რა ბედი ელის “ოტენის აფთიაქს” და ამბებს, რომლებსაც ქალაქი ივიწყებს

თბილისში, ლეონიძის ქუჩის 8 ნომრის პირველი სართულის ფანჯრებიდან დაცარიელებული ხის მასიური კარადები, იატაკზე მიმოფანტული ქაღალდის ნარჩენები და დაბზარულ კედლებზე კანტიკუნტად შემორჩენილი ფოტოები ჩანს.

კარი ჩარაზულია, წარწერა კი გამვლელებს აუწყებს, რომ აფთიაქი, რომელიც აქ იყო, რამდენიმე მეტრში, დიდ სავაჭრო ცენტრში გადადის.

ყოფილი აფთიაქის წინ ხილის გამყიდველი ზის. ამბობს, რომ ყური მოჰკრა, აქ შეიძლება სუპერმარკეტი "ორი ნაბიჯი" ან ახალი "გერმანული აფთიაქი" გაიხსნასო. სხვა მოვაჭრეებიც კვერს უკრავენ - სმენიათ, აქ ისევ აფთიაქი გადმოდისო. დღის ბოლოს ფართის მეპატრონეს ვპოულობთ. ის ამბობს, რომ ახალი კლიენტი ჯერ არ უშოვია.

ლეონიძის ქუჩის 8 ნომრის პირველ სართულზე 120 წლის განმავლობაში იყო აფთიაქი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბოლო მოიჯარემ აქაურობა დაცალა და ითქვა, რომ გადასვლა სახლის ავარიული მდგომარეობით იყო განპირობებული, გაჩნდა შიში, რომ თბილისის ერთ-ერთმა უძველესმა აფთიაქმა შეიძლება პირვანდელი ფუნქცია, ქალაქმა კი თავისი ისტორიული მეხსიერების მნიშვნელოვანი ფრაგმენტი დაკარგოს.

დარჩება თუ არა "ოტენის აფთიაქი" აფთიაქად, მხოლოდ მეპატრონის კეთილ ნებასა და იღბალზეა დამოკიდებული - ურბანისტები და ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ თბილისის მერიას არ აქვს არც სტრატეგია და არც ხედვა, როგორ მოუაროს შენობებს, რომლებიც ქალაქის ხასიათს და ისტორიას ქმნიან.

"ოტენის აფთიაქის" გარშემო შიშს საფუძველი აქვს: თბილისში წლების განმავლობაში დაკარგეს ფუნქცია ძველმა კინოთეატრებმა, კაფეებმა, აფთიაქებმა, აუზებმა და იპოდრომმაც კი.

"ოტენის აფთიაქი" მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ვერ იყენებს ქალაქი სახასიათო და საინტერესო ისტორიებს და კულტურულ მემკვიდრეობას საზოგადო სარგებლის მისაღებად, ეკონომიკური განვითარებისთვის, ტურისტების დასაინტერესებლად.

ფერდინანდ ოტენი, გერმანელი ემიგრანტი სოლოლაკის ქუჩაზე

ეს სახლი ლეონიძის, მაშინდელი სოლოლაკის ქუჩაზე, გერმანელი ფარმაცევტის, ფერდინანდ ოტენის დაკვეთით აშენდა. ოტენების ოჯახი შენობის ზედა სართულებზე ცხოვრობდა - თავად ფერდინანდი, ცოლი, 12 შვილი და მოსამსახურეები. პირველ სართულზე მას აფთიაქი ჰქონდა გახსნილი. შენობა ისეა აგებული, რომ წინა ფასადიდან შესასვლელი მხოლოდ აფთიაქშია. ზედა სართულებზე მოსახვედრად გვერდიდან, ეზოში შემავალი თაღიდან უნდა შეხვიდე.

სადარბაზოს შესასვლელი, ლეონიძის ქ. 8, თბილისი.


