვიდი, საუბარი შედგება მისი გამოჯანმრთელების შემდგომ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს აკავშირებთ განსაკუთრებული პარტნიორობა. უწყების განცხადებით, ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, ვისთანაც გაერთიანებულმა სამეფომ გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.

საგარეო უწყება მიუთითებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს, ბუნებრივია, განსახილველ თემებს შორის იქნება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

31 იანვარს კორონავირუსის „ომიკრონის” შტამი დაუდასტურდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.