რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ ბელარუსში ჩავიდა ერთობლივი სამხედრო მანევრების დაწყებასთან დაკავშირებით

ალიაქსანდრ ლუკაშენკა და სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 3 თებერვალს ჩავიდა ბელარუსში, სადაც ერთ კვირაში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო მანევრების, „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ის, დასკვნითი ფაზა აიღებს სტარტს.

ათდღიან ერთობლივ მანევრებში, რომელიც 10 თებერვალს დაიწყება, 13 000 ჯარისკაცი, 300 ტანკი, 500 ჯავშანმანქანა და 3500 საჰაერო მედესანტე მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სწავლებას 3 თებერვალს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა ბელარუსში გადაისროლა სპეცრაზმი, СУ-35-ი ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები და ასევე თანამედროვე ტაქტიკური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 „ტრიუმფი“.

მოსკოვმა ერთობლივ მასშტაბურ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობისთვის იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის დანაყოფების გადასროლა.

სამხედრო მანევრების მნიშვნელობას გამოეხმაურა ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელმაც ერთობლივი წვრთნის ჩატარების საბაბად დაასახელა ნატოს წევრი სახელმწიფოების, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების დაახლოებით 30 000 ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია ბელარუსის საზღვართან.

ასევე ნახეთ

რუსეთის ჯარი უკრაინას ბელარუსის საზღვრიდანაც უახლოვდება


„მეტიც, ვარშავამ თხოვნით მიმართა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რათა გაშალოს აღნიშნულ რეგიონში ლოგისტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფის მრავალეშელონირებული სისტემა. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე როტაციის პრინციპით განლაგებულია 8 000-10 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ამერიკელებს რა ესაქმებათ აქ? რუსეთს რაღა უნდა უსაყვედურო, რომ რაღაც მანევრებს, წვრთნას და სხვა ღონისძიებებს ატარებს, თუ შენ ცხრა მთას იქიდან მოეხეტე აქ? რა უნდა გააკეთოთ აქ? ცალკეული „ცხელი თავები“ უკვე აშკარად მოუწოდებენ ომისკენ. ჩვენ გვესმის ეს განცხადებები“, - განაცხადა ლუკაშენკამ 17 იანვარს, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი ოპერატიული სწავლების მომზადების თაობაზე, ბელარუსის სამხედრო ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მინსკში უკვე შეხვდა ბელარუსის ავტოკრატ ლიდერ ალიაქსანდ ლუკაშენკას, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ არის წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ფალსიფიკაციის, ოპონენტების დევნისა და ქვეყანაში გატარებული რეპრესიული პოლიტიკის გამო.

ვაშინგტონმა მანამდე გამოთქვა შეშფოთება, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა შესაძლოა მოხდეს სწორედ ბელარუსიდან, სადაც ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა რუსეთის ლიდერის დახმარებით ინარჩუნებს ძალაუფლებას ქვეყანაში 27 წლის განმავლობაში.