გერმანელი აფთიაქარი სარდაფში დაბალ ტემპერატურაზე წამლებისთვის საჭირო ნივთიერებებს ინახავდა, სხვენში სამკურნალო მცენარეებს ახარებდა და ამუშავებდა. 1930 წლისთვის, სანამ ფერდინანდ ოტენი გარდაიცვლებოდა, შენობა მისთვის უკვე ჩამორთმეული ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას - აფთიაქი სახელმწიფოს საკუთრებაში იყო გადასული, ზედა სართულები ბოლშევიკებს “კომუნალკად” გადაექციათ და ოტენების დიდი ოჯახი კი მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ რამდენიმე ოთახში შეესახლებინათ. ოტენის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრები საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლნენ. ფერდინანდის შვილიშვილის შვილი, მარია ოტენი, ამბობს, რომ გერმანელი ფარმაცევტის 3 ვაჟი და სიძე ბოლშევიკებმა დახვრიტეს, 80 წელს გადაცილებული ცოლი კი გადაასახლეს.

ფარმაციის მაგისტრი ფერდინანდ ოტენი და მისი მეუღლე იოჰანა სტრუვე შვილებთან ერთად

“როცა ოტენებს ეს სახლი ჩამოართვეს, პირველ მცხოვრებლებად აქ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაასახლეს, დამსმენებად, რაც მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო. არიან ისეთებიც, ვინც მერე მოვიდა და ჩვეულებრივ იყიდა აქ სახლები. ოტენები აქ ცხოვრობდნენ 90-იან წლებამდე. შემდეგ გამოსყიდვაც უნდოდათ ამ სახლის, სახელმწიფოს სთხოვდნენ გამოსყიდვას და მათთვის გადაცემას, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, უკვე შეუძლებელია”, - გვეუბნება ლეონიძის 8 ნომრის ამხანაგობის თავმჯდომარე, სოფია ფალიანი.

ფერდინანდ ოტენისა და მისი აფთიაქის ისტორია ერთდროულად გერმანულ-ქართული კავშირებისა და საბჭოთა რეპრესიების ისტორიაა და იწყება მაშინ, როდესაც თბილისი რეგიონის ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი იყო ევროპელი მოგზაურებისთვის, მეწარმეებისა და არქიტექტორებისთვის. Მათ ევროპული ღირებულებები საქართველოში არქიტექტურისა და ცხოვრების წესით შემოჰქონდათ.

“ქალაქი არის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს შენობა ძეგლია და მათ შორის მემორიალური, მას აქვს არამატერიალური მემკვიდრეობის თემაც, რაც უკავშირდება მის ფუნქციურ დანიშნულებას და ამ შენობის კავშირს აფთიაქთან. ეს არის ამ შენობის არამატერიალური მემკვიდრეობა, ისტორიული მეხსიერების ნაწილი, რომელიც ზუსტად ისევე დასაცავი ფასეულობაა, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, როგორც უძრავი ძეგლი. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ აქამდე არ ვართ მისული, არ გვაქვს ეს გაცნობიერებული, ამიტომაც დავკარგეთ კიდევ ერთი ძველი აფთიაქი საკრებულოს შენობაში, სადაც ახლა “ბარბერის” მაღაზიაა”, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი.

“ოტენების აფთიაქს”, გარდა მისი სიძველისა და ისტორიისა, გამორჩეულს ხდიდა ინტერიერის თემატური მოხატულობა სამკურნალო მცენარეებით, კედლის საათი და ხის მასიური ავეჯი, რომელიც სპეციალურად ამ დაწესებულებისთვის იყო შექმნილი. სახლს თაღთან ჰქონდა ძვირფასი ლითონებით მოპირკეთებული ჭიშკარიც, რომელიც, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩამოხსნეს და წაიღეს ოტენების ძვირფას ავეჯსა და სხვა ქონებასთან ერთად.

აფთიაქში კედლების ძველი მოხატულობა შემორჩენილი აღარაა. დავაა იმაზეც, არის თუ არა ფერდინანდ ოტენის დროინდელი ის ხის ავეჯი, რომელიც დღემდე დგას აფთიაქში.

ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მოგვიანებით დამზადებული კარადებია, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებული პროვიზორის ავეჯის ანალოგის შექმნას ვერ შეძლებდნენ. როგორც უნდა იყოს, ლეონიძის 8 ნომრის პირველ სართულზე დღემდე დგას ხის მასიური კარადები და სხვა სააფთიაქო ავეჯი.

სააფთიაქო ავეჯის მცირე ნაწილი, რაც დაკეტილი კარიდან ჩანს, ლეონიძის ქ. 8, თბილისი.

