კიევი პროვოკაციას უწოდებს ბელარუსის ტერიტორიაზე შეჭრილი უკრაინული „დრონის“ შესახებ ცნობას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

3 თებერვალს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი, რომელსაც გადაეცა „მტკიცე პროტესტი“ უკრაინის ტერიტორიიდან უპილოტო თვითმფრინავის „მიზანმიმართული შეჭრის“ გამო ბელარუსის ტერიტორიაზე.

მინსკი ამტკიცებს, რომ 24 იანვარს უკრაინულმა დრონმა გადაკვეთა ბელარუსის საზღვარი, მაგრამ იგი გადაიტაცა ბელარუსის საჰაერო თავდაცვამ და აიძულა მიწაზე დაშვება.

„საბორტო აპარატურის ანალიზით ცხადი ხდება, რომ დრონი გაშვებული იქნა უკრაინის ტერიტორიიდან და მიზნად ისახავდა უკანონო საქმიანობას პოლიგონ „ბრესტის“ თავზე“, - ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მითითებული პოლიგონი ერთ-ერთია იმ რამდენიმე სამხედრო პოლიგონს შორის, რომლებზეც რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნა „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ის მოსამზადებელი ფაზა მიმდინარეობს.

უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინული დრონის შესახებ გავრცელებულ ცნობებს უწოდა „პროვოკაცია“ და მოუწოდა მინსკს, რომ არ ააყოლოს ხმა რუსეთს უკრაინის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ განცხადებებში და შეახსენა ბელარუსს, რომ „სიმშვიდე საზღვარზე ორივე ქვეყნის ინტერესებშია“.

მინსკის მიერ უკრაინის ელჩის დაბარება დაემთხვა ბელარუსში რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს და სერგეი შოიგუს მიერ ბელარუს-რუსეთის ერთობლივი სწავლებებისათვის მზადების შემოწმებას.

ათდღიან ერთობლივ მანევრებში, რომელიც 10 თებერვალს დაიწყება, 13 000 ჯარისკაცი, 300 ტანკი, 500 ჯავშანმანქანა და 3500 საჰაერო მედესანტე მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სწავლებას 3 თებერვალს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა ბელარუსში გადაისროლა სპეცრაზმი, СУ-35-ი ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები და ასევე თანამედროვე ტაქტიკური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 „ტრიუმფი“.