“იმდენი ჭორი აგორდა, რომ აქ სუპერმარკეტი გადმოდის, ტიხრების აშენებას ვაპირებ, ავეჯის გაყიდვა მინდა, არც კი ვიცი, საიდან მოდის ეს ხმები. ავეჯის გატანა ან აფთიაქისთვის ფუნქციის შეცვლა რომ მნდომებოდა, 30 წელია პრივატიზებული მაქვს ეგ ფართი და როგორმე მოვახერხებდი. მე თვითონ ფარმაცევტი ვარ და არც მე მინდა, რომ ამ აფთიაქს ფუნქცია შეეცვალოს", - ამბობს ისტორიული აფთიაქის მფლობელი, დავით ჯაფარიძე, რომელიც ამ ფართის მფლობელი 1986 წლიდან არის. ის იხსენებს, რომ ავარიული შენობა რამდენჯერმე გაამაგრა; სცადა კიდეც ოტენების დროინდელი კედლის მხატვრობის აღდგენა, თუმცა უთხრეს, რომ შეუძლებელი იყო საბჭოთა კავშირის დროს გათეთრებული კედლებიდან ნახატების აღდგენა. ძველი ინტერიერის მისამსგავსებლად მან აფთიაქის კედლები ახლიდან 90-იან წლებში მხატვარს, დავით მონავარდისაშვილს მოახატინა.

“მინდოდა მწვანე აფთიაქი გამეკეთებინა და კედლებზეც სამკურნალო მცენარეები დავახატინე, ეს არ არის ძველი მხატვრობა. რაზეც ახლა ლაპარაკობენ, რომ შეკიდული ჭერის და კედლის პანელების უკან არის მოქცეული, ჭერის მხატვრობაც და კედლებისაც ჩემს დროს არის გაკეთებული. საბჭოთა კავშირის დროს ითვლებოდა, რომ აფთიაქი უნდა ყოფილიყო თეთრი და ამიტომ დამხვდა მე გადათეთრებული კედლები. მართლა ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ძველი იერი დამებრუნებინა აქაურობისთვის, მაგრამ ფოტოებიც კი ვეღარ მოვიძიე იმ ძველი მხატვრობის”, - ეუბნება დავით ჯაფარიძე რადიო თავისუფლებას. დღეს 90-იანი წლების მხატვრობაც ამ შეკიდულ ჭერსა და კედლის პანელებშია დამალული.

აფთიაქის ინტერიერი, სანამ GPC აქაურობის დაცლას გადაწყვეტდა. ლეონიძის ქ. 8, თბილისი

მას შემდეგ, რაც ისტორიული აფთიაქის ფართი შეიძინა, დავით ჯაფარიძე რამდენიმე წელი თვითონ ამუშავებდა, მერე გაქირავება გადაწყვიტა. ამბობს, რომ ამ სივრცის ისტორიული კონტექსტით მეტად დატვირთვაზე თვითონაც არაერთხელ უფიქრია, თუმცა კერძო მეპატრონისთვის იდეის შემუშავება, სახელმწიფო უწყებებისგან ნებართვების მოპოვება, ამ იდეის განხორციელებისთვის საჭირო თანხის მობილიზება მარტივი საქმე არ არის და ამიტომაც, საბოლოოდ ისევ ფართის გაქირავებას დასჯერდა.

ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ტიპური პრობლემები

დღეს ლეონიძის 8 ნომერი, “ოტენის სახლი” კერძო საკუთრებაა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით.

სამსართულიან ავარიულ ძეგლს, დაბზარული კედლებით და დეფორმირებული კიბეებით, ათზე მეტი მეპატრონე ჰყავს. Ზოგი აქ ცხოვრობს, ზოგს ზედა სართულებზე სასტუმრო აქვს მოწყობილი, ზოგსაც კუთვნილი ფართის გაყიდვის განცხადება აქვს გამოკრული ფანჯრებზე. სარდაფში კარაოკე ბარია გახსნილი, პირველ სართულზე სალონი, ეზოში ჩინური მასაჟი. ისტორიული აფთიაქის ადგილას კი მალე გაჩნდება ნიშანი - ქირავდება.

მას შემდეგ, რაც შენობას ავარიულობის მესამე დონე დაუდგინდა, სახლის მესამე სართული და სხვენი გაარემონტეს, სველი წერტილები დაამატეს და სასტუმროდ გადააკეთეს. ახლა მთელი ეს სივრცე, 490 კვადრატული მეტრის ფართი, სასტუმროს 7 ნომრით და ორი დამოუკიდებელი საცხოვრებელი ბინით აუქციონზე იყიდება. საგარანტიო ფასი 2 მილიონ ლარზე მეტია, ვაჭრობის ბიჯი 15 000 ლარი.

აუქციონზე გატანილი ფართის შიდა და გარე კადრები, ლეონიძის ქ. 8, თბილისი.

როგორც ლეონიძის 8 ნომრის ამხანაგობის თავმჯდომარე, სოფიო ფალიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, დამატებით 4 სველი წერტილის მოწყობა სურს მეორე სართულზე ფართის მეპატრონესაც, რომელსაც ოთახები ზუსტად აფთიაქის თავზე აქვს. სხვენზე სასტუმროს გაკეთების შემდეგ მეზობლები შეთანხმდნენ, რომ სხვაგან დამატებით სველი წერტილების გაკათების უფლებას აღარავის მისცემენ.

“ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც “ჯიპისი” აქედან გავიდა, შენობის ავარიული მდგომარეობაა. უზარმაზარი ბზარებია შიგნით. ყოველთვიურად თითქმის, წამლების ნაწილი, რაც საცავებში ჰქონდათ, უფუჭდებოდათ. როგორია, წამლები გადასაყრელი რომ გიხდება იმის გამო, რომ წყალს უშვებს მეზობელი?

დამატებით სველ წერტილებს ვეღარ უძლებს ეს ძველი სისტემა, წყალი ჩადიოდათ. იმან, ვინც სხვენზე 10 სველი წერტილი გააკეთა, სხვისი ფართებიც უკანონოდ მიითვისა და ჩარეცხა მთელი სადარბაზო”, - ამბობს სოფიო ფალიანი.

სადარბაზო, ლეონიძის ქ. 8, თბილისი

“ძალიან საინტერესო ნაგებობაა თავისი მხატვრულ-არქიტექტურული სახით, ევროპულ ყაიდაზე გაწყობილი ფასადით, მაგრამ არა მხოლოდ ფასადი არის მნიშვნელოვანი და შიდა ეზო, რომელიც თბილისური ეზოების სტრუქტურას ემორჩილება, არამედ მნიშვნელოვანია ამ სახლის ამბავი, ამ სახლის ისტორია მისი დამკვეთიდან დაწყებული, ფუნქციით დამთავრებული, ასეთი ამბებისგან შედგება ჩვენი ისტორიული მეხსიერება”, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერია.

მემორიალური აბრები ეზოში შესასვლელ თაღთან. ფერდინანდ ოტენის აქ ცხოვრების კვალი აბრებზე არ ჩანს. ლეონიძის ქ. 8, თბილისი

“ჩვენ, სამწუხაროდ, აღარ დაგვრჩა ასეთი ობიექტები. “ლაღიძე” იყო, გაიყიდა და ამ ადგილს ახლა სრულიად განსხვავებული ფუნქცია აქვს, კინო რუსთაველსაც იგივე ბედი ეწია. ტენდენცია ნამდვილად ისეთია, რომ ადვილად არის შესაძლებელი, რომ ეს აფთიაქიც დავკარგოთ. ერთადერთი რეგულაცია, რაც გვაქვს კიდეც კანონში, არის ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის გასხვისებისას ან გაქირავებისას მეპატრონესთან დადოს ხელშეკრულება, რომლითაც დააკისროს ფუნქციის შენარჩუნების ვალდებულება, თუკი ობიექტს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს”, - გვეუბნება ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი და აზუსტებს, რომ წლების წინ გასხვისებული და პრივატიზებული შენობების მეპატრონეებს ვალდებულებებს ახლა ვეღარავინ დააკისრებს.

ბოლო წლების ისტორიიდან ერთადერთი შემთხვევა, როცა სახელმწიფომ 10 წლის განმავლობაში ფუნქციის შენარჩუნების ვალდებულება დააკისრა მეპატრონეს, კინოთეატრი "აპოლო" იყო. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მცდელობა, “აპოლო” სავაჭრო ცენტრად გადაქცეულიყო, საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა და პროტესტის გამო ჩაიშალა და ისტორიული შენობა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, წლებია მიტოვებულია.

აქცია კინოთეატრ აპოლოსთან. 2 დეკემბერი, 2013 წელი, თბილისი.

თამარ ამაშუკელი დარწმუნებულია, რომ ხელშეკრულებებით შეიძლება ძეგლზე ზრუნვის ვალდებულებების და პასუხისმგებლობების დაკისრება, რაც არაერთ ძეგლს დაიცავდა. ის რუსთაველის 16 ნომერში ილია და კირილე ზდანევიჩების კედლის მხატვრობის გადაღებვის ისტორიას იხსენებს. შენობა მაღაზიას მიაქირავეს, მოიჯარემ მაღაზიისთვის “შესაბამისი” ინტერიერის მოსაწყობად პანო ისე გადაღება, რომ მისი აღდგენა ვერ მოხერხდა; ისიც კი არ იცოდა, რომ კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებდა.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი

“იქ შეიძლება აფთიაქების მუზეუმის გაკეთება, თუნდაც ისე, რომ პარალელურად აფთიაქი ფუნქციონირებდეს, სამკურნალო მცენარეები იყიდებოდეს, ტრადიციული მედიცინის ისტორიას ყვებოდე. ამან შეიძლება მეტი ეკონომიკური კეთილდღეობაც კი მოუტანოს მის მფლობელს, რომელსაც დღეს მხოლოდ ფართის გაქირავებით იღებს. არასწორია ამგვარ შენობებში ფართის ღირებულების კვადრატული მეტრებით გაზომვა, ასეთ სახლებში მისი ფასი ზუსტად იმ ამბებით იზომება, რასაც ინახავს და ეს ამბები ადრე თუ გვიან ყველას აინტერესებს, თუკი კარგად მოყვები.

ეს არ არის მხოლოდ ამ სახლის და კერძო მეპატრონეების პრობლემა. უფრო კომპლექსური სოციო-კულტურული პრობლემაა. არც ერთ აქტორს არ აქვს ხედვა, როგორ უნდა დავიცვათ და განვავითაროთ კულტურული მემკვიდრეობა”, - ამბობს თათია ღვინერია.

წყარო ლეონიძის 8 ნომრის ეზოში.

მნიშვნელოვანი ნაგებობების და მათი ისტორიების დაცვას ართულებს ის, რომ არც ქალაქს და არც სახელმწიფოს არ გააჩნია ერთიანი ხედვა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. თამარ ამაშუკელი იხსენებს, რომ 2013 წლიდან თბილისის მერიაში რამდენჯერმე იყოს მცდელობა, შექმნილიყო ფონდი, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ძეგლების მეპატრონეებს ან მათ მცხოვრებლებს საშუალებას მისცემდა, ქალაქთან თანამშრომლობით, ერთობლივი რესურსებით, თანადაფინანსების სხვადასხვა მოდელით, ეზრუნათ თავიანთ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. დღეს ქალაქის პოლიტიკაა ქუჩებისა და უბნების რეაბილიტაციის პროექტებზე მუშაობა და ეს პროცესი ცალკეული შენობების რესტავრაციას, მისი ისტორიის შენახვას თითქმის არ ითვალისწინებს.

“ვისაც რა ქუჩა და რა უბანი მოწონს, იმის რეაბილიტაციას აკეთებს. ამ სახლის გამკეთებელი ვერ იქნება მხოლოდ მეპატრონე. მთლიანად უნდა ჩატარდეს რეაბილიტაცია და გამაგრდეს ძეგლი. ეს არის პრაქტიკულად ბოლო ისტორიული აფთიაქი და პრესტიჟის საქმეც კია, რომ ის შეინარჩუნოს ქალაქმა”, - ამბობს თამარ ამაშუკელი.

თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უმეტესობა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ იქ მცხოვრებლებისთვის ხშირად კულტურული მემკვიდრეობა მძიმე ტვირთია და არა - ეკონომიკური კეთილდღეობის გასაღები.